ძალოვანმა მინისტრებმა ნაციონალების მიერ დამკვიდრებული მანკიერი ტრადიცია დაარღვიეს. საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატები გამოცხადნენ. ოპონენტთა თავდასხმის ობიექტი ალექსანდრე ჭიკაიძე გახლდა, ყველაზე ნაკლები კითხვა კი, ირაკლი ალასანიას მისამართით დაისვა.
თუ წლების განმავლობაში, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ბაჩო ახალაია პარლამენტს არ სწყალობდნენ და უწყებაში საკუთარ მოადგილეებს გზავნიდნენ, დღეს, სამთავრობო პროგრამაზე ძალოვანმა მინისტრებმა თავად ისაუბრეს. მათ გარდა, საკანონმდებლო ორგანოში, მინისტრობის ყველა კანდიდატი გამოცხდადდა, რომელთაც შესაბამისმა კომიტეტებმა დარგების მიხედვით უმასპინძლეს.
ძალოვანი მინისტრებიდან ყველაზე ლაკონურად შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა, რომელმაც უწყების სამოქმედო გეგმა წაიკითხა. მომავალი მთავრობის ახალბედა წევრს ნერვიულობა ეტყობოდა და მან ოპოზიციონერთა კითხვებს, რომელიც ძირითადად პოლიტიკურ პიარზე იყო გათვლილი, მოკლე პასუხები გასცა, რის გამოც, მან ნაციონალთა კრიტიკა დაიმსახურა.
თეა წულუკიანმა და ირაკლი ალასანიამ კი, ყურადღება უწყებაში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილეს.
ალასანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად რჩება უწყების დეპოლიტიზაციის საკითხი.
მისი თქმით, კიდევ უფრო გაიმიჯნება სამხედრო და სამოქალაქო ფუნქციები და გაგრძელდება სამხედრო-სამოქალაქო კოორდინაციის გაუმჯობესების პროცესი.
მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, თავდაცვის უწყების პრიორიტეტებად ასევე რჩება - სამხედრო განათლება, ლოჯისტიკა და ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ალასანიას ცნობით, შეირაღებულ ძალებში ხელფასები გაიზარდა, განსაკუთრებით მატება მოხდა საერთაშორისო მისიებში.
„სამხედრო მოსამსახურეთა 95 პროცენტი, ვისაც კონტრაქტის ვადა ეწურება, სურვილს იჩენს, რომ სამსახური გააგრძელოს“, - განაცხადა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, რომელიც ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მან თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ნაგებობების „დაკონსერვების“ თაობაზე გააკეთა.
ალასანიას განცხადებით, ის უკიდურესად გაკვირვებული იყო, როცა მიხეილ სააკაშვილმა მიანიშნა ის, თუ რა ხასიათის იყო ეს ზღუდეები.
„სამხედროებმა ჩვენზე უკეთ იციან, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად თუ რომელი ინფრაქტუტურული ობიექტი სჭირდებათ. მინისტრი ვარ, რომელმაც უნდა ვუზრუნველყო მათი დამოუკიდებლობა“, - დასძინა ირაკლი ალასანიამ.
აღსანიშნავია ერთი დეტალი - თუ ნაციონალები შს მინისტრობის კანდიდატს თავს დაესხნენ და განსაკუთრებით ბევრი კითხვა მას დაუსვეს, უმცირესობის ლიდერებმა თეა წულუკიანთან პოლემიკაში შესვლას თავი აარიდეს, რადგან იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა მათ სექსულაური ხასიათის ფარული ჩანაწერები გაახსენა, რომელიც ახალი მთავრობის მიერ განადგურდა.
ნაციონალებმა წულუკიანთან სიტუაციის დაძაბვას მისი მოსმენა არჩიეს, რის გამოც, მინისტრობის კანდიდატმა საკუთარ პრიორიტეტებზე ამომწურავად ისაუბრა.
წულუკიანის განცხადებით, იუსიტიციის სამინისტრო ვიზების ლიბერაზლიაციის კუთხით არსებულ სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული და მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირება მოხდება და მისი უწყება დოკუმენტის ხელმოწერამდე გიგანტური ნაბიჯებით წინ ივლის.
მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ მოსამართლეები თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებას ბედავენ.
„სასამართლო რეფორმის მეორე ტალღა მას შემდეგ იქნება შემოთავაზებული, რაც მთავრობის შიგნით კონსულტაციები ჩატარდება - მათ შორის მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან. შეჯერებული პროექტი თქვენთან მოხვდება. მთავარი მიზანია, მოსამართლე გავაძლიეროთ და მათი თავისუფლების ხარისხი ავამაღლოთ“, - განაცხადა წულუკიანმა, რომლის ინფორმაციითაც, რეფორმები უწყების შიგნითაც გატარდა, სადაც კადრების 95 პროცენტი შენარჩუნებულია.
ამას გარდა, წულუკიანი სტრასბურგში საქართველო-რუსეთის დავის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 2014 წელს გამოაცხადებს.
რაც შეეხება ალექსანდრე ჭიკაიძეს, მის მიმართ დიდი ინტერესი უმცირესობის ლიდერების გარდა, უმრავლესობის წევრებმაც გამოხატეს. მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება ირაკლი ღარიბაშილის მიერ დაწყებულ საქმეებს დაუთმო და განაცხადა, რომ წინამორბედის მიერ დაწყებულ რეფორმებს ღირსეულად გააგრძელებს.
ახალი მთავრობის კაბინეტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გამოსვლისას ღელავდა და მან „დუმილი, ოქროა რჩეულის“ შეგონებით იხელმძღვანელა და უმცირესობის კითხვათა ნაწილი უპასუხოდ დატოვა, რომელიც შეეხებოდა - გაუცია თუ არა მას უკანონო ბრძანება, დაინტერესდება თუ არა გელა ხვედელიძის საქმის გამოძიებით და გამოიძიებს თუ არა ჯარისკაცთა მოწამვლის ფაქტებს.
მინისტრობის კანდიდატმა უმცირესობის საპასუხოდ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კურსს ღირსეულად გააგრძელებს და კომფორტულია, როცა პოლიცია არის დეპოლიტიზირებული.
აღნიშნული მინისტრების გარდა, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სოზარ სუბარსა და პაატა ზაქარეიშვილსაც მოუსმინეს.
სუბარმა გამოსვლისას აქცენტი უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე გააკეთა, ზაქარეიშვილის მოსმენა კი, ნაციონალებმა არ ისურვეს და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.
სუბარის განცხადებით, საპატიმროებში რეციდივი ძალიან დაბალია, ყველაზე მძიმე დაწესებულებები დაიხურა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო.
მინისტრობის კანდიდატის ცნობით, იანვარში, რუსთავის მე-11 დაწესებულება გაიხსნება, სადაც ადრე 2700 ადამიანი იყო მოთავსებული და ერთ კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი მოდიოდა.
„პატიმრებს ამ დაწესებულებაში შრომის საშუალება ექნებათ. ამ ადამიანს აქ დაასაქმებენ და მათი ხელფასი 300 ლარი იქნება. ამ დაწესებულებაში ამერიკული კომპანია მილიონ-ნახევრის ინვესტიციას განახორციელებს, ეს კი, დიდი დარტყმაა კრიმინალური სუბკულტურისთვის, რადგან ისინი პატიმრებისგან წილს იღებდნენ და მათი შემოსავალი დაახლოებით 8 ათას ლარამდე ადიოდა. ამ პროცესისგან ბოლო ორი თვეა გავთავისუფლდით“, - დასძინა მინისტრმა.
საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა კაბინეტს ხვალ, რიგგარეშე სხდომაც მოუსმენს, რის შემდეგაც, უწყება აღმასრულებელ ხელისუფლებას ნდობას გამოუცხადებს.