ადვოკატები ეწინააღმდეგებიან ცვლილებას, რომელიც ადვოკატთა პროფესიული საიდუმლოების პრინციპს არღვევს. საუბარია „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მეშვიდე მუხლზე (პროფესიული საიდუმლოება), რომელსაც მესამე პუნქტი ემატება. ამ პუნქტის თანახმად, ადვოკატი ვალდებული იქნება, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდოს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნულ ცვლილებას გაუგებრად მიიჩნევენ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილისთვის ეს ვალდებულება იგივეა, მღვდელს კანონით დაავალდებულო, აღსარება ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აცნობოს.
საია-ს თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განმარტებით კი, კანონპროექტს არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორი აპროტესტებს, არამედ მას მხარი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმაც არ დაუჭირა. მიუხედავად ამისა, ის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს.
თავის მხრივ, ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე დავით ასათიანი აცხადებს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება განცხადებები, თითქოს, ეს ნორმა საერთაშორისო სტანდარტია.
ადვოკატი ლია მუხაშავრია ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც ადვოკატის პროფესიული ეთიკის მოთხოვნებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
„ჩვენ, ადვოკატებს, გვაქვს კლიენტის ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვის პროფესიული ვალდებულება. ამიტომ არ შეიძლება, პოლიციას ან რომელიმე პირს გავანდოთ კლიენტისგან გაგონილი ინფორმაცია. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ფინანსური სამსახური, საქართველოს მთავარი პროკურორი თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ კანონს რეალურად მიიღებენ, რადგან, თუ ჩვენი პარლამენტი არ შეისმენს ჩვენს კრიტიკას, მაშინ ევროპისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან წამოვა რადიკალური რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. მით უფრო, რომ ინაუგურაციის დროს გიორგი მარგველაშვილი გვარწმუნებდა, ჩვენ ევროპელები ვართო. ევროპაში ასეთი რამ წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.
მისივე თქმით, მხოლოდ ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კოდექსს აქვს გამონაკლისი წესი, რომლის მიხედვითაც, ადვოკატს ევალება, გაამჟღავნოს საიდუმლო, თუ მისი კლიენტი ამზადებს მკვლელობას და თან, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ეს რეალურად გამიზნული მკვლელობაა. ასევე, როდესაც ადვოკატმა იცის გვამის არსებობის შესახებ ამ მკვლელობის შედეგად. დანარჩენ შემთხვევაში, ასეთი გამონაკლისი არ დაიშვება.
ამდენად, ადვოკატის დავალდებულება, გახდეს ჩვეულებრივი მოწმის სტატუსის მქონე რიგითი მოქალაქე, სრულიად შეუთავსებელია მათ პროფესიულ მოვალეობებთან.
ადვოკატი ირმა ჭკადუა აღნიშნულ ცვლილებებს კატასტროფად მიიჩნევს, რაც ეწინააღმდეგება კანონს ადვოკატის ეთიკის შესახებ და მსგავსი ტიპის დათქმა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს. მით უფრო, იმ ქვეყნებში, რომლისკენაც საქართველო მიილტვის. ამდენად, მისთვის გაუგებარია, საიდან მოიტანეს ეს ცვლილება და რატომ გახდა საჭირო ამ ინოვაციის შემოტანა.
„საითკენ მიდიან, რომ ადვოკატი გახადონ მოთანამშრომლე ელემენტი და თავისი კლიენტის ჩამშვები? ამით ადვოკატებს ეუბნებიან, პროფესიული საქმიანობა არ შეასრულონ. როგორ შეიძლება დაიცვა იმ კლიენტის ინტერესები, რომლის შესახებაც ინფორმაციას აწვდი რომელიღაც ორგანოს? ადვოკატის შესახებ კანონში, ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონში წერია, რომ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა და საუბარი კონფიდენციალურია, ადვოკატი არ შეიძლება მოწმის სახითაც კი დაიკითხოს კლიენტის შესახებ მისთვის ცნობილ ინფორმაციასთან დაკავშირებით. არ მესმის, როგორ უნდა შეათავსონ ამ კანონთან ეს კანონსაწინააღმდეგო ნორმა, რაც სერიოზული საპროტესტო ტალღის გამოწვევის მიზეზი გახდება“, - აღნიშნავს ირმა ჭკადუა ჩვენთან საუბარში.
ამასთან, ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილება აუცილებლად გახდება ვაჭრობის საგანი, რადგან ყველა ადვოკატს შეიძლება მოედავონ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს რაღაც არალეგალური შემოსავლები ჰქონდა. ამ დროს შესაძლებელია, ამ შემოსავლების შესახებ ადვოკატმა არც კი იცოდა. ირმა ჭკადუას ისიც აინტერესებს, როგორ უნდა დაამტკიცოს ადვოკატმა, რომ ამ არალეგალური შემოსავლების თაობაზე კლიენტს მისთვის არ მოუყოლია?!