მეცხვარეები გასაჭირში არიან - ცხვრის ექსპორტი თითქმის შეწყდა

მეცხვარეები გასაჭირში არიან - ცხვრის ექსპორტი თითქმის შეწყდა

ერთ დროს მზარდი და პოპულარული ბიზნესი - ცხვრის ექსპორტი ლამისაა შეწყდეს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი 4-ჯერაა შემცირებული. ქართველი მეცხვარეები ისევ გასაჭირში ჩაცვივდნენ.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის ბექა გონიაშვილის ინფორმაციით, წლეულს ცხვრის ექსპორტი მხოლოდ აზერბაიჯანში განხორციელდა. აგვისტოს მონაცემებით, ამ ქვეყანაში 60 000 სული გავიდა.

გონიაშვილის თქმით, საქართველოში ცხვრის ექსპორტის დიდი გასაქანი 2009 წლიდან მიეცა, როდესაც უცხოეთში 266 234 სული გაიყვანეს. მომდევნო წლებში რაოდენობა მცირდებოდა და 2012 წელს 120 000 შეადგინა.

„2012 წელს არაბულ ქვეყნებში 80 000 სული გავიდა, წელს კი ამ მიმართულებით ექსპორტი შეწყდა, ვინაიდან არაბები რუმინეთსა და მოლდოვაში ცხვარს შედარებით იაფად ყიდულობენ“, - აღნიშნავს გონიაშვილი.

რაც შეეხება საქართველოს, 2009 წლამდე 1 ცხვარი 50 ლარი ღირდა, შემდეგ ფასი 150-170 ლარამდე გაიზარდა, ამჟამად კი 150 ლარამდეა.

„ერთი ცხვრის შენახვა 110-115 ლარი ჯდება თუკი მეცხვარე საძოვრის მეპატრონეა“, - აცხადებს გონაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ საძოვრის გადასახადი მაღალია და ამიტომ ტარიფი უნდა გადაიხედოს.

ჯერჯერობით სამეზობლოში ასეთი ვითარებაა: თურქეთს არ სურს ქართული ცხვრის შესყიდვა, ირანში ინტერესი თანდათან გაუქრათ. დანარჩენი ქვეყნები მიზეზად ფასის სიძვირეს ასახელებენ. დროთა განმავლობაში შუამავლობას თავი დაანებეს სომხებმაც, რომელთაც ქართული საქონელი მეზობელ ირანში გაჰყავდათ. არსად ჩანან ყატარელებიც, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ისინი დიდ ინტერესს ამჟღავნებდნენ ჩვენებური ცხვრის მიმართ.

მეცხვარეთა ასოციაციის თავჯდომარე მიიჩნევს, რომ ასეთ სურათს მეცხვარეობის სფეროში არსებული პრობლერმათა ჯაჭვი ქმნის და ვითარების გამოსასწორებლად ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადადგას.

უმთავრესი ის არის, რომ ექსპორტზე ცოცხალი პირუტყვის ფასმა იმოქმედა. შუამავლების გამოისობით 1 სული ცხვარი 180-200 ლარამდეც კი გაძვირდა. მეცხვარეებმა და უფრო კი გადამყიდველებმა, მას შემდეგ, რაც საქართველოში არაბი ვაჭრები მასობრივად ჩამოვიდნენ, საქონელი გააძვირეს. ბოლოს და ბოლოს ცხვრის ფასი არარეალურ ნიშნულს მიუახლოვდა.

გამოვიდა ისე, რომ შესასყიდი ფასისა და მაღალი სატრანსპორტო დანახარჯების გამო, ბევრმა აზიელმა ექსპორტიორმა ქართულ ცხვარზე უარი თქვა (თვითმფრინავით ერთი სული ცხვრის გადაყვანა 50 დოლარი ჯდება). ირანში 1 კგ ცხვრის ხორცის ფასი 8-10 დოლარს აღწევს. ამიტომ მისი ხორცის გატანა გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე ცოცხალი პირუტყვის ტრანსპორტირება, მაგრამ ხორცის საექსპორტოდ დაფასოება რომ მოხდეს, ამისთვის ცხვრის სპეციალიზებული სასაკლაო უნდა იყოს, რაც ქვეყანაში ჯერ არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ცხვრის საექსპორტო პოტენციალი, ჯერჯერობით, 300 ათასზე მეტი არ არის. ამ ნიშნულს მხოლოდ ერთხელ, 4 წლის წინ მივუახლოვიდით. მას შემდეგ კი ექსპორტის საქმე უკან-უკან მიდის.

გონიაშვილის ინფორმაციით, მეცხვარეებს განსაკუთრებით ცხვრის გამოზამთრება უჭირთ, რადგან საკმარისი ზამთრის საძოვრები არ არის. ადრე ცხვარი ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე მიჰყავდათ, მაგრამ ახლა ქვეყანა უკვე საძოვრების სიმცირეს განიცდის.