„მარწუხებში“ მოქცეული გიგი უგულავა პოსტს მაინც შეინარჩუნებს

„მარწუხებში“ მოქცეული გიგი უგულავა პოსტს მაინც შეინარჩუნებს

დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დაკავებულ თანანმდებობას ვადის ამოწურვამდე შეინარჩუნებს, მაგრამ მას უფლებამოსილების არეალი შეეზღუდება.

ერთი მხრივ, გიგი უგულავა პოსტზე თვითმართველობის არჩევნებამდე დარჩება და ამით ის, ერთადერთი პოლიტიკური თანანმდებობის პირი იქნება, რომელიც ნაციონალთა რიგებიდან პოსტს შეინარჩუნებს, მაგრამ მეორე მხრივ, მას საკუთარი მოადგილეების, საქალაქო სამსახურების უფროსების, მერიის ადმინისტრაციის უფროსებისა და რაიონების გამგებლების თანანმდებობებზე დანიშვნისთვის თანხმობის მიცემა საკრებულოსგან დასჭირდება.

დედაქალაქის მერის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ცოტა ხანის წინ, ირაკლი ტრიპოლსკიმ და გია ჟორჟოლიანმა „დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადეს, რომლის განხილვაც პარლამენტში დროებით, იმ მიზნით შეაჩერეს, რომ თვითმართველობის კოდექსის ინიცირება მომხდარიყო, რომლის ავტორიც მთავრობაა.

აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებულ „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში“, ადგილობრივი თვითმართველობების ფუნქციების განსაზღვრის პარალელურად, დეტალურად არის გაწერილი გამგებლის (მერის) იმპიჩმენტის პროცედურა.

კერძოდ, პროექტით, გამგებლებისთვის (მერის) უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლებია - სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, შვებულება და დროებითი შრომისუუნარობა. უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების საფუძველი კი არის, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის, ან მუნიციპალიტეტის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი შუამდგომლობა.

კანონპროექტით, შუამდგომლობა განიხილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში. გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადება მოხდება, თუ შუამდგომლობას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის 2/3.

პროექტით, საკრებულოს მიერ მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დაუშვებელია.

აღსანიშნავია, რომ მერის უნდობლობის საკითხის ინიცირება და გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადება, დაუშვებელია ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების არჩევიდან ექვსი თვის, ასევე მერის უფლებამოსილების ვადის ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

„დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ პროექტით კი განსაზღვრულია, მერის უფლებამოსილება. კერძოდ, მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების უფროსების, მერიის ადმინისტრაციის უფროსებისა და რაიონების გამგებლების თანანმდებობებზე დანიშვნის თაობაზე თანხმობის მიცემა, ასევე მათთვის უნდობლობის გამოცხადება, თბილისის საკრებულოს კომპეტენცია იქნება.

ცვლილებებით, აღნიშნული პირების მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში კი, თბილისის მერი ვალდებულია, თანანმდებობიდან გადააყენოს შესაბამისი თანანმდებობის პირი. თუმცა, თბილისის მერი უფლებამოსილი არ არის უნდობლობა გამოცხადებული პირი თანანმდებობაზე განმეორებით დანიშნოს. პროექტით, თუ საკრებულოს წევრთა მიერ წარდგენილი კანდიდატურა ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, თბილისის მერი თანანმდებობაზე ნიშნავს მისთვის სასურველ კანდიდატურას.

იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული ცვლილებების განხილვა პარლამენტში ჯერჯერობით არ დაწყებულა, არ არის გამორიცხული, ცვლილებების კორექტირება მოხდეს, რადგან for.ge-ს ინფორმაციით, ინიციატივის გარკვეული მუხლები მიუღებელია მმართველი გუნდის რიგი წევრებისთვის. „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ არსებული ფორმით წარდგენის გამო, ირაკლი ტრიპლისკიმ მთავროვის საპარლამენტო მდივან შალვა თადუმაძეს უსაყვედურა, ბიუროს სხდომაზე ცვლილებების უკან გაწვევას კი, მხარი ზურაბ ტყემალაძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ირაკლი ტრიპლსკიმ დაუჭირეს, მაგრამ პროექტი საკანონმდებლო ორგანოში განხილვისთვის დარჩა.

რაც შეეხება უმცირესობის განწყობას, ოპოზიციონერები მერის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ინიცირებულ რეგულაციებზე არ საუბრობენ და ყურადღებას ზოგადად კოდექსზე ამახვილებენ, რომელიც თითქმის, ახალი საკანონმდებლო პროექტია.

როგორც for.ge-ს მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, თვითმართველობების საქმიანობასთან დაკავშირებით ცვლილებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამზადებენ, რომელთა პროექტსაც უმცირესობა გაეცნობა.

„მთავრობის პროექტში ბევრი რამე ბუნდოვანია, მაგრამ რეგულაციები უნდა გაირკვეს და ახსნა-განმარებები გვჭირდება, რადგან არჩევნებამდე ექვსი თვე დარჩა და ის წესები არ ვიცით, რითაც არჩევნების ჩატარებას გეგმავენ“, - დასძენს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერის პოსტზე, გიგი უგულავა თბილისელებმა, 2010 წელს პირდაპირი წესით აირჩიეს. ის პოსტზე ოთხი წლის ვადით დაინიშნა.