თბილისი – ახლა უკვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისთვის ჩვეულ დროს, გვიან ღამით, განაგრძობდა მუშაობას, როგორც ჩანს ცდილობდა რა მისი ვადის ბოლო დღეების ყველა წუთის გამოყენებას. ინტერვიუში, რომელიც მან გასულ თვეში, გვიან ღამით მოგვცა და თითქმის დილამდე გაგრძელდა, სააკაშვილმა დაიტრაბახა, რომ მისი ათწლიანი მმართველობის პერიოდში, საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია რეალური დემოკრატიის დამკვიდრების გზაზე. მან კატეგორიულად უარყო მისი მისამართით არსებული ბრალდებები ავტორიტარული მიდრეკილებების შესახებ, და სინანული გამოთქვა, რომ მეტი ფული არ დახარჯა განათლებაზე და ნაკლები – შეიარაღებაზე.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის ვარდების რევოლუციის ტალღაზე მოვიდა და დასავლეთის ნებიერა გახდა (მას პრეზიდენტები და ბილ კლინტონი და უმცროსი ბუში გულში იკრავდნენ) ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა სისუსტე გამოავლინა პრეზიდენტ პუტინთან იმით, რომ სირიასთან დაკავშირებული სამხედრო მუქარა არ განახორციელა.
“რუსეთი გრძნობს, რომ ამერიკის უხეში ძალა უკან იხევს მთელი რეგიონიდან”, თქვა სააკაშვილმა, რომელიც ჩაის მიირთმევდა მოხალულ თხილთან ერთად. “ამერიკას რომ შეზღუდული ოპერაცია მაინც ჩაეტარებინა სირიაში, ეს პუტინისთვის გარკვეულ რიკს შექმნიდა. ახლა ის თითქმის დარწმუნებულია,თუ სრულად არა, რომ რაც არ უნდა გააკეთოს – გადაჭრას საქართველოს მილსადენი, დაიპყროს თბილისი, დაამხოს აზერბაიჯანის ხელისუფლება – არავინ არაფერს მოიმოქმედებს, გარდა რამდენიმე ხმამაღალი განცხადებისა და დაგმობისა”.
“აი, რა გვესმის ჩვენი ვაშინგტონელი მეგობრებისაგან” განაგრძობს სააკაშვილი, “რომ თქვენ შესანიშნავი ბიჭები ხართ. მოგვწონხართ, შესანიშნავი გადასვლა იყო დემოკრატიაზე: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, დიდი მიღწევები და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა სხვა უამრავი საზრუნავი გვაქვს. მხარს გიჭერთ. მომავალშიც მხარს დაგიჭერთ. მაგრამ, განა რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ?”
ის, რომ ვაშინგტონი კარგავს ინტერესს სამხრეთ კავკასიის მიმაართ, სადაც საქართველო ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირეა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა კვირას, სააკაშვილის მემკვიდრის, უნივერსიტეტის რექტორისა და ყოფილი განათლების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე. კონგრესმენთა დელეგაციის ნაცვლად, რომელსაც სათავეში ჩაუდგებოდა, ობამას კაბინეტის რომელიმე გამოჩენილი წევრი, ადმინისტრაციამ საქართველოში უცნობი ჩინოვნიკების ჯგუფი გააგზავნა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის რაჯივ შაჰის ხელმძღვანელობით.
სააკაშვილი არ დაესწრო ინაუგურაციას, მისი მთავრობის ბევრი ყოფილი წევრის დაპატიმრების და დევნის გამო სხვადასხვა ბრალდებებით – დაწყებული კურუფციიდან დამთავრებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით; ბევრი ასეთი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულს გავს.
პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაუშვა იმის ალბათობა, რომ სააკაშვილიც შეიძლება დააპატიმრონ და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრას. მილიარდერი ივანიშვილის პარტია “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში შარშან, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რის შემდეგაც სააკაშვილმა მისი ფინალური ვადის ბოლო წელი თანამდებობაზე ოპოზიციური ფიგურის როლში გაატარა.
ინტერვიუში სააკაშვილმა თქვა, რომ ის დარწმუნებულია და იმის მოლოდინი აქვს, რომ სამიზნე გახდება. “პრემიერმინისტრი მე მხედავს ციხეში ან დევნილობაში”, თქვა მან. “მე შევეცდები ვიბრძოლო იმისთვის, რომ მოვიპოვო თავისუფლება ჩემს საკუთარ ქვეყანაში”. მისი თქმით, ის ელოდება, რომ ყველა ბრალდებაში, რომელსაც კი წაუყენებენ მისი უდანაშაულობა დამტკიცდება, მაგრამ აღიარებს, რომ შესაძლებელია ყველა შემთხვევაში დააპტიმრონ.
“უნდა ვიჯდე ერთი წლის განმავლობაში ერთკაციან უსარკმლო საკანში, სადაც მზის სხივი არ აღწევს, რადგან მან თქვა, რომ მე შეიძლება ბავშვებს ვჭამ ცოცხლად ან უამრავი ადამიანი მოვკალი ქუჩაში?” თქვა სააკაშვილმა. “ასეთი პრობლემის წინაშე ვართ”.
კვირას, სააკაშვილის თანაშემწეეებმა განაცხადეს, რომ ის ოჯახთან ერთად ევროპაში ისვენებს, მაგრამ თქვეს რომ არ იციან რომელ ქვეყანაშია და როდის დაბრუნდება სამშობლოში. გაურკვეველია, ის უკვე ერთგვარ დევნილობაშია თუ არა.
ივანიშვილი და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ მათ ღიაობის და ცივილიზებულობის ატმოსფერო დაამკვიდრეს ქვეყანაში, გაათავისუფლეს რა სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენისაგან და დაასრულეს პოლიციის და ციხის ძალადობა. მაგრამ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ დემოკრატიის თვალსაზრისით უკან დაიხია. “ჩვენ დავუბრუნდით ერთგვარ ველურ დასავლეთს, რაც დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა პოლიტიკისათვის”, თქვა მან.
სააკაშვილის თქმით, ის ძალიან ნანობს, რომ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა არ გააგზავნა სასწავლებლად დასავლეთში. “როგორ ვისურვებდი, რომ თავდაცვაზე მილიარდით ნაკლები დაგვეხარჯა, განათლებაზე კი მილიარდით მეტი. ეს გაცილებით სერიოზული თავდაცვა იქნებოდა, ვიდრე მთელი იმ შეიარაღების შეძენა, რომელიც მაინც უსარგებლოა, როდესაც საქმე რუსეთთან კონფრონტაციამდე მიდის”.
“დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ეს არის”, თქვა მან. სააკაშვილი ამრეზით ლაპარაკობს ივანიშვილზე, რომელმაც განაცხადა, რომ ნოემბრის ბოლოს გადადგება, მას კი 31 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის.
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც კვირას ამოქმედდა ასუსტებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და აძლიერებს პრემიერმინისტრისას, რომლის ოფისიც ყველაზე ძლიერი იქნება ქვეყანაში. სააკაშვილი უარყოფს, რომ მან ამ ცვლილებებს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ პრემიერმინისტრობა თავად სურდა – გზა, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა მიმართა გახდა რა რუსეთის პრემიერმინისტრი ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ და მაინც ყველაზე ძლიერ ფიგურად რჩებოდა. “ეს მკითხეს ჯო ბაიდენმაც და ჰილარი კლინტონმაც”, თქვა მან. “მათ არასდროს უთქვამთ, რომ მე პრემიერი არ უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ ამას ისე მეკითხებოდნენ, რომ აშკარად წუხდენენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი შეიძლება პუტინის ნაბიჯს დამსგავსებოდა. მაგრამ მე მათ ბევრჯერ ვუთხარი, რომ ამას არასდროს გავაკეთებდი”.
ინტერვიუში სააკაშვილი ამბობს, რომ აღიარებს ვადების დაცვის ისტორიულ მნიშვნელობას და პატივს სცემს დროულ გადადგომას ბრძოლის გარეშე, პრაქტიკას, რომელიც ჯერ კიდევ უცხოა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისათვის”.
კიდევ ერთი გაკვეთილი უნდა იყოს ის, რომ მისი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრობა” დაბრუნდეს ხელისუფლებაში შემდეგ არჩევნებში, განსხვავებით ყველა სხვა წინამორბედი დამხობილი პარტიებისაგან საქართელოში, რომლებიც სწრაფად გაუჩინარდნენ. “გასაოცარი რამ სამყაროს ამ ნაწილში”, განაცხადა მან.
რაც შეეხება მის მემკვიდრეებს, ის ამბობს, “მათ სამი რამ უნდა გაითვალისწინონ: ცვლილებები უნდა ხორციელდებოდეს ინსტიტუტების და საარჩევნო ურნების გზით, ყველაფერს თავისი ფასი აქვს და არცერთ ვითარებაში რუსეთი ტკბილი არ არის”.
foreignpress.ge