ზაქარია ქუცნაშვილი პოლიტიკურ ამბიციას შეეწირა - დეპუტატი პოსტის გარეშე დარჩა

ზაქარია ქუცნაშვილი პოლიტიკურ ამბიციას შეეწირა - დეპუტატი პოსტის გარეშე დარჩა

ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას ზაქარია ქუცნაშვილის თანანმდებობა შეეწირა. for.ge-ს ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის 16 ნოემბრის დახურულ სხდომაზე, თანაგუნდელებმა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან ზაქარია ქუცნაშვილი გადააყენეს, რისი მიზეზიც წყაროს ცნობით, თავად ქუცნაშვილის პოლიტიკური ამბიცია გახდა.

როგორც for.ge-ს უმრავლესობაში განუცხადეს, დახურულ შეხვედრაზე, ზაქარია ქუცნაშვილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. მათი ცნობით, ქუცნაშვილმა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის შენარჩუნება ისურვა და შეთავაზებული პოსტი დაიწუნა.

„იქედან გამომდინარე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმელიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი ხდება, ეს პოსტი ზაქარია ქუცნაშვილს შევთავაზეთ, მაგრამ მან ეს თანანმდებობა იუკადრისა, რის გამოც, დღის წესრიგში მისი პოსტიდან გადაყენება დადგა“, - განუცხადა for.ge-ს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა.

წყაროს ინფორმაციით, თავის მხრივ, ზაქარია ქუცნაშვილის პასუხი მიუღებელი აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის, რის გამო, მათ ერთმანეთში ცხარე კამათი მოუვიდათ.

„ქუცნაშვილის პოლიტიკური ამბიციის გამო, პრემიერი ძალიან განაწყენდა და ბატონი ბიძინა სხდომაზევე ინიციატივით გამოვიდა, რომ ამ საკითხისთვის კენჭი გვეყარა. ფრაქციის წევრებმა ქუცნაშვილი სხდომაზევე გადააყენეს. ივანიშვილმა კი ზაქარიას უთხრა, დროებით დაისვენეო“, - აცხადებს კულუარულ საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი.

აღსანიშნავია, რომ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე, ქუცნაშვილის შემცვლელად გია ვოლსკის კანდიდატურა ბიძინა ივანიშილმა თავად წარადგინა, რომელსაც ნდობა თანაგუნდელებმაც გამოუცხადეს.

ახალ თანანმდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გია ვოლსკი მის დიპლომატიურ გამოცდილებას უკავშირებს და პროგნოზირებს, რომ უახლოეს მომავალში, მისი ფრაქცია საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებისთვის სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს.

„ჩვენთან არ არის ისე, რომ ვინმეს თავისი პოზიციის გამოხატვა შეზღუდული ჰქონდეს. მოხარული ვარ, რომ როგორც ზაქრომ, ასევე ყველამ მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას“, - აცხადებს ვოლსკი, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე პაატა ბარათაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც პროფესიით მსახიობია.

რაც შეეხება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ვინაობას, for.ge-ს ინფორმაციით, ამ თანანმდებობაზე გიორგი კახიანის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში, საგაზაფხულო სესიაზე, შუალედური არჩევნებში სამტრედიის ოლქში გამარჯვების შედეგად მოხვდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი კახიანი, რომელიც ამ დროისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრია, საკუთარი საქმიანობით მმართველ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული კანონდებელია.

კახიანი საკუთარ წინამორბედს, რომელსაც პარლამენტი უფლებამოსულებას უახლოეს მომავალში შეუწყვეტს, გუნდის ერთ-ერთ ღირსეულ წარმომადგენელად მიიჩნევს და ამბობს, რომ იმერლიშვილის დაწყებულ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს.

მომავალში, ზაქარია ქუცნაშვილის ბედს თუ რომელი დეპუტატი გაიზიარებს, ამის პროგნოზი ძნელია, მაგრამ ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ „გარჩევებს“ ადგილი ხშირად აქვს. ერთი წლის განმავლობაში, თანაფრაქციელები ერთმანეთს უკვე რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ, რისი ერთ-ერთი მიზეზიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის პოსტები გახდა. დეპუტატები - სოსო ჯაჭვლიანი, ომარ ნიშნიანიძე, გოგი ქავთარაძე და დავით ლორთქიფანიძე უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს გიორგი მარგველაშვილის რაიონული შტატებების ხელმძღვანელობას სთხოვდნენ. მოგვიანებით კი, for.ge-სთან საუბარში ომარ ნიშნიანიძემ დავით საგანელიძე პრემიერ-მინისტრთან „ამბების მიტანაში“ დაადანაშაულა.

თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე თუ რა აზრის არის თავად ზაქარია ქუცნაშვილი, ამის გარკვევა ამ დროისთვის შეუძლებელია, რადგან ის პარლამენტში ჯერჯერობით, არ გამოჩენილა.