ვის აქვს ბოდიში მოსახდელი - აფხაზებს, ოსებს თუ ქართველებს?

ვის აქვს ბოდიში მოსახდელი - აფხაზებს, ოსებს თუ ქართველებს?

„ქართველებს აფხაზებისთვის და ოსებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ“, - რიჩარ ნორლანდის ამ ფრაზამ ქართველების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

ამერიკის ელჩმა საქართველოში 20 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და მიიჩნია, რომ აფხაზებს და ოსებს ჰქონდათ იმის საფუძველი, თავი უმცირესობად ეგრძნოთ საქართველოში. უფრო მეტიც, ნორლანდს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ქართველები აფხაზებსა და ოსებს ისე ექცეოდნენ, როგორც მანამდე რუსები ექცეოდნენ ქართველებს.

„ჩემი პირადი შეხედულება თუ გაინტერესებთ, 20 წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი ეუთო-ს წინამორბედი ორგანიზაციის ეგიდით. თქვენი დინამიკა მაშინ მაგონებდა ისეთ ვითარებას, რომ ქართველები ეპყრობოდნენ ეთნიკურ უმცირესობებს დაახლოებით ისე, როგორც რუსები ეპყრობოდნენ მანამდე თავად ქართველებს. იმ პროცესში, როდესაც საქართველო ცდილობს, მიმზიდველი გახადოს თავისი თავი ამ რეგიონებისთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ალბათ, მოუწევს ისიც, რომ მოახდინოს გადაფასება, აღიაროს და მოიხადოს ბოდიში წარსულის შეცდომებისთვის. განტოლების მეორე მხარე არის ის, რომ უფრო წარმატებულად უნდა მოხდეს რუსეთთან ურთიერთობების მართვა, რადგან რუსეთი უდავოდ შეეცდება გამოიყენოს სისუსტეები. მაგრამ, გამოცდილება იმ ქვეყნებისა, რომლებიც რუსეთის პერიფერიაზე მდებარეობენ, გვაჩვენებს, რომ ამ ურთიერთობების მართვა შესაძლებელია წარმატებულად კონფლიქტების თავიდან აცილებით“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ამ საკითხთან მიმართებით ბრიტანელი პროფესორის - ჯორჯ ჰიუიტის გახსენება პარალელად არ გამოდგება, მაგრამ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ თავის დროზე ქართველების აღშფოთება დაიმსახურა ჰიუიტის, როგორც „აფხაზების სიძის“, განცხადებებმა, რაც ქართველებმა აფხაზური სეპარატიზმის მხარდაჭერად ჩათვალეს. არადა, აფხაზი ქალბატონის, ზაირა ხიბას ცოლად მოყვანამდე ჰიუიტი საქართველოს თავის მეორე სამშობლოს უწოდებდა. თუმცა ქართველებთან კონტაქტი ჰიუიტმა 1989 წლის 21 ივლისს შეწყვიტა, როცა გამოაქვეყნა წერილი „უცხოელის დაკვირვებანი აფხაზებისა და ქართველების დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებაზე“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აქტიური მომხრეობა გამოამჟღავნა.

რაც შეეხება რიჩარდ ნორლანდს, საზოგადოებაში ფიქრობენ, რომ გამორიცხული არ არის, მას მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია ჰქონდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოვლენები შედეგით იზომება, შედეგი ისაა, რომ ამ რეგიონებში სწორედ ქართველების ეთნოწმენდა განხორციელდა და საკუთარი მიწიდან აყრილი ჩვენი მოსახლეობა დევნილად იქცა. იმის გამო, რომ უცხოელებს უჭირთ, გაერკვნენ ჩვენს კონფლიქტებში, ხომ არ უნდა მივაწოდოთ მათ მეტი ინფორმაცია რეალობის შესახებ?!

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია რიჩარდ ნორლანდის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ, თუკი ელჩი ნორლანდი არ დააზუსტებს ამ გამონათქვამს, გაუგებრობას ვერ ავცდებით, ვინაიდან საქართველო, როგორც სახელმწიფო, სულ რაღაც 22 წელია არსებობს და მანამდე ის სუვერენულ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა.

მისი თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიც“ საქართველოს სსრ-ს ფარგლებში შექნილია სსრკ-ს ცენტრალური ხელისუფლების მიერ და ქართველებს ეს ტერიტორიები არასოდეს დაუპყრიათ. ერთადერთი ომი, რომელიც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელმა ქვეყანამ აწარმოა, იყო 1992-1993 წლის აფხაზეთის კონფლიქტი, რომელშიც „ხელისუფლებად“ წოდებული ერთი მხარე (შევარდნაძე-კიტოვანი-იოსელიანი) მონაწილეობდა.

ამდენად, მისთვის გაურკვეველია, თავად ქართველებს ვინ უნდა მოუხადოს ბოდიში ამდენი დევნილის და ლტოლვილის გამო?! მით უფრო, რომ „გეტოს ტიპის დასახლებებში - წეროვანთან და გორთან, ქართველი ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ.

აფხაზებისა და ოსების წინაშე აქვს თუ არა ბოდიში მოსახდელი ქართულ მხარეს? ამის შესახებ ექსპერტებს ვესაუბრეთ.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური მიიჩნევს, რომ, პირიქით, მეორე მხარეს აქვს ბოდიში მოსახდელი, მაგრამ ეს უკვე აღარ არის სალაპარაკო თემა. ისტორიკოსს აინტერესებს, ვინ იჩაგრებოდა საქართველოში? ოსებს ხომ ცხინვალის პედაგოგიური უნივერსიტეტი ჰქონდათ, სადაც ოსეთის ისტორია იწერებოდა?! აფხაზებს თავიანთი ტელევიზია და რადიო ჰქონდათ და მათი ისტორიაც ჩვენთან დაიწერა, მაშინ, როცა საერთოდ არსად იყო ოსური სკოლა, არც უშუალოდ „ჩრდილოეთ“ ოსეთში, ის მხოლოდ საქართველოში ფუნქციონირებდა. ამიტომ, რომელ ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზეა საუბარი?!

„რიჩარდ ნორლანდს სიმართლის გაგება თუ სურს, მარტო ერთ მხარეს კი არ უნდა მოუსმინოს, უნდა შეკრიბოს ისტორიკოსები, დაგველაპარაკოს და გვკითხოს, რა მოხდა სინამდვილეში. წესიერად გაარკვიოს, რა ხდება. უმთავრესი არის ის, რომ ისტორიულად ეს არის საქართველოს მიწა-წყალი. აფხაზეთიდან 250 ათასი ქართველი გამოყარეს, სწორედ ქართველებს მოუწყეს გენოციდი და ეთნოწმენდა, აფხაზებისთვის კი არ მოუწყვიათ. ეს ყველაფერი თავსმოხვეულია და მესამე ძალის მიერ შემოგდებულია. როდის იყო ქართველებსა და ოსებს შორის წინააღმდეგობა? 1918-21 წლებში და ახლა, დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს. 80-ან წლებში ექსპედიციებში დავდიოდი ჩვენს ცხინვალის რეგიონში, რასაც ავტონომიური ოლქი დაარქვეს, მოვლილი მაქვს ეს ტერიტორია და არავითარი დაძაბულობა ქართველებსა და ოსებს შორის არ ყოფილა. 90-ანი წლების შემდეგ უკეთესობისკენ მიდიოდა საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გაუარესებისკენ მიიყვანა“, - აცხადებს გიორგი ოთხმეზური და იმედოვნებს, რიჩარდ ნორლანდის განცხადება ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული და არა რაიმე პოლიტიკური მოსაზრებით.

ამასთან იხსენებს, რომ, როგორც წესი, რაიკომის მდივანი, აღმასკომის თავმჯდომარე, მთავარი მოსამართლე, პროკურორი, მილიციის უფროსი, კულტურის განყოფილების გამგე აფხაზეთში აუცილებლად აფხაზი იყო, ხოლო ცხინვალის რეგიონში - ოსი. ასე რომ, მათთან არავითარი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკი თქმით, რიჩარდ ნორლანდს მისი ადვოკატობა არ სჭირდება, მაგრამ რატომღაც არ დავაკვირდით ერთ მომენტს, რომ ნორლანდის აზრით, ქართველები 20 წლის წინ სცოდავდნენ აფხაზებისა და ოსების მიმართ. ამდენად, გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ აქ საუბარია უშუალოდ 20 წლის წინანდელ პერიოდზე. თუმცა მასზე ადრე, ანუ მთელი საუკუნეების მანძილზე და შემდგომ პერიოდშიც, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობით და არცერთხელ საქართველოში ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება არ მომხდარა. სწორედ ამით არის საქართველო მთელ მსოფლიოში გამორჩეული.

„20 წლის წინანდელ შეცდომებზე როცა გვითითებენ, შეიძლება, გარკვეულწილად, არის ამაში რეალობა. მით უმეტეს, თუ ეს ნორლანდის პირადი აზრია. მართლაც იყო ასეთი გადაცდომები, ამას არავინ მალავს და ეს არ არის რიჩარდ ნორლანდის აღმოჩენა. თუმცა, ეს სამწუხარო პერიოდი არ შეესაბამება საქართველოს არსს, შინაარსს და მისი ხალხის განწყობას ეროვნული უმცირესობის მიმართ. არა მგონია, ნორლანდი ვინმეს შეცდომაში შეეყვანა. უბრალოდ, ამ თემის უტრირება და მასზე რაიმის აგორება, თითქოს, ეს არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია, სწორი არ არის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი აზრით, რიჩარდ ნორლანდის პირადი აზრის მიუხედავად, იმ სტრატეგიით იმოქმედებს საქართველო, რაც მის ეროვნულ ინტერესებში იქნება და, რაც საუკეთესოდ მოემსახურება კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიას.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე აცხადებს, რომ გასაანალიზებელია, როგორ განვითარდა იმ პერიოდის მოვლენები. მისი აზრით, შეცდომები ქართული მხრიდან მართლაც დაშვებული იყო, რადგან პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ჩვენ უფრო მეტი მოგვეთხოვებოდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მეტნი ვიყავით, სახელმწიფოებრიობის შეგრძნება გვქონდა და ჩვენი ინტელიგენციისა და განათლებიდან გამომდინარე, უფრო მოქნილები და დიპლომატიურები უნდა ვყოფილიყავით.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ძალისმიერ პოლიტიკაზე აქცენტი მცდარი ნაბიჯი იყო, რაც რუსეთის მოედანზე გასვლას ნიშნავდა. თუმცა ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და სამოქალაქო ომის ფსიქოლოგიით დაუფიქრებლად შევცვივდით ჩვენსავე პერიფერიებში -აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რაც რუსეთმა კარგად გამოიყენა, ქართველების ეთნოწმენდა მოაწყო და ახლა აფხაზებისა და ოსების მონელებით არის დაკავებული.

რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, აკია ბარბაქაძის აზრით, მთავარია, შეცდომები გავითვალისწინოთ და ტერიტორიის დაბრუნებამდე აფხაზებისა და ოსების გულები მოვიგოთ.

„რასაც ნორლანდი იძახის, რომ, როგორც რუსები ექცეოდნენ ქართველებს, თურმე ქართველებიც ისე ექცეოდნენ აფხაზებსა და ოსებს, მთლად ასე არ არის. ეროვნული უმცირესობა ჩვენთან არ იჩაგრებოდა, პირიქით, ისინი ბრწყინვალედ ცხოვრობდნენ და 125 ათასი შერეული ოსურ-ქართული ოჯახი იყო. ჩვენსკენ უფრო მეტი ოსი ცხოვრობდა, ვიდრე ავტონომიურ ოლქში. უბრალოდ, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის თემა არის ამოსაწევი და გასაანალიზებელი, თუ როგორ მიმდინარეობდა რუსულ-თურქული ექსპანსია, როგორი წმენდა ჩატარდა ორივე მხრიდან და როგორ დაზარლდა ამით ქართული სახელმწიფო. მარტო რუსეთზე აქცენტი არ უნდა გადავიტანოთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ურთიერთშეთანხმებული მოქმედება იყო ბოლშევიკური რუსეთისა და თურქეთის მიერ. 1921 წლამდე რუკას თუ დავხედავთ და დღევანდელ რუკას შევადარებთ, საქართველო კატასტროფულად პატარავდება. ამას კი, ყველა შემთხვევაში, ახლდა ქართველების ეთნოწმენდა“, - აცხადებს აკია ბარბაქაძე.

მისი თქმით, რუსებთან საუკუნეობრივი ურთიერთობა გვქონდა, ისინი წლობით ცხოვრობდნენ საქართველოში და მათმა უმრავლესობამ ქართული ენა, ისტორია, ადათი არ იცოდა. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენზეც. მიუხედავა იმისა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შერეული ოჯახები საკმაოდ გვყავდა, ძალიან ცოტა ქართველმა იცოდა აფხაზური ენა და აფხაზებმა უფრო კარგად იცოდნენ ქართული. ამდენად, სამხედრო ექსპერტის აზრით, შესაძლოა, ეს იყოს პარალელი რუსებსა და ქართველებს შორის და ეს „უფროსი ძმის“ სინდრომიდან გამომდინარეობს - ჩვენ მეტნი ვართ და შეგვიძლია ასე მოვიქცეთ, რაც შეცდომა იყო.

უფრო მეტიც, თუ გავითვალისწინებთ წითელ ტერორს, რაც ბოლშევიკებმა ჩაგვიტარეს ბერიას და ეჟოვის პერიოდში, აფხაზები ამას უყურებდნენ, როგორც ქართველების მიერ მოწყობილ გენოციდს და არა - რუსეთიდან წამოსულ წითელ ტერორს. ჩვენ კი ესეც ვერ მივიტანეთ და ვერ გავაგებინეთ აფხაზებს. ეს გაუცხოება კი, აკია ბარბაქაძის შეფასებით, ისტორიკოსების, მეცნიერების, საზოგადოების ბრალია.

„სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო მე-20 საუკუნის დასაწყისსა და ბოლოში ორჯერ შევეხეთ აფხაზების გადარჩენის ინსტინქტს. ამაში ჩვენ ვართ დამნაშავე თუ ისინი, მთავარი არ არის. შედეგებზე თუ ვილაპარაკებთ, რუსების კლანჭებში ჩავარდნის შემდეგ, აფხაზებს უფრო მეტი აქვთ დასაკარგი. ამიტომ ყველა შეცდომა უნდა განვიხილოთ და დაახლოებას შევეცადოთ. მაგნიტი იზიდავს და განიზიდავს კიდეც ლითონს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვიზიდოთ აფხაზი და ოსი ძმები“, -ასეთია აკია ბარბაქაძის პოზიცია.