კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

2008 წლის ფინანსური კრიზისის მიზეზების გამომძიებელმა აშშ-ს ფედერალურმა კომისიამ ძირფესვიანი კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ დამნაშავე არიან ბანკირები, ფინანსური მარეგულირებლები და პოლიტიკოსები. ანუ, არა ბუნებრივი კატაკლიზმები ან რამე ამდაგვარი, არამედ კონკრეტული ხორციელი ადამინები.

როგორც დადგინდა, ბანკები საკუთარ თავზე ძალზე დიდ რისკებს იღებდნენ, მარეგულირებელი ორგანოები კი ყველაფერი ამის თავიდან ასაცილებლად არაფერს აკეთებდნენ. ანუ, კრიზისი გახდა ადამინთა როგორც მოქმედების, ასევე უმოქმედობის შედეგი. ამერიკის ფინანსური სისტემის ლიდერები გაფრთხილებებს იგნორირებდნენ და ვერ შეძლეს გაეაზრებინათ რისკები და სათანადო ზომები მიეღოთ, რომ ამერიკელებისათვის და მთელი მსოფლიოსათვის ეგზომ დამანგრეველი კრიზისი აერიდებინათ.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური კრიზისის მიზეზების გამომძიებელმა ფედერალურმა კომისიამ გააკრიტიკა ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავკაცი, ლეგენდარული ფინანსისტი ალან გრინსპენი. კომისიის წევრებმა იგი ეკონომიკაში მთავრობის ჩარევის ლიბერალიზაციასა და შემცირებაში დაადანაშაულეს. როგორც ცნობილია, სწორედ გრინსპენის მოღვაწეობის პერიოდში განხორციელდა ეკონომიკის განთავისუფლებისაკენ მიმართული ამგვარი რეფორმები, რამაც მაშინ დიდი მოწონება დაიმსახურა და მნიშვნელოვან ნაბიჯად იქნა აღიარებული.

ფედერალური კომისიის წევრთა აზრით, კრიზისის მაპროვოცილებელი ფაქტორები გახლდათ: 1. ფინანსური რეგულირების სფეროში სერიოზული ჩავარდნები, მათ შორის, ფედერალური სარეზერვო ფონდის მიერ „ტოქსიკური“ იპოთეკური სესხების გავრცელების შეჩერების უუნარობა.

2. კორპორატიული მმართველობის სფეროში სერიოზული დარღვევები, რასაც გაუაზრებელი მოქმედება და რისკიანი გადაწყვეტილებები მოჰყვა.

3. მოქალაქეთა მიერ აღებული ძალზე დიდი ვალები.

4. თანამდებობის პირთა მიერ ფინანსური სისტემის ფუნქციონირების საფუძვლების არცოდნა, ვერგაგება ან სულაც უგულებელყოფა.

5. ანგარიშვალდებულების საფუძვლების ყველა დონეზე უგულებელყოფა და დარღვევა.

აგრეთვე დასკვნაში აღნიშნულია, რომ რთული ფინანსური ინსტრუმენტების შექმნამ განაპირობა ვალების არდაბრუნების პროვოცირება და ამ „გადამდები სენის“ გავრცელება, როცა იპოთეკური ფონდების დეფოლტები დაიწყო. გარდა ამისა, გარკვეულწილად ბრალეული არიან რეიტინგული სააგენტოები, რომლებმაც რისკებში დროულად ჩაწვდომა ვერ შეძლეს.

დასახელდა დამნაშავე კონკრეტული პიროვნებებიც. ზემოთ მოხსენიებული ალან გრინსპენის გარდა, კომისიის წევრთა აზრით, კრიზისის გავრცელება ჰენრი პოლსონის და ტიმოთი გაიტნერის, ანუ, აშშ-ს ყოფილი და ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრების სინდისზეა.

უნდა ითქვას, რომ ფინანსური კრიზისის მიზეზების გამომძიებელი ფედერალური კომისია დემოკრატიული პარტიის ექვსი და რესპუბლიკური პარტიის ოთხი წარმომადგენლისგან შედგება. ცხადია, ამან სიტუაციაში, როცა დემოკრატები თითს უოლ სთრითისაკენ, ხოლო რესპუბლიკელები კლინტონის ადმინისტრაციისაკენ იშვერენ, გარკვეული როლი ითამაშა. რესპუბლიკელები არანაირად არ ეთანხმებიან გრინსპენის დადანაშაულებას და აცხადებენ, რომ დაბალშემოსავლიანი ფენებისათვის იპოთეკური კრედიტების იოლად გაცემას საფუძველი ჯერ კიდევ ბილ კლინტონის პერიოდში ჩაეყარა.

თუმცა, ორივე პარტიის წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ ადრე გავრცელებული მოსაზრება, რომ კრიზისი ყველა ვარიანტში მოხდებოდა და მისი თავიდან აშორება შეუძლებელი იყო, სრული მითია.