უმცირესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

უმცირესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს და მის მთავრობას პარლამენტი სავარაუდოდ, 20 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადებს ნდობას. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მომავალ კვირას პრეზიდენტ მარგველაშვილს მიმართავს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო უმცირესობა, ამის მიზეზი კი მათივე განმარტებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლაა.

კანონის თანახმად, ახალ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უმრავლესობამ უნდა წარუდგინოს და შემდეგ პრემიერ-მინისტრს პარლამენტში შემოჰყავს თავისი გუნდი - ახალი მინისტრთა კაბინეტი. მთავრობის დამტკიცების გეგმებთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს შეაჯერებს პრეზიდენტთან და მთავრობასთან, რადგან რეგლამენტი გარკვეულ პროცედურებს ითვალისწინებს, როცა უმრავლესობის მიერ შერჩეული და პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილი პიროვნება მთავრობას შეადგენს და პარლამენტს წარმოუდგენს.

„იმ მომენტიდან პარლამენტის ბიურო უნდა შეიკრიბოს და დაადგინოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში, უმრავლესობაში, უმცირესობაში მთავრობის პროგრამის განხილვის გრაფიკი. შემდგომ განხილვის შედეგები ბიუროს სხდომაზე უნდა შეჯამდეს. ბიუროს სხდომის მომდევნო დღეს შესაძლებელია პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.

კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით გარკვეულ ვადებს გვაძლევს - ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარმოდგენიდან შვიდ დღეში პროცედურები უნდა დავასრულოთ. შვიდი დღე არის მაქსიმუმი, თუმცა ეს შეიძლება სამ-ოთხ დღეში დასრულედეს. ამიტომ, ალბათ, ოთხშაბათს მოგვიწევს პლენარული სხდომის გამართვა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

უკვე ცნობილია, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში საფუძვლიანი ცვლილება არ იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის თქმით, მთავრობის წევრები ერთი წლის განმავლობაში მიეჩვიენ ერთად მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს სწრაფ და ეფექტურ მუშაობას.

„ველოდები, რომ უფრო მობილური და ეფექტური იქნება ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა, რადგან ეს მთავრობა უკვე შეთამაშებული გუნდია. უფრო სწრაფად მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. ერთი მხრივ, ეს ხალხი მიეჩვია ერთად მუშაობას და მეორე მხრივ, თითქოს, გასწორდა პოლიტიკური ველი. ბოდიშს ვიხდი დღევანდელ პრემიერთან, მაგრამ ის მთავრობა იყო ეფექტური, თუმცა, ახალი უფრო ეფექტური გახდება“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

მთვარობისთვის ნდობის გამოცხადებაში მონაწილეობას არ მიიღებს ყოფილი მმართველი ძალა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი თევდორაძე for.ge-სთან საუბრისას იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც უმცირესობა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„იმ პირობების გათვალისწინებით, როდესაც ქვეყანა მიდის ეკონომიკური კოლაფსისკენ და მთავრობას არ ჰყოფნის გონიერება იმისთვის, რომ ამ პრობლემებს თვალებში შეხედოს; როდესაც ჩვენი საგარეო კურსი არის ბუნდოვანი და მხოლოდ და მხოლოდ, გარეკვეული განცხადებების და რიტორიკის დონეზე ფიქსირდება, რომ საქართველო ინარჩუნებს თავის ევროატლანტიკურ კურს, მაგრამ საპირისპირო მოქმედებები ხდება ხელისუფლების მხრიდან; იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა არის მცოცავი ოკუპაციის და სადემარკაციო ხაზის გადმოწევის მუდმივი და პერმამენტული ობიექტი და ხელისუფლებას არ ჰყოფნის პრინციპულობა, რომ პრინციპული პოზიცია დაიჭიროს; იმ პრობებში, როდესაც კრიმინალის დონე მომატებულია ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ვიკვებებით ჰაერიდან მოტანილი სტატისტიკით, რომელიც შევარდნაძის დროინდელი შსს-თვის იყო დამახასიათებელი, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს იმ მთავრობას და იმ გუნდს, რომელესაც ქვეყანა მიჰყავს წარსულისკენ, იმ წარსულისკენ, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ვცდილობდით, რომ გავქცეოდით“, - აცხადებს გიორგი თევდორაძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ამბობს, რომ უმცირესობის მხარდაჭერის გარეშე იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

„ეს არაა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა, ეს არის მთავრობა რომელსაც ხალხის ნდობა და ხალხის მხარდაჭერა აქვს. ჩვენ ვერ დავაძალებთ გინდა თუ არა მხარი დაუჭირეთ ირაკლი ღარიბაშვილს და მის ახალ შემადგენობას. რაც შეეხება მათ ბრალდებას, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი ამოცანა და მთელი ჩვენი საგარეო პოლიტიკა სწორედ აქეთკენ არის მიმართული.

არაერთ დოკუმენტშია ეს დაფიქსირებული, მათ შორის საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა და რომელსაც ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც ცხადად არის ჩვენი საგარეო ვექტორი აღნიშნული - ეს არის ორიენტაცია ევროპისკენ და არა რუსეთისკენ. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვინდა და იმ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრა, რაც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობისგან“, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები და უფრო მეტად გადმოწეული საზღვარი, ვიდრე ეს იყო 2008 წლამდე. „ნაციონალებს“ თავისი რიტორიკით და თავისი საგარეო პოლიტიკით წარმატებისთვის არ მიუღწევია“, - აცხადებს - for.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძე.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ ახალი მთავრობის პირობებში აუცილებლად მოხდება ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, ხელი მოეწერება თავისუფალი და ყოვლისმომცვლელი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რომელიც მისი თქმით, ბევრად წინ წაწევს ქვეყანას ეკონომიური და პოლიტიკური თვალსაზრისით.