[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
ტუნისში, ეგვიპტესა და იემენში მომხდარი სოციალური კატაკლიზმები გლობალურ ეკონომიკას ახალი რეცესიით და, უფრო მეტიც, შესაძლოა, კიდევ ერთი ღრმა კრიზისით ემუქრება. მიმდინარე მოვლენებმა მსოფლიოს ბირჟებზე უკვე ასახვა ჰპოვა, მაგრამ თუ არეულობა ახლო აღმოსავლეთსაც გადაწვდება, სადაც მსოფლიოს ნავთობის მარაგის მესამედი და ბუნებრივი აირის მარაგის ნახევარია თავმოყრილი, შედეგები, შესაძლოა, კატასტროფული იყოს.
ახლო ისტორიის ცალი თვალით გადახედვაც კი ცხადყოფს, რომ უხშირეს შემთხვევებში, ამგვარ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებს მსოფლიოში ეკონომიკური სიტუაციის გაურესებს მოჰყვა. მაგალითად, 1973 წლის „განკითხვის დღის ომის“ - ისრაელისა და არაბული სამყაროს რიგით მეოთხე დაპირისპირების შემდეგ წლებში გლობალური სტაგნაცია და ინფლაცია გამეფდა. ერაყის 1980 წლის რევოლუციამ ორწლიანი რეცესია მოიტანა, ერაყისა და კუვეიტის ომს 1991 წელს მწვავე კრიზისი მოჰყვა და ა.შ. ბევრი ანალიტიკოსი 2008 წლის კრიზისს ამერიკა-ერაყის ომს უკავშირებს.
მაშ როგორ, ნავთობისა და სხვა მნიშვნელოვანი ნედლეულის გაძვირება ხომ უმალ აისახება ცალკეული ქვეყნებისა და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკაზე. 2008 წელს „შავ ოქროზე“ დაფიქსირებული სარეკორდო ფასები აშშ-ს, იაპონიის და ევროპისათვის შოკისმომგვრელი იყო და არსებული საბანკო კრიზისი პირობებში ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი მოახდინა.
ახლა კი არსებობს იმის საფრთხე, რომ ქაოსი გადაედება იორდანიას, იემენს, ბაჰრეინს, სირიას და თვით შაუდის არაბეთსაც კი. მოგეხსენებათ, ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების დიდი იმედი არავის არ ჰქონია. და რა შეიძლება მოჰყვეს მცირედ დესტაბილიზაციას რეგიონში, სადაც ისედაც უამრავი პრობლემა არსებობს და რომელიც ნავთობისა და გაზის მარაგის გარდა, როგორც იტყვიან, დენთის კასრზე ზის, იოლი წარმოსადგენია.
როგორც ცნობილია, ნავთობის ფასმა ზრდა ჯერ კიდევ ტუნისურ-ეგვიპტურ მღელვარებამდე დაიწყო, შემდეგ კი მკვეთრად მოიმატა. მართალია, ეგვიპტე თავად საკმაოდ მცირე ნავთობს მოიპოვებს, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, დიდია ქაოსის გავრცელების საფრთხე. ამასთან, ეგვიპტეზე გადის სუეცის არხი, რომელსაც ნავთობის და სხვა ტვირთების გატარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, არხი დღე-ღამის განმავლობაში 4 მილიონ ბარელ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ატარებს, რაც გლობალური მოცულობის 4,5 პროცენტია. კიდევ 1,1 მილიონი ბარელი ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაჭიმულ ნავთობსადენს გაივლის. აქვეა გაზსადენიც. ეკონომისტების შეფასებით კი ნავთობზე ფასის 10 პროცენტით ზრდა მსოფლიოს შიდა პროდუქტის მატების მინიმუმ 0,25 პროცენტით შემცირებას გამოიწევევს. საერთოდ, სუეცის არხზე მოდის მსოფლიო ვაჭრობის 10 პროცენტი.
სხვა ნედლეულიდან, რომლებზეც ფასის ზრდა აგრეთვე მოსალოდნელია, გამოყოფის ღირსია სპილენძი, რომელიც უკვე სარეკორდო მაჩვენებლამდე – 9880 დოლარი/ტონა გაძვირდა. ოქრო ჯერჯერობით, უბრალოდ იმიტომ არ ძვირდება, რომ ფასების ზრდა გაცილებით ადრე დაფიქსირდა და იგი ისედაც კატასტროფულადაა გაძვირებული.
ამიტომაც არის, რომ ამერიკული საფონდო ინდექსები გამუდმებით მცირდება და უკვე კრიზისამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ამგვარი მდგომარეობაა მსოფლიოს ყველა წამყვან ბირჟაზე. ამიტომაც არის, რომ ანალიტიკოსები სიტუაციის კიდევ უფრო გართულებას ძალიან უფრთხიან და მოვლენათა არადაიმედებელი სცენარით განვითარების შემთხვევაში „ორმაგი ფსკერის“ რეცესიას წინასწარმეტყველებენ.