ამერიკის სენატი აკრიტიკებს რუსეთს ევროკავშირის ასპირანტებზე ზეწოლის გამო

ამერიკის სენატი აკრიტიკებს რუსეთს ევროკავშირის ასპირანტებზე ზეწოლის გამო

14 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის კომიტეტმა გააკრიტიკა რუსეთი იმ „სერიოზული ზეწოლისათვის“, რასაც ის იმ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ახორციელებს, რომლებსაც ევროკავშირთან მიერთება უნდათ.

კრის მერფიმ, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობების ევროპის საქმეთა ქვეკომიტეტის ხელმძღვანელია, განცხადება გააკეთა მოსმენებზე აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ქვეყნების შესახებ, რომლებიც ერთ დღეს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანდნენ.

„უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და ბელარუსი თავისუფლები უნდა იყვნენ საკუთარი მომავლის განსაზღვრაში. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ ევროატლანტიკური ინსტიტუტების კარი ღიაა, და თუკი თქვენ მოემზადებით და შესაბამის პირობებს დააკმაყოფილებთ, ჩვენ მხარს დაგიჭერთ“, განაცხადა მერფიმ.

მერფიმ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის მხრიდან აკრძალვების დაწესება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პროდუქციაზე.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რუსეთი მთელ ამ კონტექსტს აღიქვამს, როგორც თამაშს ნულოვანი საწყისით და სერიოზულ ზეწოლას ახორციელებს [აღმოსავლეთ] პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაზე, რათა გადააფიქრებინოს მათ ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცება. ჩვენ ვხედავთ ღვინის იმპორტის აკძალვას მოლდოვიდან, შოკოლადისას – უკრაინიდან, სასუქისას – ბელარუსიდან, და სიას, რომელიც იზრდება და იზრდება“, თქვა მერფიმ.

ევროკავშირი გეგმავს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერას უკრაინასთან ვილნიუსის სამიტზე 28-29 ნოემბერს. ბლოკი გადაწყვეტს ასევე მსგავსი შეთანხმებების პარაფირების საკითხს ევროკავშირის ასპირანტ ქვეყნებთან – მოლდოვასა და საქართველოსთან.

კომიტეტის წევრებმა იმ ქვეყნებში არსებულ პროგრესზე, რომლებსაც ევროატლანტიკური მისწრაფებები აქვთ, შეკითხვები დაუსვეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდს.

„ისტორიული მომენტი“

ნულანდის თქმით, სამიტი შესაძლოა „ისტორიული მომენტი“ გახდეს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ასევე „გადამწყვეტი ნაბიჯი იმ ოცნების ასრულების გზაზე, რომ ერთ დღეს ისინი შეიძლება ევროპის სრულყოფილი ნაწილი გახდნენ“.

მან თქვა, რომ სამივე ქვეყანამ „ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მათი სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები ევროკავშირის სტანდარტებს დაახლოებოდა, ასევე საკუთარი პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკური და ენერგეტიკული ბაზრების მოსამზადებლად ევროპასთან უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის“.

ნულანდმა საქართველო გამორჩეულად შეაქო.

„ქართველებმა უზარმაზარი ნაბიჯი გადადგეს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, დიდწილად ისეთი ძალისხმევების გზით, როგორიცაა ყველა სამთავრობო კონტრაქტების ინტერნეტში განთავსება, ისეთი ტიპის რაღაცებით, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებშიც შეიძლება გაკეთდეს“, თქვა ნულანდმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მართალია, უკრაინამ ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციისათვის ვილნიუსის სამიტამდე 18-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა, მაგრამ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, თუკი სამიტზე თანხმობის მიღება უნდა.

„უკრაინას სჭირდება სამი მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირის პირობების დაკმაყოფილებისა და ვილნიუსში ხელმოწერის მიღებისათვის.

მან უნდა მიიღოს მართლმსაჯულებასა და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები, ასევე გადადგას ნაბიჯი დაპატიმრებული ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებისათვის, რათა მან იმკურნალოს“, თქვა ნულანდმა.

ნულანდმა კომიტეტის წევრებს განუცხადა, რომ რუსეთთან დისკუსიების დროს, ამერიკელი ჩინოვნიკები ამხნევებენ მოსკოვს, რომ მან დაინახოს სარგებელი უფრო ღრმა ინტეგრაციაში მისი მეზობლების ეკონომიკასა და ევროკავშირის 500-მილიონიან მომხმარებელს შორის, „იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მეტი შეძლებული მეზობელი უფრო მეტ რუსულ ექსპორტს შეიძენს“.

foreignpress.ge