„ამაღლებული, ზომიერი, კულტურული, თავშეკავებული და საქმიანი“

„ამაღლებული, ზომიერი, კულტურული, თავშეკავებული და საქმიანი“

საქართველოს სახელმწიფო დროშა, ორკესტრის გუნდის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნი, ბიბლია და კონსტიტუცია - თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ეზოში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა. ამომრჩეველთა 62%-ის მიერ ნდობაგამოცხადებულმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ფიცი საზეიმოდ დადო.

მარგველაშვილის ინაუგურაციას დაესწრო მთავრობა, სასამართლო ხელისუფლება, საპარლამენტო უმრავლესობა, პატრიარქი, დიპლომატიური კორპუსი და უცხოური დელეგაცია. არ დასწრებიან ექსპრეზიდენტები და საპარლამენტო უმცირესობის წევრები.

ტრიბუნასთან მისვლამდე გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიესალმა. ტრიბუნასთან ფიცის დადების შემდეგ სამხედრო დანაყოფებთან ჩავიდა, მთავარსარდლობა ჩაიბარა და ოფიციალური სიტყვისთვის კვლავ ტრიბუნასთან დაბრუნდა. მარგველაშვილმა საინაუგურაციო გამოსვლა პრემიერ-მინისტრის მისალმებით დაიწყო.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი დაახლოებით 10-წუთიან გამოსვლაში საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლებების დაცვას და ღირსეული ცხოვრების პირობებს დაჰპირდა. მარგველაშვილმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებსაც მიმართა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში თანამონაწილეობა შესთავაზა. ასევე აღნიშნა, რომ დევნილთა ღირსეული დაბრუნება მისი პრიორიტეტია.

მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმების დაცვის გარანტი იქნება და იმავდროულად საქართველოში მცხოვრები ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელთა კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავს. ტერიტორიული მთალიანობის საკითხის მოგვარების კონტექსტში კი პარტნიორი ქვეყნების წვლილზე ისაუბრა.

„სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩვენ მარტო არა ვართ. დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობდით მეგობარი ქვეყნების თანადგომას. ოკუპირებულ ტერიტორიათა არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკა, საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები, ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ პროექტებში მონაწილეობა სწორედ ამ ურთიერთობებს ეფუძნება“, - განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა.

საგარეო კუსრსზე საუბრისას მან პრიორიტად ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია დაასახელა. მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის მეტად გააქტიურების სურვილიც გამოთქვა და გართულებული ურთიერთობების პირობებში, რუსეთთან დიალოგის გაღრმავების ინიციატივით გამოვიდა.
მარგველაშვილმა საინაუგურაციო სიტყვა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „უდიდესი პატივი და ტვირთია იყო საქართველოს პრეზიდენტი და დღეს მე ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, ღირსეულად ვზიდო პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი დიდებული ქვეყნისა და ხალხის მსახურება მაკისრებს.“

მეოთხე პრეზიდენტს, წინამორბედების მსგავსად, ქართველი საზოგადოება მის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიხედვით შეაფასებს. მანამდე კი საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები ინაუგურაციასა და საინაუგურაციო სიტყვაზე მსჯელობენ.

„ამაღლებული, ზომიერი, კულტურული, თავშეკავებული და საქმიანი“, - ასე შეაფასა For.ge-სთან საუბრისას რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილიმა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაუგრაცია.

რეჟისორი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირველ ინაუგურაციასაც დაესწრო და მასთან შედარებით მარგველაშვილის ინაუგურაცია ზომიერებით გამოირჩეოდა.

„თუ გაერთიანებული, აყვავებული ქვეყანა გვექნება, სადაც არ იცხოვრებს ამდენი გაჭირვებული ადამიანი, ამდენი დევნილი, - კარგი იქნება, ინაუგურაციაც თუ პომპეზურად ჩატარდება. ახლა, ვფიქრობ, ქვეყნის შესაფერი ინაუგურაცია გაიმართა,“- განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილისგან ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს ელის მსახიობი კახი კავსაძე.

„ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე ყოველთვის არის იმედის, მომავლის, მოთმინების, წინ ყურების დრო. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. კარგს ველოდები, სხვანაირად არც შეიძლება,“ - განაცხადა კახი კავსაძემ.

ექსპერტი კახა კახიშვილი კი განმარტავს, რომ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოში ავტომატურად დასრულდა კოაბიტაცია და უმაღლეს თანამდებობებზე წარმოდგენილი პოლიტიკური გუნდის წევრები ისეთი გამოწვევების წინაშე არიან, როგორებიცაა - ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინსტიტუციური დემოკრატიის გაღრმავება.

„მარგველაშვილის სიტყვა, ფაქტობრივად, იყო ძალიან მოკლე, მაგრამ შინაარსობრივი. მან ყველას გაუგზავნა მითვის განკუთვნილი გზავნილი. მარგველაშვილმა ამ გამოსვლით დაადასტურა მზადყოფნა ყველა კუთხით თანამშრომლობისთვის.

ჩემი აზრით საჭირო იყო ინაუგურაციაზე წარმოდგენილი ყოფილიყო არასაპარლამენტო ოპოზიცია, პირველი პრეზიდენტის ოჯახი და მეტად მისცემოდა ხალხს ინაუგურაციაში მონაწილეობის უფლება. არასაპარლამენტო ოპოზიცია რომ დაეპატიჟებინათ, შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ მიეღო ინაუგურაციაზე დაუსწრებლობის გადაწყვეტილება,“- განაცხადა კახა კახიშვილმა For.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, ინაუგურაციაზე დასწრება უნდა მოეხერხებინა უკვე ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობასთან ერთი წლის განმავლობაში გარკვეულწილად მაინც თანამშრომლობდა.

„რადგან ეს კოაბიტაცია მიღებული იყო ორივე მხრიდან, მაშინ ეს თამაშის წესი ბოლომდე უნდა ყოფილიყო შესრულებული. ერთი წელი კარგად ვართ და ბოლო ერთი დღე გავებუტეთ ერთმანეთს? - ცოტა უხერხულია,“- განმარტავს კახიშვილი.

პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა“. აქციის ორგანიზატორმა ლაშა ჩახარტიშვილმა For.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინაუგურაციის პარალელურად გამართული სიმბოლური აქციით, ხელისუფლებას ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ხალხისთვის მიცემული დაპირება შეახსენა.

„დღეს „ნაკურთხი“ პრეზიდენტი ხალხისგან შესაკურთხებელი რომ არ გახდეს, უნდა გაიხსენოს კოალიცია „ქართული ოცნების“ დაპირება, რომ აიკრძალებოდა დიდი კაშხლების მშენებლობა“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მისი თქმით, გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.