საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით, განცხადებების მიღება 12 ნოემბერს შეწყდა. საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 400-ზე მეტ მოქალაქეს მიანიჭა. დანარჩენი დოკუმენტაცია კი შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რომ მათ შორის იყვნენ ის პირები, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეობის მინიჭებაზე „სრულიად გაუგებარი უარი“ უთხრა.
„აქ არიან ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც არ ყოფილან აქამდე არასდროს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ სურთ გახდნენ მოქალაქეები. აქ არიან ჩვენი ყოფილი მოქალაქეები, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს და ამის გამო დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და ახლა უნდათ აღდგენა. ამ ადამიანთა რიცხვში არიან უცხოელი ბიზნესმენები, რომლებიც დიდი ხანია, საქმიანობენ საქართველოში და აქვთ სურვილი, მიიღონ მოქალაქეობა და კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელონ საქმიანობა. აქ არიან სხვა ბიზნესმენები, რომლებსაც ახლა უნდათ, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიწყონ ბიზნესი, რაც ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და წინსვლას“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ განურჩევლად ყველა მსურველი უცხოელისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას არ აპირებს და გადაწყვეტილების მიღებისას „მკაცრი კრიტერიუმებით“ იხელმძღვანელებს. 2013 წლის 5 ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს მოქალაქეობის ათასობით მსურველთა მიმართა. როგორც ადმინიტრაციაში განმარტავენ, მსურველთა დიდი რაოდენობისა და დროის სიმცირის გამო, ფიზიკურად შეუძლებელი ხდება ყველა მათგანის დაკმაყოფილება.
„ახლახან ვნახე პრეზიდენტის სასახლესთან საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთა დიდი რიგი. ყველა ამ პროცესით დაშინებულს მინდა ვუთხრა, რომ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, განურჩევლად ყველა უცხოელს საფუძვლის გარეშე მივანიჭო მოქალაქება. მე მაქვს მკაცრი კრიტერიუმები და ადამიანს მკვეთრად გამოხატული საფუძველი და საქართველოსთან კავშირი უნდა გააჩნდეს ქართული პასპორტის ასაღებად“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ამასთან, მისივე განმარტებით, საქართველო გახდა მიმზიდველი ქვეყანა და ვისაც ეს არ სჯერა, შეუძლია, მივიდეს ჯერ კიდევ პრეზიდენტის სასახლესთან და ნახოს ის ხალხი, ვისაც ამის ნამდვილად სჯერა.
„ამავე დროს, მსურს ყველა დაფიქრდეს, 2004-ში ჩვენ ჩავიბარეთ საქართველო, რომელშიც გრძელი რიგი იდგა მოქალაქეობიდან გასვლის მსურველების. მსოფლიოში პატარა უმცირესობაა იმ ქვეყნების, რომელთა მოქალაქეობა სასურველი და სანატრელია და ჩვენი ქვეყანა ბოლო წლების რეფორმებისა და ცვლილებების შედეგად ამ ქვეყნების რიგში მოხვდა. ჩვენ ვიბრუნებთ ქართველებს 2004-დან 2012 წლის ჩათვლით. ყველა წელს გარდა 2008-ისა, ჩვენ გვქონდა მიგრაციის პოზიტიური სალდო, ე.ი მეტი ადამიანი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე დატოვა იგი. საქართველო გახდა მიმზიდველი ქვეყანა და ვისაც ეს არ სჯერა, შეუძლია მივიდეს ჯერ კიდევ პრეზიდენტის სასახლესთან და ნახოს ის ხალხი, ვისაც ამის ნამდვილად სჯერა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს პოზიტიური იმიჯი და მიმზიდველობა არ დავკარგოთ“, - აღნიშნავს მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც დღეს ბოლო სამუშაო დღე აქვს.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. სამართალმცოდნე, კახი კახიშვილი კი პროკურატურას მოუწოდებს, სააკაშვილის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. როგორც კახიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება. მისი თქმით, სააკაშვილის ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობას ასუსტებს და ეს მიზანმიმართული ქმედებებია.
„საზოგადოებაში არასწორად არის გავრცელებული აზრი, რომ თითქოს, პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლება, ყველას მისცეს მოქალაქეობა, თუმცა ჩვენ გვაქვს კანონი, რომელშიც წერია, რომ პრეზიდენტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია, გამოიყენოს ეს უფლება. ყოველგვარი გადამოწმების გარეშე უცხოელი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემა არის მიზანმიმართული ქმედება, რომ დაასუსტოს საქართველო. მოვუწოდებ პროკურატურას, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. აქვე, უნდა გაერთიანდეს ის შეწყალებები, რომლებიც მან განახორციელა და რომელიც აგრეთვე, არასწორია“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებაში არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტს უფლება აქვს ყველას მიანიჭოს მოქალაქეობა. კანონში მოქალაქეობის შესახებ აღწერილია ის პუნქტები, თუ რა შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭება უცხო ქვეყნის მოქალქეზე.
„კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ პირობებს, შესწავლილი უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქის ბიოგრაფია. ასე, ერთბაშად, ექსკლუზიური უფლების გამოყენება არ შეიძლება. მიხეილ სააკაშვილის მოქმედებეში შეინიშნება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დარღვევები. ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება“, - აცხადებს კახიშვილი.
კახიშვილის განცხადებით, მსგავსი ქმედებები საქართველოს დესტაბილიზაციის წინაპირობაა და შესაბამისად, მოუწოდებს პროკურატურას, რომ დაიწყოს ამის გამოძიება.
„მოდით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამარტივებული წესით განვიხილოთ შეწყალებასთან ერთად. მან შეიწყალა უამრავი მსჯავრდებული, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულში იყვნენ ბრალდებულნი. აქედან გამომდინარე, მივდივართ დასკვმანდე, რომ ამგვარი ქმედებები მიზანმიმართულად კეთდება სახელმწიფოს შესუსტებისთვის.
მოვუწოდებთ პროკურატურას, დაიწყოს ამის გამოძიება. პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლება აქვს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. ეს საკითხი შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად, ერთი - ადამიანები რომლებიც აქ დაიბადნენ, ხოლო იმის გამო, რომ ბოლო წლებში შეუძლებელი გახდა მათთვს ბიზნესის წარმოება და სხვა ქვეყანაში წავიდნენ, ეკუთვნით მოქალაქეობა, მაგრამ ადამიანებს, რომელთაც არანაირი შეხება საქართველოსთან არ ჰქონიათ, არ იციან ისტორია, ენა, ამ კუთხით თუ დავფიქრდებით, პრეზიდენტის ქმედება შესწავლილი უნდა იყოს“, - აცხადებს კახი კახიშვილი.