კომუნისტური იდეოლოგიის ბატონობის პერიოდში ქართველები საკუთარი ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნებას მაინც ახერხებდნენ. საბჭოთა სინამდვილე მეტად მძიმე გახლდათ და ნიჭიერ ადამიანს ამასთან შეგუება ძალიან უჭირდა. ამის მიუხედავად, არაერთი ჩვენი მწერალი, საზოგადო მოღვაწე თუ სპორტსმენი საკუთარ თვითმყოფადობას ინარჩუნებდა და არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში იუმორის გრძნობას არ კარგავდა. დღევანდელ წერილში მინდა რომ რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველოში გახმაურებული რამდენიმე სახალისო ისტორია გავიხსენო.
გასული საუკუნის მიწურულია. კომუნისტები თავისას ცდილობენ. „თბილისობის“ დღესასწაულიც მაშინ „მოიგონეს“.
მედეა ჩახავას ქურთი ქალის ტანსაცმელი მოარგეს (კინოფილმ „მანანას“ მიხედვით) და მეეზოვის ცოცხი დააჭერინეს ხელში.
მოგვიანებით ქალბატონი მედეა არაერთხელ აღნიშნავდა, თუ როგორ ესიამოვნა ეს „როლი“ და როგორ გულმოდგინებით „გვიდა“ საგანგებოდ დასუფთავებულ ქუჩას.
სადაცაა პარტიული მუშაკები მოვლენ და... აჰა, გივი ბერიკაშვილიც გამოჩნდა, საგანგებოდ კახეთიდან ჩამოყვანილ ვირზე ამხედრებული. თითქმის ყველაფერი დადგმული სცენარით მიდის.
მოხდა გაუთვალისწინებელი „იაღლიში“. იმ მართლა ვირმა, გივი რომ „მართავდა“, ყველა კანონი დაარღვია – მორალური, ინტელექტუალურიც და ოთხი მეტრის რადიუსით, ეს მოპრიალებული ასფალტი მის ბუნებრივ მოთხოვნილებას ანაცვალა. არადა, სადაცაა მთავრობა უნდა მოვიდეს.
ატყდა ერთი ამბავი, ქალბატონი მედეაც თავისი ცოცხით გვერდზე მიაგდეს.
ვირს, გამომეტყველებაზე ეტყობოდა – „სულ მკიდიაო“, მაგრამ მხედარი სირცხვილით დაიწვა და ოფლში გაიღვარა შემოდგომის ბოლო თვის დასაწყისში.
ჟურნალისტებს მეტი რა უნდოდათ. მართალია, ეს „პროცესი“ ვერ მოასწრეს – არ გადაუღიათ, მაგრამ მდგომარეობა ვირისთვის შესაშურად განვითარდა: ყველა მხრიდან გადაიღეს და ეს სურათები მალე უპოპულარულესი გახდა. ეგ კი არა, მოგვიანებით, კერძო ფირმებმა კედლის კალენდრები გამოუშვეს ვირზე ამხედრებული მარჯანიშვილის წამყვანი მსახიობის ფოტოთი.
ედუარდ შევარდნაძე იყო მაშინ ცეკას პირველი მდივანი და ერთ დღეს მარჯანიშვილის თეატრს ესტუმრა სპექტაკლზე – „ეზოში ავი ძაღლია“. ძალიან მოეწონა და მოკრძალებული ტაშიც შეაწია, მერე მსახიობებს მიაკითხა კულისებში და „მიულოცასავით“ წარმატება.
გივი ბერიკაშვილმა შემთხვევით ისარგებლა და ცეკას მდივანს, ბატონ ედუარდს საგანგებოდ გადახვეული ის კალენდარი აჩუქა, – ვირზე რომ იჯდა და გადაუღეს. თან, მოკრძალებული ავტოგრაფის ქვეშ მიაწერა: „ბატონო ედუარდ, გქონდეთ ეს კალენდარი ჩემგან სახსოვრად, ზემოთ, პირველ რიგში რომ ვზივარ, – ის ვარ მე...“
ცეკას პირველმა მდივანმა პასუხი არ დააყოვნა და ერთ დილით ურეკავს სახლში გივი ბერიკაშვილს:
– ალო, ალო, გივი ხარ?
– კი. გისმენთ, ბატონო, – იმ წუთშივე იცნო გივიმ და სკამიდან წამოხტა, – რა დაკვირვებული კაცი ხარ, გივი, შენ! კიდო კაი, რომ მიაწერე, თუ არა, ძაან გამიჭირდებოდა ცნობა, რომელი იყავი“.
ძნელი მოსაძებნია საქართველოში კაცი, ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი“ რომ არ უყვარდეს. „ერისიონი“, თავისი სწრაფი ცეკვის მანერით, განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს და, ბატონი ჯემალ ჭკუასელიც განსხვავებული პიროვნებაა თავისი გურულობითა და დახვეწილი იუმორით.
გასული საუკუნის ბოლო წლებია. ედუარდ შევარდნაძე ქუთაისში ხვდება ადგილობრივი „ცეკას“ წარმომადგენლებს. საქმიანი ღონისძიების შემდეგ, როგორც წესია, გაიმართა კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას იღებს ანსამბლი „ერისიონი“, ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით.
ყველაფერი დასახული გეგმით წავიდა. კმაყოფილია საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი, იმდენად მოიხიბლა, რომ, კონცერტის შემდეგ იკადრა და თვითონ შევიდა კულისებში.
„ფეხზე“ დადგა მთელი ანსამბლი, „ფეხზე“ დგას თავად ჯემალ ჭკუასელი. ხუმრობა ხომ არაა – „ცეკას“ პირველი მდივანი თავისით შევიდა ანსამბლის „სამზარეულოში“.
დაძაბული სიტუაციაა. შევარდნაძემ ჯემალს ხელი ჩამოართვა:
– მიხარია, მიხარია, ჩემო ჯემალ, რომ ქართველებს ასეთი უბადლო და შესანიშნავი ანსამბლი გვყავს.
– დიდი მადლობა, ბატონო ედუარდ! დიდი მადლობა ესოდენი დაფასებისთვის... – და, გამოვიდნენ სცენაზე ერთად.
დაანგრია ტაშმა და აპლოდისმენტებმა დარბაზი.
ედუარდი ჯემალს ღიად ელაპარაკება მაყურებლის თვალწინ:
– ბატონო ჯემალ, თქვენ გურული ბრძანდებით?
– დიახ, ბატონო ედუარდ! – გაიბადრა ჯემალი.
ტაშმა იქაურობა გააყრუა...
– კარგიაა... – ჩაიცინა „ცეკას“ მდივანმა, – კი მაგრამ, ის უნდა მეკითხა...
– რა, ბატონო ედუარდ?
– ნოდარ დუმბაძეც ხომ გურული იყო?
– რა თქმა უნდა... – პასუხობს ჯემალ ჭკუასელი.
ტაშმა იმატა. იმატა კი არა, სადაცაა კედლები ჩამოიქცევა.
შევარდნაძე განაგრძობს:
– ილიკო და ილარიონიც ხომ გურულები იყვნენ?
– აბა, რა, ბატონო ედუარდ! – აჰყვა სიცილში ჯემალი.
კვლავ დაინგრა დარბაზი ტაშისკვრით.
– ხოდა, შე კაცო (ედუარდს იუმორი არ ღალატობდა), ეს ქუთაისელები რომ ტაშს უკრავენ, რა უხარიათ?!!
დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა, მალე ქუთათურებმა ახალი ძალით დასცხეს ტაში...
1972 წელს ქართველი მწერლები სიმპოზიუმზე მიემგზავრებოდნენ საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში.
ოტია იოსელიანის კუპეში, თანმხლებ ორ ცნობილ მწერალთან ერთად, ერთი უცხო ქალი აღმოჩნდა.
ქალი შუა ხანს არ იყო მიღწეული, მაგრამ, საკმაოდ სანდომიანი გახლდათ.
ჩვენმა მწერლებმა ქალბატონს ქვემო „კოიკა“ დაუთმეს და, სანამ დაწვებოდა, ტამბურში გავიდნენ.
რომ შემობრუნდნენ, ქალი გემრიელად გახლდათ მოწყობილი ლოგინში. ეს სამეული კი ერთმანეთის გვერდით მოკალათდა „მსხდომიარე“ მდგომარეობაში.
როგორც აღმოჩნდა, ქალი მოსკოველი გახლდათ, ანუ, ჩვენი რძალი – ჩვენი, ერთ-ერთი თანამემამულის მეუღლე. გარდა ამისა, ის საკმაოდ ენაწყლიანი და თამამი გამოდგა. ჩვენი სასიქადულო მწერლებიდან ვერც ერთი ვერ იცნო, თუმცა მათი სახელები, პირდაპირ თუ ირიბად, აუცილებლად ექნებოდა განაგონი.
ჩვენმა სამეულმა ჯენტლმენობის ურყევი კანონი დაიცვა და სათითაოდ გაეცნენ ქალს – მწერლები ვართ და თქვენს დედაქალაქში მიწვევით მივემგზავრებითო.
ქალს ლაპარაკის საღერღელი აეშალა:
– აი, თქვენ მწერლები ბრძანებულხართ. მართალია, ჩვენს (რუს) მწერლებთან რას მოხვალთ, მაგრამ, თქვენც არა გიშავთო. მე თავის დროზე პედაგოგი გახლდით, სანამ თქვენი რძალი გავხდებოდი, კი არ გეწყინოთ, მაგრამ, ჩემი მოსაზრებები მაქვს ცხოვრებისეულ საკითხებზე და ახლა, თქვენი აზრიც მაინტერესებს, აბა, ჩვენი მოსაზრებები თუ დაემთხვევა ერთმანეთსო.
მუდამ ტრადიციების მიმდევარ ოტიას არ ესიამოვნა ქალის ასეთი გულახდილობა, მაგრამ, ოტია ოტია იყო, ტრადიცია – ტრადიცია და რუსი ქალი – რუსი ქალი, მაგრამ, ჩვენი რძალი და, – გისმენთ, ქალბატონოო, – გაუღიმა.
ქალმა ავბედითი კითხვა დასვა:
– რამდენი სიყვარული არსებობს ცხოვრებაში?
მწერლებმა უხერხულად გადახედეს ერთმანეთს – რომელი უპასუხებსო.
– სიყვარული ერთია და სამუდამო, – თქვა ერთმა, მაგრამ, ქალი ამ პასუხმა ოდნავაც ვერ დააკმაყოფილა.
– „ა პაჩემუ ნე დვა“?
– „მოჟნო ი დვა“... – „დანებდა“ მეორე მწერალი. ოტიამ ფანჯარაში გაიხედა და ხმა არ ამოუღია.
– „ა მოჟეტ ი ტრი“? – არ ისვენებს ქალი, გულღიად იღიმება და პასუხს ელის.
– „რაზ ტრი, ზნაჩიტ ი ჩეტირე ვაზმოჟნა“, – თქვა ქალმა.
მწერლებს რაღაც ენიშნათ, მაგრამ, არ იმჩნევენ და აქაც დაეთანხმნენ.
– აი, ჩემი ქმარი, – მოულოდნელად, სუფთად არა, მაგრამ, ბორძიკ-ბორძიკა ქართულით ამეტყველდა ქალი, – ჩემი მეხუთე სიყვარულია. მანამდე ოთხი სიყვარული გამოვცადე...
ტრადიციების დამცველი და მიმდევარი ოტია ოდნავ შეტოკდა, თუმცა, კომენტარი არ გაუკეთებია.
ქალს ეწყინა – ეს სვანურქუდიანი კაცი რატომ არ მეთანხმებაო და საყვედურით შეხედა ქართული მწერლობის კორიფეს.
– თქვენ რატომ მიემგზავრებით, ქალბატონო, მოსკოვში, თუ არ გეწყინებათ, გვითხარით, – შეეკითხა ქალს ოტია.
– „ვოტ, ვეტომ ი იესტ პრაბლემა“... – თქვა რუსულად ქალმა, – სწორედ მეექვსე სიყვარულმა დამიძახა მოსკოვში, – დააყოლა ქართულად.
წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ოტიას ჯერი რომ იყო, აშკარად იგრძნო ორმა მწერალმა. ოტიამ ღრმად ამოსუნთქა და:
– არა, ხუთი სიყვარული შეიძლება, ქალბატონო, მაგრამ მეექვსე... მეექვსე ნაღდად ბოზობაში გადადის!!!
შეურაცხყოფილი ქალი წამსვე გადაბრუნდა კედლისკენ და მხოლოდ მოსკოვის მისადგომებთან იკადრა გადმობრუნება.
– „მოჟნო, ვსიო მოჟნო“!! – რომ ჩადიოდა, მაშინ ისროლა...