საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა უცხოელების საპატივსაცემოდ გამართულ მიღებაზე

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა უცხოელების საპატივსაცემოდ გამართულ მიღებაზე

ბატონებო და ქალბატონებო,

მოგესალმებით და ქართველი ხალხის, ხელისუფლებისა და პირადად ჩემი სახელით დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან დროს ჩამობრძანებისათვის.

საქართველოს დამოუკიდებლობის სათავეებთან ჩვენ მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ ჩვენი ნება - გავხდეთ თანამედროვე განვითარებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი, მსოფლიო ერთა თანამეგობრობაში დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც ერთ-ერთ უძველეს და უნიკალური კულტურის ერს სამართლიანად გვეკუთვნის. დღეს საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე.

ეს გზა ადვილი არ არის. ჩვენ გვქონდა წარმატებები, გვქონდა შეცდომებიც, ჩვენ გავიარეთ უმძიმესი 2008 წელი, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი კვლავაც ოკუპირებულია და ასობით ათასი დევნილი კვლავაც ელოდება საკუთარ სახლში დაბრუნებას. მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობას არასდროს დაუყენებია საკუთარი არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ.

გასული წლის საპარლამენტო და წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი მიზნისკენ.

ხელისუფლების არჩევნებით, მშვიდობიანად შეცვლის პრეცედენტის შექმნით დასრულდა პოსტსაბჭოთა პერიოდი და დაიწყო თანამედროვე ტიპის დემოკრატიის მშენებლობა. სახელმწიფოებრივი განვითარების თვისებრივად ახალ საფეხურზე გადავედით, ევროპული ტიპის პოლიტიკურ კულტურას დავუდეთ სათავე.

დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენების პროცესში ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს თანადგომას.

ქართველი ხალხის სახელით დიდ მადლობას გიხდით ამისათვის. მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

თავის მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ISAF-ის მისიაში ჩვენ წარმოვადგენთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორს ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. უსაფრთხოება და მშვიდობიანი განვითარება ჩვენი საერთო საზრუნავია. საქართველოს აქვს ისტორიული მისია იქცეს ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და თანხმობის ადგილად.

ჩვენი უსაფრთხოება და განვითარება დამოკიდებულია საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვაზე.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გრძელვადიანი გარანტია არის თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა, რაც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა. უახლოეს პერიოდში ვილნიუსის სამიტზე მოხდება ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ჩვენი პრიორიტეტია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევძლოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ხელმოწერა, რაც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის შეუქცევადობის ინსტიტუციური დადასტურება იქნება.

ჩვენ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების სრულფასოვანი და ყოველმხრივი განვითარება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ასევე თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებში.

ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ უშუალო მეზობლებთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, აგრეთვე, შავი ზღვისა და კასპიის რეგიონების ქვეყნებთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.

მიუხედავად დღეისათვის არსებული გართულებული ვითარებისა, ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას, გავაღრმაოთ რუსეთთან დიალოგი და, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ინტერესების - საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით, ურთიერთნდობის საფუძველზე გადავჭრათ დღეს არსებული პრობლემები.

ჩვენ ასევე ძალისხმევას არ ვიშურებთ ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ლათინური ამერიკის, აზიისა და ოკეანეთის რეგიონების ქვეყნებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად და ამ კონტექსტში გლობალური პარტნიორობის გასავითარებლად.

საქართველოს უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება თანამშრომლობა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა, გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო.

ჩვენ ჯერაც მნიშვნელოვან გამოწვევათა პირისპირ ვდგავართ და თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს, ისევე, როგორც თქვენ უნდა გქონდეთ ჩვენი თანადგომის იმედი ყოველთვის.

ბატონებო და ქალბატონებო,

ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში ჩვენმა დიდმა პოეტმა შოთა რუსთველმა თქვა - ,,ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”.

მეგობრები და სტრატეგიული მოკავშირეები ჩვენი ხალხის უდიდესი სიმდიდრეა. თანამედროვე გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნები ურთულესი გამოწვევების და ამავე დროს, განვითარების პერსპექტივების პირისპირ დგანან. ამიტომაც, დღეს თანამშრომლობა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს. ერთად უნდა დავძლიოთ პრობლემები, ერთად უნდა შევასხათ ხორცი წინსვლის პროექტებს.

მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება თქვენი სტუმრობისათვის და დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს სახით თქვენ გყავთ ერთგული და საიმედო პარტნიორი.

ნება მიბოძეთ, ჩვენი ხალხების მეგობრობისა და მშვიდობიანი მსოფლიოს სადღეგრძელო შემოგთავაზოთ.