„ჩემთან უკვე მოდის პაციენტი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადების ან ძალიან მაღალი რისკი აქვს, ან უკვე აქვს დიაგნოზირებული სიმსივნე მესამე ან მეოთხე სტადიით. ეს ნიშნავს, რომ მესამე სტადიის პაციენტებს სჭირდებათ როგორც ოპერაცია, ასევე, შემდგომი თერაპია, ხოლო მეოთხე სტადიის შემთხვევაში, სჭირდებათ ძალიან ბევრი ტესტის ჩატარება და შემდგომ უკვე ხანგრძლივი მკურნალობა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ ამ დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა ნაკლებად ტრავმულია, ხარჯეფექტურია და ფსიქოლოგიურადაც იმდენად დამთრგუნველი არ არის, როგორც მძიმე სტადიის დროს“, - აცხადებს კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგი თამთა მახარაძე for.ge-სთან საუბრისას.
ონკოლოგიური დაავადებების დასამარცხებლად დროულ დიაგნოსტიკას აზრი მაშინ აქვს, თუკი მთელი საქართველოს მოსახლეობის 70%- ზე მეტი იქნება ჩართული სკრინინგის პროგრამაში. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებას პერიოდულად აწვდით ინფორმაციას სკრინინგის აუცილებლობის შესახებ, ჩვენი საზოგადოება მაინც აგვიანებს გამოკვლევებზე მისვლას. რა სირთულეს აწყდებით ამ მხრივ, განსაკუთრებით, რეგიონებში?
- საქართველოში სკრინინგის პროგრამა 50- დან 70 წლის მოსახლეობისთვის ფინანსდება. თუმცა თუ არსებობს დაავადების მაღალი რისკი, სკრინინგ პროგრამაში მონაწილეობის დაწყება უმჯობესია ახალგაზრდა ასაკშივე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საწყის ეტაპზევე მოხდეს დაავადების აღმოჩენა, ასეთ შემთხვევაში, მკურნალობაც ნაკლებად ტრავმულია და გამოსავალიც ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე დაგვიანებულ სტადიებზე აღმოჩენისას. ქვეყნის მასშტაბით თუ შევხედავთ, სკრინინგ პროგრამას მაშინ აქვს რეალური გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, თუკი მოიცავს სამიზნე პოპულაციის მინიმუმ 75%- ს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს პროგრამა უფასოა, ძალიან მარტივია ამ ტიპის კვლევა და არანაირ ინვაზიურ ჩარევას არ მოითხოვს პაციენტში, მაინც ბევრად დაბალია მომართვიანობა და ახლოსაც არ არის სამიზნე მაჩვენებელთან. ეს უფრო მეტად რეგიონებში შეიმჩნევა, მაგრამ დედაქალაქშიც დაბალია აქტივობა.
როგორ ფიქრობთ, რეგიონებში თვლიან, რომ ჯანმრთელ გარემოში ცხოვრობენ, ჯანსაღად იკვებებიან და ამიტომაც არ დაემართებათ ონკოლოგიური დაავადება? თუ გადაულახავ ბარიერად რჩება ექიმთან ვიზიტის შიში?
- რამდენიმე მიზეზია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია შიში, რამე არ აღმომაჩნდეს. მეორე ბარიერია, რომ ფიქრობენ, მათ არ დაემართებათ ეს დაავადება. ასევე, მნიშვნელოვანია განათლების პრობლემა, რადგან ზოგიერთს არ ესმის კლინიკური პროგრამის მნიშვნელობა და ფიქრობენ, მხოლოდ მაშინ უნდა მიმართონ სკრინინგ ცენტრს, თუ რაიმე ჩივილი გამოუვლინდებათ, რაც კავშირში იქნება სიმსივნესთან.
თქვენ აღნიშნეთ, რომ დაავადების მაღალი რისკის არსებობისას სკრინინგ პროგრამით სარგებლობა ახალგაზრდულ ასაკში უკეთეს შედეგს იძლევა, ანუ საუბარია 50 წლამდე პერიოდზე. ვინაიდან სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებული უფასო პროგრამა 50-დან 70 წლამდე მოსახლეობას შეეხება, 50 წლამდე პაციენტებს რა თანხის გადახდა მოუწევთ?
- ეს არის ძალიან მარტივი ტესტი - განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, რაც დაახლოებით 25- დან 50 ლარის ფარგლებშია. ეს არ არის კოლოსალური თანხა. ასევე, თუ ოჯახის ექიმი დაასაბუთებს, რომ აღნიშნულ პაციენტს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვს, შესაძლოა გამონაკლისის დაშვება სკრინინგ ცენტრის მიერ და აღნიშნული ტესტის ჩატარება. დიაგნოსტიკა არ არის რეალური პრობლემა. პრობლემაა პაციენტების მიმართვიანობის დეფიციტი.
პირადად თქვენ, როგორც კლინიკურ ონკოლოგს, უკვე მაღალი რისკის მქონე პაციენტებთან გიწევთ ურთიერთობა, როცა დაავადება შორსწასულია. რა პრობლემას აწყდებით პაციენტების მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით?
- ჩემთან უკვე მოდის პაციენტი, რომელსაც აქვს ან ძალიან მაღალი რისკი, ან სიმპტომები, ან უკვე არის დიაგნოზირებული სიმსივნე. ონკოლოგები პრობლემას ვაწყდებით იმ კუთხით, რომ დიაგნოზდასმული პაციენტების უმეტესობას, მინიმუმ, მესამე ან მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვთ. ეს კი ნიშნავს, რომ მესამე სტადიის მქონე პაციენტებს სჭირდებათ როგორც ოპერაცია, ასევე, შემდეგ ქიმიოთერაპია, ხოლო მეოთხე სტადიის შემთხვევაში, სჭირდებათ ძალიან ბევრი ტესტის ჩატარება, რასაც სახელმწიფო ვერ აფინანსებს და შემდეგ უკვე ძალიან ხანგრძლივი მკურნალობა მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. პირველი- მეორე სტადიის დროს მკურნალობა მხოლოდ ოპერაციით შემოიფარგლება, ძალიან ადრეულ სტადიაში თუ მოხდა ამ დაავადების დაფიქსირება, ამ შემთხვევაში, ოპერაციაც ენდოსკოპიურად შეიძლება ჩატარდეს. ამიტომ როგორც პაციენტისთვის, ასევე, სახელმწიფოსა და ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, რადგან ბევრად ნაკლებ ტრავმულია, ხარჯეფექტურია და ფსიქოლოგიურადაც პაციენტისთვის იმდენად დამთრგუნველი არ არის, როგორც მძიმე თერაპიული მკურნალობა იქნებოდა.
ენდოსკოპიური ოპერაცია მარტივია?
- ენდოსკოპიური ოპერაცია ძალიან მარტივია. როგორც კოლონოსკოპია კეთდება, ისე კამერით შედიან ნაწლავში და დაზიანების ამოკვეთას ახდენენ, თუკი ის ადრეულ სტადიაზეა აღმოჩენილი. ანუ პაციენტი მიმართავს სკრინინგ პროგრამას, თუ დადებითი ტესტი აღმოჩნდება, კოლონოსკოპია უკეთდება, რაც გულისხმობს ნაწლავის გამოკვლევა წვრილკამერიანი მილით. ამ დროს პაციენტს სძინავს, ეს პროცედურაც არ არის მტკივნეული.
ამ პროცედურას რამდენი დრო სჭირდება?
- დაახლოებით ათი წუთი.
შორსწასული პროცესების დროს პაციენტების ნაწილს ვერც ქიმიოთერაპია შველის და ზოგჯერ იღუპებიან. რამდენად ამართლებს ქიმიოთერაპია?
- ქიმიოთერაპიის ორი სახე არსებობს, ერთია პროფილაქტიკური ქიმიოთერაპია, რომელიც მესამე სტადიის, ზოგ შემთხვევაში, მეორე სტადიის პაციენტებს სჭირდებათ ოპერაციის შემდეგ იმისთვის, რომ დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდე დავიდეს. ხოლო ქიმიოთერაპიის მეორე ვარიანტი გამოიყენება მეოთხე სტადიის დროს, ამ ქიმიოთერაპიის მიზანი უკვე არის დაავადების შეჩერება, ან უკანდახევის გამოწვევა. პირველ შემთხვევაში, ქიმიოთერაპია ბევრად ამართლებს და იმ ჯგუფთან შედარებით, ვინც ვერ ან არ გაიკეთა ქიმიოთერაპია, ბევრად უკეთესი გამოსავალი აქვთ იმ პაციენტებს, ვისაც ჩაუტარდა პროფილაქტიკური ქიმიოთერაპია. უკვე გავრცელებული სიმსივნის შემთხვევაში კი, როგორც გითხარით, მიზანია დაავადების შეჩერება ან უკანდახევა და ადამიანის ცხოვრების ხარისხის გამოსწორება.
ალტერნატივას რაც შეეხება, ადამიანთა ნაწილი მიმართავს ხალხურ საშუალებებს, ასევე, იოგის ვარჯიშებს, რომ აიცილონ დაავადებისგან გამოწვეული სირთულეები. ცხადია, როდესაც დაავადება მოდებულია ორგანიზმში, ძნელია რამის გამოსწორება, მაგრამ საწყის სტადიაზე რამდენად ამართლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა თუნდაც ვარჯიშის მეშვეობით?
- ვარჯიში ძალიან კარგია, თუ თან ახლავს რეგისტრირებულ, დადასტურებულ თერაპიას. ვარჯიში ყოველთვის კარგია, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი ნაწილი, მაგრამ მხოლოდ იოგა, ან მხოლოდ ხალხური მედიცინა ამ პრობლემას ვერ მოერევა. ათი ათასობით ადამიანზე ჩატარებული კვლევის მქონე, რეგისტრირებულ პრეპარატებსაც კი უჭირთ ამ სირთულის პრობლემასთან გამკლავება, მით უმეტეს, ხალხურ მედიცინას, რომელიც არანაირ მტკიცებით მედიცინას არ ეფუძნება. ამდენად, ვერანაირად ვერ მივცემთ პაციენტებს რეკომენდაციას ამ მეთოდის გამოყენებისათვის.
ონკოლოგიის, როგორც მედიცინის დარგის, განვითარების მიუხედავად, მთელ მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების ციფრი წლიდან წლამდე იზრდება. რამდენად მზარდია ეს მონაცემები საქართველოში?
- ციფრები მზარდია და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, როგორც ეკოლოგიური ფაქტორები, ისე ცხოვრების წესი- ალკოჰოლის მოხმარება, სიმსუქნე, ბევრი რისკფაქტორი იწვევს კონკრეტულად ნაწლავის დაავადებას. დიაგნოსტირების მეთოდები ბევრად უფრო განვითარდა, ამიტომ დაავადების აღმოჩენაც უფრო მეტად ხდება. ალბათ, სკოლის ასაკიდანვე საჭიროა ცნობიერების ამაღლება სკრინინგის მნიშვნელობასთან დაკავშირებით არა მარტო კოლორექტული კიბოს შესახებ, არამედ სხვა სიმსივნური დაავადებების აღმოჩენაც შეიძლება სკრინინგ პროგრამით. თუ, ვთქვათ, სკრინინგ პროგრამაში ვერ მიიღო ადამიანმა მონაწილეობა, ამის მიუხედავად, ნებისმიერი პატარა სიმპტომის დროს, რაც თუნდაც თეორიულად მიუთითებს ნაწლავის სიმსივნის შესახებ, აუცილებლად დროულად უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად მოხდეს ჩარევა.