საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელიც ამ თამაშის მიმართ გულგრილი იქნება. 1981 წლის 13 მაისის ღამეს გაგახსენებთ. მთელი საქართველო ქუჩაში იყო გამოფენილი. 32 წელი გავიდა იმ საღამოს შემდეგ. სიმართლე გითხრათ, ის სიხარული და სახალხო ზეიმი საქართველოში აღარ განმეორებულა.
32 წლის განმავლობაში ქვეყანამ რამდენიმე მმართველი გამოიცვალა. ახალი ხელმძღვანელის მოსვლას მორიგი ტაშ-ფანდური მოჰყვებოდა. იყო საზეიმო კონცერტები და სახალხო ზეიმებიც, მაგრამ, მერწმუნეთ, 1981 წლის 13 მაისის ღამე საქართველოს ისტორიაში ერთადერთი გახლდათ და შორეულ ოცნებად გამაჩნია კიდევ ერთხელ რომ განმეორდეს.
დღევანდელ წერილში ტრადიციას არ დავარღვევ, რამდენიმე ათეული წლით უკან დავბრუნები და ქართული საფეხბურთო ოჯახის წევრების თავს გადამხდარ რამდენიმე სახალისო ისტორიას გავიხსენებ.
ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი კონსტანტინე შანიძე იქნება. „კოსტია ბიძიას“ ქართველი გულშემატკივრების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. თბილისის „დინამოს“ სტადიონის მუდმივი სტუმრები ამ პიროვნებას ფოტოაპარატით ხელში ყოველთვის სარბენ ბილიკებზე ხედავდნენ. ბატონი კონსტანტინე რამდენიმე სახალისო ამბავს გაიხსენებს.
„ვისაც ბილეთი სჭირდებოდა, ყველა მე მეძებდა. მეც ნემსის ყუნწში ვძვრებოდი. ერთხელაც ეროსი მანჯგალაძე მელოდება, ასე იცოდა ცხონებულმა, ბილეთი რომ დაჭირდებოდა, სტადიონზე გამოივლიდა და დაიძახებდა – მომიძებნეთ ყოვლისშემძლე კოსტიაო!
მივედი და მოვატყუე, ბილეთები კი მაქვს (ჯიბეში მედო!), მაგრამ დიღმის ბაზაზე დამრჩა და წავიდეთ მოვიტანოთ-მეთქი. ჩავჯექით მანქანაში, მივდივართ და ეროსის ვეუბნები – მოდი სანამ მივალთ, ვითომ დღევანდელი რეპორტაჟი მიგყავს-მეთქი. ავარდა ეროსიც პატარა ბიჭივით (ბილეთებს ელოდება!) და დაიწყო: ყურადღება! ყურადღება! დღეს თბილისის “დინამოს” სტადიონზე... კარგა ხანს ვალაპარაკე, დიღმის ხიდს რომ მივუახლოვდით, სიცილი ვეღარ შევიკავე და ამოვიღე ბილეთები! უხ შენი კოსტია, შენც გამყიდეო, გადაიქნია თავი...“
„1937 წელს თბილისში ლეგენდარული ბასკები ჩამოვიდნენ! ვაგზალთან დავხვდი და დავიწყე სურათების გადაღება. განსაკუთრებით ეჩებერიას ვუღებდი, ბორის პაიჭაძემ მომატყუა – მეგრელიაო და ვაჩხაკუნე და ვაჩხაკუნე აპარატი. ვარჯიშის დროს მისი დარტყმული სტადიონის რკინის მოაჯირს მოხვდა და გასკდა ბურთი. თბილისის ამბავი ხომ იცით? იმწამსვე ჭორი წავიდა ქალაქში, ესენი ვინ ჩამოვიდნენ – დარტყმით ბურთებს ხეთქავენო!!! მთელი თბილისი სტადიონისკენ დაიძრა, ყველას უნდოდა თამაშზე დასწრება! მესამე იარუსი ჯერ არ იყო დამთავრებული “დინამოს” სტადიონზე და სულ ოთხი მილიციელი იცავდა ამხელა პერიმეტრს, უწესრიგობა აზრადაც არავის მოსვლია, არავინ დამჯდარა დაუმთავრებელ ტრიბუნაზე“.
„1951 წლის სეზონის წინ „დინამო” ტრადიციულად ლესელიძეში ემზადებოდა. იქ უამრავი გუნდი იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგიდან და თავისუფალ დროს სხვადასხვა გასართობს იგონებდნენ. ერთხელ დინამოელებს „ოტელო” დაუდგამთ: მიშა ჯოჯუა ოტელო იყო და ნიკოლოზ თოდრია კი, დეზდემონა. მოვიდა ფინალური სცენა და ჯოჯუა ახრჩობს თოდრიას, ის კი იძახის რუსულად – „ია ნე ტაკაია!” და უძალიანდება ჯოჯუას. ამ ბღლარძუნში ფეხი აეწია ზემოთ და „დინამოს” ემბლემიანი „ტრუსიკი” არ გამოუჩნდა?!! დაიხოცნენ დამსწრე ფეხბურთელები სიცილით!“
„ახალგაზრდობაში ხშირად ვეტრფიალებოდი ქალებს და ერთხელაც ლამაზი რუსის გოგო გავიცანი. დავუნიშნე შეხვედრა სტადიონზე და თანაც ვუთხარი – სტადიონის დირექტორი ვარ, უბრალო მუშა არ გეგონო-მეთქი! მოსულა ის ქალი სტადიონზე და დირექტორის კაბინეტში ვუკითხივარ... ნაღდი დირექტორი, ბორია პაიჭაძე მიმხვდარა, რაშიც იყო საქმე და არ გავუთქვივარ – მობრძანდით, ახლავე მიგიყვანთ დირექტორთანო. ამ დროს ბოძზე ვარ ასული, გამურული ვარ, მანტიროვკა მიჭირავს და მავთულებს ვაერთებ... ა, ბატონო, დირექტორიო, – უთქვამს ბორიას...“
ჩვენი „სპორტული მოგონებების“ შემდეგი სტუმარი ბატონი ჯემალ ზეინკლიშვილი იქნება, რომელიც ჩვეული იუმორით რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვაბრუნებს და საკუთარ თავს გადამხდარ რამდენიმე „უჩვეულო“ შემთხვევას მოგვიყვება.
„1987 წელს 50 წელი შემისრულდა და დიდი იუბილეს გადახდა გადავწყვიტე ბორჯომში. ლამის მთელი საქართველო დავპატიჟე! მოსკოვიდან ჩემი მეგობარი გენერალი კოლესნიკოვი ჩამოვიდა, დიდი სუფრა გაიშალა, მეტრანახევრიანი ტორტი გამომიცხვეს, რომლის თავზეც უზარმაზარი ბურთი იდო! რა გამაჩერებდა, რომ ჩემს იუბილეზე რაიმე სიურპრიზი არ მომეფიქრებინა? ავდექი და ჩემს რუს სიდედრ პაშას, რომელსაც ყველა იცნობდა და ყველას უყვარდა, დიდი ტრუსიკი მოვპარე და ჩავიცვი! ზედ შარვალი შემოვიცვი.
გახურდა ქეიფი, მოვითხოვე სიტყვა – პაშას თამადობით ჩვენს დედებს გაუმარჯოსო! ყველა ადგა ფეხზე და პაშას სადღეგრძელოს სვამს. მოიცადეთ, ყველას უნდა დაგიმტკიცოთ, როგორ მიყვარს სიდედრი-მეთქი! ავედი მაგიდაზე და... ჩავიხადე შარვალი!!! პაშას ტრუსიკმა წითლად გამოანათა, მთელი სუფრა დაწვა სიცილით და კარგა ხანი აღარც ჭამის და აღარც დალევის თავი აღარ ჰქონდა არავის...“
„1964 წლის პირველ ივლისს მოსკოვში, მეორე წრეში, „ტორპედოსთან” ძალიან დაძაბული მატჩი გვქონდა, 1:1 არის ანგარიში, ჩვენგან სიომამ შეაგდო გოლი, ანგარიშის შენარჩუნებაზე ვზრუნავთ, ფრე გვაწყობს, „ტორპედო” კი გააფთრებით გვიტევს, იციან, ამ ქულის დაკარგვა შესაძლოა ბოლოს ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდეთ...
მატჩის ბოლო წუთზე ვალენტინ ივანოვმა, რომელიც საოცარი ფეხბურთელი იყო, წამოიღო ბურთი, ზედიზედ ხუთი კაცი მოგვატყუა, ჩვენი სერგოც მოგვაყოლა ზედ, მივიდა კარის ხაზამდე და ის ისაა, მშვიდად უნდა შეაგოროს ბადეში, რომ... ავდექი და დავუსტვინე - მსაჯის სასტვენი კარგად მქონდა დამუღამებული... ივანოვი გაშრა, დაბნეულმა ბურთს ფეხი გადაატარა და მსაჯს მოსაკლავად მივარდა – ზა შტო სვისტიშ? მსაჯი კი, უფრო დაბნეული, მხრებს იჩეჩავს... სერგომ იაზრა, კატასავით ზედ დაახტა ბურთს და ერთი წუთი არ განძრეულა... ამასობაში დროც გავიდა, მატჩი მართლა დამთავრდა, მსაჯმა მართლა დაუსტვინა თამაშის დამთავრებისა და ჩვენც ამოვისუნთქეთ! ასე გადავარჩინე ჩვენი კარი ნაღდ გოლს და ივანოვს ის გოლი რომ გაეტანა, მოგჭამა ჭირი ტაშკენტის მატჩმა – იმ მოგებით გაგვისწრებდა “ტორპედო” და ვეღარ დავეწეოდით, 5-6 თამაშიღა რჩებოდა ჩემპიონატის დასასრულამდე“.
„1959 წელს „დინამო“ ბელგიასა და საფრანგეთში გამეგზავრა. სამი თამაში გვქონდა პარიზში. შუა ტურნირია და ერთი ემიგრანტი მომადგა – წარმოშობით ბორჯომელი ვანო გელაშვილი, რომელიც ჰიტლერთანაც კი იყო ნამუშევარი. შემომიჩნდა: აქაურმა ქართველებმა დიდი პურმარილი გავაკეთეთ და იქნება სუფრაზე გამოეპარო თქვენს ხელმძღვანელობასო... ბიჭებს ვუთხარი, ვერავინ გაბედა წამოსვლა... ვიშვირე ფეხი და მეორე სართულიდან გადმოვხტი – სუფრა მელოდება, რა გამაჩერებს?
შევედი ბრწყინვალე რესტორანში, დიდი სუფრაა გაშლილი. 24 კაცი უზის, ყველა ქართველი და სახეზე ხელი აქვთ აფარებული, ეშინიათ არ ვიცნო და კგბ-ს არ ვუთხრა! გაბრაზებულმა ვუთხარი – რისი გეშინიათ, ხომ 24 კაცი ხართ, 24 ცალი ჭიქა მომიტანეთ-მეთქი! მოიტანეს, ავავსე ყველა და დავიწყე: კომუნისტების დედაც, სტალინის დედაც, ხრუშოვის დედაც, საქართველოს გაუმარჯოს-მეთქი! დავიწყე და 24 ჭიქა დავლიე!!! ყველამ ჩამოიღო სახიდან ხელი და პირი დააღო! წავიდა ქეიფი, მარა რა ქეიფი!!! ყველა დათვრა, მერე მთხოვეს, ერთი შენებურად დაუსტვინეო! ქართულ საბავშვო მულტიპლიკაციურ ფილმში - „ჩხიკვთა ქორწილში“ რომ მაქვს გახმოვანებული ბულბული, ზუსტად ისეთივე სტვენა ავტეხე... ცრემლები წამოუვიდათ!
ერთმა მითხრა – დარჩი აქ, ზუსტად ერთ წელიწადში შენი სტვენის პატრონი მილიონერი გახდები, მე გაძლევ გარანტიასო! დამიჯდა ჭკუაში – ვრჩები მეთქი და ორი დღე არ გამოვფხიზლებულვარ! პარიზში კი დიდი ალიაქოთია - თურმე მთელი გუნდი და ხელმძღვანელობა მეძებს! როცა გამოვფხიზლდი, პარიზელ ქართველებს ვუთხარი - მომენატრა საქართველო და მივდივარ-მეთქი! ვერაფრით გადამათქმევინეს და აეროპორტში ზედ გაფრენის წინ მიმიყვანეს, მთელი გუნდი მელოდებოდა. მოსკოვში ტრაპთან დამხვდა უშიშროება – 8 წელიწად ციხეს მაძლევდნენ, მაგრამ საქართველოს მაშინდელმა სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი სიხარულიძემ გადამარჩინა“.