რა ელის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, როდესაც მისი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სცენას ტოვებენ?
ორი კაშკაშა, საინტერესო და არაპროგნოზირებადი ლიდერის დაკარგვა, შესაძლოა ვინმემ პოლიტიკური არასერიოზულობის მწვერვალად მიიჩნიოს, მაგრამ ეს საქართველოს ბედისწერაა, სადაც პრეზიდენტიც და პრემიერმინისტრიც სცენას ტოვებენ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი არა ხელიხელჩაკიდებული, არამედ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მიდიან, მათ მხოლოდ ურთიერთმტრობა აერთიანებთ. ერთი შეიძლება გამომძიებლებმა დაკითხონ, მეორე კი კულისებში გადაინაცვლებს, საიდანაც შესაძლოა საკუთარი ახალგაზრდა მემკვიდრე მართოს.
მათი ერთდროული წასვლა ასრულებს ხმაურიან ათწლიან პერიოდს, რომელმაც საქართველო კორუფციული ქვეყნიდან და ექსსაბჭოთა ჭაობიდან გარდაქმნა დასავლეთის მთავარ მოკავშირედ სტრატეგიულ რეგიონში, სადაც დემოკრატიულ, პროდასავლურ სახელმწიფოებზე დიდი მოთხოვნაა.
ვარდების რევოლუცია
2003 წლის ნოემბერში, სააკაშვილი სათავეში ჩაუდგა „ვარდების რევოლუციას“, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ტალღას, რომელმაც საქართველოს საბჭოთა ეპოქის ძველი გვარდია ახალგაზრდა ელიტით შეცვალა, ადამიანებით, რომელთაც სურდათ ქვეყნის გათავისუფლება რუსეთის ბატონობისგან და მისი შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოება.
სააკაშვილის თავდაპირველი მიღწევები შთამბეჭდავი იყო. მან ბრძოლა გამოუცხადა მექრთამეობას და ბიუროკრატიას და დაიწყო იმ ქვეყნის მოდერნიზება, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან შეჩვეული იყო დაუდევრობას, დანაწევრებას და ელექტროენერგიის მუდმივ დეფიციტს.
მაგრამ საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინების და დასავლეთთან კავშირების დათბობის პარალელურად, თბილისს სულ უფრო დაეძაბა ურთიერთობა მოსკოვთან და საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომლებსაც კრემლი ზურგს უმაგრებდა. ამ დაძაბულობამ კულმინაციას 2008 წლის ომის დროს მიაღწია, რომელიც იყო ხანმოკლე, მაგრამ კატასტროფული საქართველოსათვის.
სააკაშვილი უარყოფს რომ მან დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე ბრძანების გაცემით, მაგრამ ის, თუ როგორ მართავდა ის კონფლიქტს, ბევრი ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ ის ფიცხი და იმპულსურია, და რომ კრიზისის დროს მისი ნდობა არ შეიძლება.
ეს შთაბეჭდილება სააკაშვილმა გაამყარა იმით, რომ სულ უფრო უხეშად ეპყრობოდა დემონსტრანტებს, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და კრიტიკულად განწყობილ მედიას, რამაც ოპოზიციის დემორალიზება მოახდინა. ივანიშვილმა – იოგას მოყვარულმა მაგნატმა, შესანიშნავი არტ-კოლექციითა და კერძო ზოოპარკით – ეს ყველაფერი შეცვალა.
უზარმაზარი ქონება
ივანიშვილი ამბობს, რომ ის პოლიტიკაში, რომელსაც დღემდე ვერ იტანს, ვალდებულების გამო ჩაერთო, რადგან ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც შეეძლო სააკაშვილის გასტუმრება, რომლის ადრეულ რეფორმებსაც ის მხარს უჭერდა და აფინანსებდა კიდეც იმ უზარმაზარი ქონებიდან, რომელიც მან რუსეთში ბიზნესაქმიანობით დააგროვა.
ივანიშვილმა დანაწევრებული ქართული ოპოზიცია გააერთიანა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, რომლითაც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილი დაამარცხა და თავად პრემიერმინისტრი გახდა.
გასულ თვეში, სააკაშვილის მემკვიდრის პოზიციისთვის რბოლაში ივანიშვილის პროტეჟემ გაიმარჯვა. სააკაშვილს კანონით ამ თანამდებობაზე მუშაობა მხოლოდ ორი ვადით შეეძლო. მაშინ როდესაც ძველი პრეზიდენტის უფლებამოსილებათა დიდი ნაწილი დღეს პრემიერმინისტრის ხელში გადადის, პრეზიდენტის სასახლეში კი მისი კაცია, 57 წლის ივანიშვილს მართვა საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია, მაგრამ არ უნდა.
მან მემკვიდრე პრემიერმინისტრის პოსტზეც დაასახელა – 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი – და ახალი პრეზიდენტის, 44 წლის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, პოლიტიკის დატოვებისთვის ემზადება.
ივანიშვილი ამბობს, რომ მან ხელისუფლებაში ერთწლიანი ყოფნის პერიოდში საკმარისი გააკეთა. იმ დროს, როდესაც სააკაშვილი მიდის, ხოლო მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების მიღმაა, მილიარდერს მიაჩნია, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანაა, სანდო ხელშია, და ახლა მან თავისი ძალისხმევა სამოქალაქო სექტორის განვითარებისკენ უნდა მიმართოს.
„მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, არამედ მივიდივარ ისეთ ადგილას, სადაც უფრო საჭირო ვარ“, უთხრა ამ ზაფუხლში ივანიშვილმა The Irish Times-ს.
„ვფიქრობ წინ დაახლოებით 20 აქტიური წელი მაქვს, და ამ დროში მინდა ტიპური ევროპული სტილის საზოგადოების აშენება საქართველოში“.
მოგვიანებით მან თქვა, რომ მთავრობას შეუძლია მას რჩევისთვის მიმართოს მას შემდეგ რაც გადადგება, „მაგრამ ეს მოხდება სულ უფრო იშვიათად და იშვითად… მე არ ვაპირებ კითხვების დასმას და ბრძანებების გაცემას კულისებიდან“
კულისებიდან მართვა
სააკაშვილს და მის მოკავშირეებს ამის არ სჯერათ. ისინი ამბობენ, რომ ივანიშვილი „დონ კარლეონესავით“ იმოქმედებს მარიონეტი პრეზიდენტის და პრემირმინისტრის პირობებში… ეს არის 1990-ინი წლების რუსი ოლიგარქის ოცნება – პროცესების კულისებიდან მართვა პასუხისმგებლობის გარეშე“
45 წლის სააკაშვილის პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანია. მას შეიძლება მოუწიოს გარკვეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა გამოძიებისათვის, ისევე როგორც მის მოკავშირეებს (მათ შორის მინისტრებს), რომლებიც დაკითხეს, ბრალი წაუყენეს და გაასამართლეს სავარაუდოდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებული გადაცდომების გამო.
„სააკაშვილი პოლიტიკური გვამია“, თქვა გასულ თვეში ივანიშვილმა. „ვფიქრობ, ბევრი კითხვა არსებობს, რომელზეც სააკაშვილმა პასუხი უნდა გასცეს, შესაბამისად დიდი ალბათობაა, რომ მას დაკითხავენ“.
ივანიშვილმა დასძინა, რომ ის არ შეეცდება მისი მოწინააღმდეგის დაკავებას, და თქვა, რომ „ევროპელები და ამერიკელები… მეგობრულად გვირჩევენ, რასაც მე ვეთანხმები: ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ წაადგება ის, რომ ჩვენი პრეზიდენტი ციხეში წავიდეს“.
ახალი პრემიერი და პრეზიდენტი ამბობენ, რომ მათ სურთ საქართველოს ეკონომიკის გაცოცხლება, უცხოური ინვესტიციების გაზრდა და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება.
იმ შემთხვევაშიც, თუკი ისინი თავიანთ მიზნებს მიაღწევენ, მათ გაუჭირდებათ თავიანთ წინამორბედებზე მეტი შთაბეჭდილების მოხდენა.
foreignpress.ge