ნაციონალების დროინდელი სასამართლოს შემყურე ადამიანი იფიქრებდა, თემიდა იმიტომ არის თვალებახვეული, რომ სიმართლე ვერ დაინახოს. ალბათ, საზოგადოებისთვის მოულოდნელი იქნება იმის გაგება, რომ სააკაშვილის რეფორმირებულმა სასამართლომ მოსამართლე, პირდაპირი მნიშვნელობით, შეიწირა. საუბარია დავით ლონგურაშვილზე, რომელმაც სრულიად უცნობი ახალგაზრდის უსამართლოდ დაპატიმრება ისე განიცადა, რომ ნერვიულობის ფონზე სასამართლო პროცესზე ანევრიზმა გაუსკდა და სარეცელს 11-თვიანი მიჯაჭვულობის შემდეგ გარდაიცვალა.ზოგიერთი მანტიებწამოსხმული კოლეგებისგან განსხვავებით, დღეს მის შვილებს ღირსეული მამის სახელი შემორჩათ.
For.ge დავით ლონგურაშვილის მეუღლეს, ყოფილ მოსამართლეს - ციცინო დევრისაშვილს ესაუბრა, რომელმაც ყოფილი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ნებით უარი თქვა მოსამართლეობაზე, ხოლო მეუღლის ამბის გამჟღავნებისგან შვილების უსაფრთხოების გამო თავს იკავებდა.
მოსამართლეობამდე დავით ლონგურაშვილმა რთული გზა განვლო. 1992 წელს სამაჩაბლოში მოხალისედ წავიდა. ცხინვალის ასაღებად დაუფიქრებლად ჩაჯდა ბეტეერში ისე, რომ არც მისი ტარება იცოდა, არც ბრძოლა. ამბობდა, საბრძოლველად რომ არ წავიდე, ნიქოზელები არ მეტყვიან, ომის დროს დაიმალე და ახლა რატომ ჩამოხვედიო?! მისი ბებია ნიქოზიდან იყო. სამაჩაბლოში ბეტეერი აუფეთქეს და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ცეცხლიდან გამოიყვანეს, მარცხენა ყური ახეული, თავში კი ნამსხვრევები ჰქონდა, მუხლს ქვემოთ მარცხენა ფეხი საერთოდ არ ჰქონდა და კანზე იყო ტერფი დაკიდებული. ცნობილმა ქირურგმა ლევან თავბერიძემ თეძო გაუჭრა, იქიდან ამოუღო მცირეოდენი ძვლები, დაფშვნა და ჩაუყარა ფეხში. საოცრება იყო, რომ ჩაფშხვნილი ძვალი წამოიზარდა და რეგენერაციის უნარით შეიზარდა. თუმცა მარტო ფეხზე ცხრა ოპერაცია დასჭირდა.
დავით ლონგურაშვილს და ციცინო დევრისაშვილს 12 წლის განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი, 23 წელი კი არაჩვეულებრივი ცოლქმრობა ჰქონდათ. ამიტომ ქალბატონ ციცინოს უთქვამს, თუნდაც დაკოჭლდე, არაფერია. ამის მიუხედავად, დავით ლონგურაშვილმა ტკივილებს გაუძლო და ფეხში ჩადგმული რკინის რგოლები ნელ-ნელა მოუშვა, რომ ძვალი დაგრძელებულიყო.
მოგვიანებით რთული კონკურსი დაძლია და დმანისის მოსამართლედ დაინიშნა. თუმცა ზემოდან მიცემულ უსამართლო მითითებებს არ ემორჩილებოდა. დმანისელებს დღემდე ახსოვთ, რომ იმ პერიოდში უდანაშაულო ახალგაზრდები საკუთარ მიწაზე მილების ამოთხრაში „დაადანაშაულეს“. დმანისის პროკურატურას მათი დაჭერის სურვილი ჰქონდა, მაგრამ დავით ლონგურაშვილმა ისინი დარბაზიდან გაუშვა და მასზე ბედნიერი არავინ იყო. თუმცა ბევრ ფაქტს მალავდა. მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო მისმა ოჯახმა, რომ ღარიბი ბიჭი დაუჭერიათ, პროცესი რომ უნდა გამართულიყო, ბადრაგებს ბიჭი ციხიდან არ გამოუყვანიათ და არ მიუყვანიათ სასამართლოში. დავით ლონგურაშვილს უთქვამს, თუ ახლა არ წავალთ თბილისში და პროცესს არ ჩავატარებთ, პროკურატურამ შეიძლება, საპროცესო გადაიფიქროს და ბიჭი ციხეში დატოვოსო. ამიტომ თავის მანქანაში ჩაუსვამს ადვოკატი, სასამართლოს მდივანი, დაურეკავს პროკურორისთვის, თბილისში მივდივარ და პროცესს ვატარებ ორთაჭალის ციხეშიო. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ საპროცესოს გაფორმების შემდეგ, მის თანმხლებ ქალბატონებს დაუნახავთ, რომ ეს მოსამართლე კაცი იდგა ციხის წინ და ვიღაცას ელოდა. ქალბატონებს უკითხავთ, ვის ელოდებითო? უთქვამს, ნახეთ, პატიმარს არავინ ხვდება და ციხიდან რომ გამოვა, გზის ფული არ ექნება, ფულს თუ არ მივცემთ, შეიძლება, დანაშაული კიდევ ჩაიდინოს და ციხეში აღმოჩნდესო. მდივანს და ადვოკატს უთქვამთ, სირცხვილია, ვინ დაგიჯერებთ, რომ მოსამართლე პატიმარს უანგაროდ ელოდებით, ამიტომ წადით და ჩვენ დაველოდებითო. მან კი გზის ფული დაუტოვა, რათა პატიმრისთვის გადაეცათ სახლში წასასვლელად.
„რომელიმე მოსამართლე ამას გააკეთებდა?! მოსამართლედ დაინიშნა თუ არა, მითხრა, შეეჩვიე, რომ ხელფასიდან 200 ლარი სახლიდან უნდა წავიღოო. გინახავს, 16 წლის ბიჭი რომ ტირის?! თურმე ერთ-ერთ ბიჭს შეშისთვის ტყიდან მოჭრილი ხე წამოუღია. 200 ლარით დაუჯარიმებიათ და უტირია, 200 ლარი რომ მქონოდა, ტყეში ხომ არ წავიდოდი შეშისთვისო?! დათოს უკითხავს ახალგაზრდის ვინაობა, გაირკვა, რომ დედა სიმსივნით ჰყოლია დაავადებული, მამა გარდაცვლილი, თვითონ კი ორ პატარა და-ძმას ინახავდა“, - აცხადებს ციცინო დევრისაშვილი.
დავით ლონგურაშვილს დაჭერის მოლოდინი მუდამ ჰქონდა, მაგრამ კომპრომატი ვერ უპოვეს. კოტე კუბლაშვილისა და ვალერი ცერცვაძის „დამსახურებით“, დმანისთან ერთად, მარნეულის მოსამართლეობაც დაავალეს, რაც ძალიან რთული იყო. თეთრიწყაროელი ბიჭის ამბავმა კი იგი შეიწირა. წარჩინებით სკოლადამთავრებულ ახალგაზრდას ყაჩაღობა ბრალდებოდა. იმის გამო, რომ პოლიციელის შვილთან მოუვიდა კამათი, გადაწყვიტეს, ბავშვი დაეჭირათ. ადგილობრივმა მოსამართლეებმა ამ საქმის განხილვა აიცილეს. არცერთი მოწმე არ არსებობდა, ერთადერთი, დაზარალებული 82 წლის ბერძენი ქალბატონი იყო. იგი ამბობდა, მგონი, ეს ბიჭი დამნაშავეს ჰგავსო. შემდეგ ეს ქალბატონი წავიდა საბერძნეთში და გამოგზავნა წერილი, მაიძულეს, დამეწერა, თითქოს, ეს ბიჭი ყაჩაღი იყო, სინამდვილეში, ჩემთვის არაფერი წაურთმევიაო. ბიჭი მაინც დაიჭირეს.
„ყველამ იცოდა, რომ ჩემი მეუღლე ამის გამო ნერვიულობდა. 2008 წლის 28 ივლისს ერთ-ერთ პროცესზე ანევრიზმა გაუსკდა. კომაში ჩავარდა და იძულებულნი გახდნენ, საქმე სხვა მოსამართლისთვის გადაეცათ. ის მოსამართლე რეანიმაციაში ჩემი მეუღლის სანახავად რომ მოვიდა, მითხრა, ქალბატონო ციცინო, ეს ბიჭი პროცესზე რომ შემოვიდა, პირველ რიგში, იკითხა, ბატონი დავითი როგორ არისო?! როცა ვუთხარით, რომ კომაშია, გადაეცით მის ოჯახს, მთელი საკანი მასზე ვლოცულობთო. კუბლაშვილს შევუთვალე, საქართველოში თუ ნახავდნენ მოსამართლეს, რომელზეც პატიმრები ლოცულობდნენ, ხმას არ ამოვიღებდი. მართლაც, ეს ბიჭი გაამართლეს, რადგან შეეშინდათ. თუმცა მის გამართლებას დათოს გარდაცვალება დასჭირდა, რომელიც 11 თვის შემდეგ გონსმოუსვლელად დაიღუპა“.
რაც შეეხება კოტე კუბლაშვილს, დავით ლონგურაშვილის კუთვნილი ათი წლის ხელფასის ნაცვლად, მის ოჯახს მხოლოდ ათასი ლარი გადაურიცხა. ეს მაშინ, როცა რეანიმაციაში მყოფი ყოფილი მოსამართლის მკურნალობა ყოველდღიურად 500, ხანაც 1000 ლარი ჯდებოდა, რაც ოჯახმა მეგობრების დახმარებით გაიღო.