რომელ ეშელონს გააყოლეს პროფესიონალი თანამშრომლები?

რომელ ეშელონს გააყოლეს პროფესიონალი თანამშრომლები?

რკინიგზაში პროფესიონალების დაბრუნებას ითხოვენ. მიუხედავადიმისა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციამ გაფიცულებს დაუთმო და პრობლემა თითქოსდა მოგვარდა, ყველაფერი, ალბათ, დროებით ხასიათს ატარებს.

რკინიგზის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება მიღწეულია. გაფიცულმა რკინიგზელებმა პროტესტი შეწყვიტეს. მოლაპარაკებები 6 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც დირექტორთა საბჭომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფიცვა შეწყდება, მოთხოვნები დაკმაყოფილდება და ამის დასტურად, ოქმიც გაფორმდა.

საქართველოს რკინიგზის ფინანსური დირექტორის ირაკლი ტიტვინიძის განცხადებით, პროფკავშირების წარმომადგენლებთან კონსტრუქციული დიალოგი შედგა.

„საუბრისას გამოირიცხა ყოველგვარი რადიკალური მოთხოვნები და შეთანხმებას მივაღწიეთ რკინიგზის თანამშრომლების ძირითად საჭირბოროტო საკითხებზე. ეს მოიცავს სამართლიან საპრემიო სისტემაზე მუშაობას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას და სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ანაზღაურების სისტემაზე მუშაობას. ეს შეთანხმება გავრცელდება რკინიგზის ყველა თანამშრომელზე“, - აღნიშნა ტიტვინიძემ.

რკინიგზელთა ნაწილი გუშინ დილიდან გაიფიცა. ისინი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, მე-13 ხელფასს და სტაჟისა და დამსახურებით ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ.

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა მთავრობას რკინიგზელთა გაფიცვაში ჩაურევლობისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა თანამდებობებზე კომპეტენტური კადრების დანიშვნას შეუწყოს ხელი.

როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, არჩევნებს თუ რევოლუციას მოჰყვება არაკომპეტენტური კადრების თანამდებობებზე დანიშვნა და ამ არაკომპეტენტური კადრების მიერ ეკონომიკისთვის ზარალის მიყენება. არაკომპეტენტურმა ადამიანებმა კი რკინიგზაში კიდევ უფრო არაკომპეტენტური კადრები მოიყვანეს, რაც დაღუპავს კომპანიას, ასევე ეკონომიკას და მთავრობამ დროზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ადამიანები ინიშნებოდნენ თავისი პროფესიონალიზმის მიხედვით.

იგივეს ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძეც, რომლის აზრითაც არაკვალიფიციურობის გამო, რკინიგზის ადმინისტრაციიდან დასათხოვია, როგორც ძველი, ისე ახალი კადრების ნაწილი, რომლებიც კომპანიაში 2012 წლის ნოემბრის ბოლოს მივიდნენ.

„პრობლემები, რა თქმა უნდა, კიდევ რჩება. ძველი მენეჯმენტი, ძველი კადრები, რომელიც წლების განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში ამყოფებდა რკინიგზელებს, ისინი ისევ რჩებიან თანამდებობებზე და არიან აუცილებლად სახლში გასაშვები.

იგივე შეიძლება ითქვას, ნამდვილად ახალი მენეჯმენტის გარკვეულ კატეგორიაზე. ასე რომ, სერიოზული ცვლილებები არის რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში ჩასატარებელი“, - ამბობს ვიტალი გიორგაძე.

რკინიგზელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვალერიან მაყიშვილიც ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. „გაფიცვა არავისთვის კარგის მომტანი არ არის, ამიტომ უპრიანი იქნება თუ რკინიგზელები მოითხოვენ თავად ამ დარგის განვითარებას. დღეს რკინიგზაში არაფერი კეთდება, რომ ის განვითარდეს, საჭიროა, ამ სფეროში პროფესიონალების დასაქმება მოხდეს. მაშინ გაიზრდება შემოსავლებიც და, რა თქმა უნდა, ხელფასებიც“, - ამბობს მაყიშვილი.

იგი ყურადღებას ამახვლილებს იმაზე, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ ხელფასები მხოლოდ ადმინისტრაციაში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს ეზრდებათ, უბრალო რკინიგზელები ყველასგან მივიწყებულია. საყურადღებოა ისიც, რომ რკინიგზის მენეჯმეტში შტატები უცებ გაიზარდა. 1 წლის წინათ რკინიგზის ადმინისტრაციაში დაახლოებით 500 ადამიანი მუშაობდა, დღეს კი მათი რიცხვი გასამმგებულია. ყველა მათგანის ხელფასი 3 ათას ლარს აჭარბებს, რკინიგზის დაბალი რანგის თანამშრომლების ყოველთვიური სარგო კი 350-450 ლარია.

აღსანინავია ისიც, რომ გასულ კვირას, ავტორიტეტულმა სარეიტინგო კომპანია FITCH-მა „საქართველოს რკინიგზას“ შეუნარჩუნა არსებული რეიტინგი (BB-), თუმცა კომპანიის სამომავლო პროგზონი ნეგატიურად შეაფასა. FITCH-მა ამ გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად - შემცირებული გადაზიდვები, მაღალი ტარიფები და გაზრდილი ხარჯები დაასახელა.