2013 წლის 14 ნოემბერს სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, საქართველოს მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ფაჰატტინ ეფე (Fahattin Efe) დააკავეს.
აღნიშნული პიროვნება, დაპატიმრების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნაში 2012 წლის 16 მაისიდან იმყოფებოდა.
ფაჰატტინ ეფეს გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და საგადასახადო კოდექსის 370-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდებას გულისხმობს. დაკავებულს სავარაუდოდ თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით ემუქრება.
2010 წლის 27 სექტემბრიდან ფაჰატტინ ეფე კომპანია EFE AUTOMOBILE-ს ფლობდა. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მან შესაბამის საგადასახადო უწყებას წინასწარ მიაწოდა ბრუნვის გადასახადის დეკლარაცია და განმარტა, რომ იგი უფლებამოსილი იყო მიეღო შემომავალი გადასახადი და აღნიშნულის დასადასტურებლად MAN TRUCK & BUS DEUTSCHLAND GMBH-ის სხვადასხვა ფილიალების მიერ სავარაუდოდ გაცემული ფიქტიური ანგარიშფაქტურები და COMMERZBANK AG-ის მიერ გაცემული დეპოზიტის ფიქტიური ქვითრები წარმოადგინა. ეფემ უკანონოდ სულ მიიღო 322 810 ევრო.
ძებნილი ამჟამად გადაყვანილი და მოთავსებულია აჭარა-გურიის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.