რას მოუტანენ „ნაპატიები“ ინვესტორები ქვეყნის ეკონომიკას

რას მოუტანენ „ნაპატიები“ ინვესტორები ქვეყნის ეკონომიკას

მთავრობამ ოღონდ ბიზნესი ამოძრავდესო და ინვესტორებისთვის ჯარიმად დაკისრებულ რამდენიმე მილიონზე უარი თქვა. რამდენად მარგი აღმოჩნდება ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს ნაბიჯი, სულ მალე გამოჩნდება - სურვილი ერთია, რეალობა კი - მეორე.

სახელმწიფომ 40-ზე მეტ ინვესტორს დაკისრებული ჯარიმები აპატია, რომელთაც ამ ეტაპისთვის საინვესტიციო ვალდებულებები შესრულებული აქვთ.

სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ 50-ზე მეტი ინვესტორის საქმე განიხილა, თუმცა დადებითი ვერდიქტი და ინვესტორებისათვის პირგასამტეხლოს პატიება და საინვესტიციო ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაწევის გადაწყვეტილება მხოლოდ 40-ზე მეტ ინვესტორთან მიმართებაში გამოიტანა. საუბარია იმ ინვესტორებზე, რომელთაც ამ ეტაპისთვის საინვესტიციო ვალდებულებები შესრულებული აქვთ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, დღეისათვის ინვესტორებისთვის სრულად ნაპატიები თანხის ოდენობა 2,8 მლნ ლარია. ქუმსიშვილის განმარტებით, კომისია თვეში ერთხელ იკრიბება და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობის სხდომაზე ინვესტორებისათვის დამატებით 4,6 მლნ ლარის პირგასამტეხლოს პატიების საკითხის განხილვა მოხდება.

„გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით საქართველოს მთავრობას წარედგინა დადგენილების პროექტი და მთავრობის 28 მარტის დადგენილებით, შეიქმნა სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებათა დაკავშირებული საკითხთა შემსწავლელი კომისია.

საკანონმდებლო ბაზა, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობებს, რომ ჩვენ კომპანიებს ვაპატიოთ პირგასამტეხლოები, არის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი, რომელიც ამბობს, რომ საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობის კომპეტენციაა აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“, - განმარტავს ქუმსიშვილი.

მისივე განმარტებით, უწყებათაშორისი კომისია განიხილავს მხოლოდ ისეთ საკითხებს, რომელშიც სულ მცირე 100 ათას ლარზე მეტი პირგასამტეხლოს პატიებაზეა საუბარი და ასევე გადასავადებელია 1 წელზე მეტი ვადით საინვესტიციო ვალდებულება.

როგორც ქუმსიშვილი განმარტავს, არის ისეთი პროექტები, სადაც ინვესტორს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500-1000 ლარის გადახდა უწევს და ასევე არის ერთი ისეთი მსხვილი პროექტიც, სადაც ხელშეკრულებაში დევს, რომ კომპანიას ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 250 ათასი დოლარი დაერიცხება.

„პროექტები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: პროექტები რომელშიც საინვესტიციო ხელშეკრულებები შესრულდა, თუმცა დაგვიანებით ან შესრულდა და იქ არის არსებითი გადახრა საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებიდან; ანდა საინვესტიციო ვალდებულებაში იყო ჩადებული ისეთი პირობა, რომლის შესრულებაც დღეს არის არააქტუალური და ამის გამო ამ სუბიექტს, შესაძლოა, პირგასამტეხლოდ მილიონობით ლარიც კი დაეკისროს. რადგანაც ხელშეკრულებებში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩადებულია 500-1000 ლარის ჯარიმა. ჩვენ გვაქვს ისეთი კონტრაქტიც, სადაც წერია 250 ათასი დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

გარდა ამისა, არის მეორე ჯგუფის კომპანიები, რომელთაც პირობით ვაპატიეთ ჯარიმები იმისათვის, რომ მათ განაახლონ და გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა. საუბარია, ბევრ მილიონზე, მაგრამ ეს არის პირობით ნაპატიები, ანუ ბოლომდე არაა ნაპატიები. პირობით ნაპატიები ამ დროისათვის არის 10 მლნ ლარზე მეტი. ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ ინვესტორებმა განაახლონ თავიანთი საქმიანობა“, - განმარტავს დიმიტრი ქუმსიშვილი „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ერთგვარი ამნისტიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით ინვესტორების წახალისება მოხდა. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა, შესაბამისად, ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დაწყებული პროექტები 2014 წელს მაინც განახორციელონ.

„ამ საკითხს მხოლოდ დადებითად შევაფასებ. მთავრობა, იმ ინვესტორებს, რომლებმაც წელს, გარკვეული მიზეზების გამო, პროექტები ვერ განახორციელეს, კონპენსირებას უკეთებს, ხოლო წინა წლებში საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერით ინვესტორების წახალისება ხდება. ახლა რთული ეკონომიკური სიტუაცია, ხოლო მომავალ წელს საინვესტიციო აქტივობას ხელი აღარ უნდა შეეშალოს“, - ამბობს ჯგერენაია.

მასვე ეთანხმება პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ტყემალაძე, მისი განცხადებით, კომპანიები ვალდებულებებს მაინც ვერ გაექცევიან, ახლა კი მთავარია არა ჯარიმების დაწესება, არამედ პროექტების განხორციელებაა.