საქართველოში ტაქსების ბიზნესი არ კონტროლდება. უკმაყოფილო მგზავრები ტაქსის მძღოლების მიერ გზების უცონდინრობასა და ავტომობილებში დაუცველ ჰიგიენურ ნორმებს აპროტესტებენ. იგივეს ამბობენ, სატაქსო კომპანიებშიც და ბიზნესის ლიცენზირებას ითხოვენ, სხვათა შორის, ამის წინააღმდეგი არც კერძო „ტაქსისტები“ არიან. გამოცდილი მძღოლები ამბობენ, რომ ყველა უცოდინარი საჭეს მიუჯდა და ამით პროფესიონალებს საქმე უფუჭდებათ.
მეორეს მხრივ კი, „ტაქსაობა“ საქართველოში თვითდასაქმების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საქმიანობად მიიჩნევა. ადამიანები, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ, თავს ამ ბიზნესს აფარებენ. მარტო დედაქალაქში ათიათასობით ტაქსია, იზრდება მათი რაოდენობა რეგიონებშიც. ისინი თავისი საქმიანობით უამრავ ოჯახს არჩენენ და ამიტომაც ჯერჯერობით ვერც ერთი მთავრობა, მათ წინააღმდეგ რეგულაციების შემოღებას ვერ ბედავს. უკმაყოფილო მძღოლების საპროტესტო აქციები გაცილებით დიდი მასშტაბისა იქნება, ვიდრე სხვა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლების შემთხვევაში.
არადა, კონკურენცია და თავისებური დაპირისპირება მომსახურების ამ სფეროში უმაღლეს საფეხურზეა. პირველ რიგში, პრეტენზიას სატაქსო კომპანიები გამოთქვამენ. კომპანია „ომეგას“ წარმომადგენლის განცხადებით, პრობლემებს კლიენტები, ძირითადად, „3-ლარიანი“ და ინდივიდუალური ტაქსების შემთხვევაში აწყდებიან. მისი თქმით, სახელმწიფო კონტროლის ან რეგულაციების არსებობის შემთხვევაში, თბილისში ამდენი ტაქსი არ ივლიდა.
„ჩვენთან ხშირად რეკავენ და კითხულობენ, 3-ლარიანი ტაქსი ვართ თუ არა, რადგან ეს მომსახურება იაფია, თუმცა ამ ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში, ან ქუჩაში რჩებით და ან კიდევ შეიძლება დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ მიხვიდეთ“, - აცხადებენ „ომეგაში“.
ისინი ამტკიცებენ, რომ „ომეგაში“ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ აქვს და მოწესრიგებულ მძღოლებთან ერთად, ავტომანქანებს მონიტორინგი სისტემატიურად უტარდება.
კომპანია „ვესტ საიდ ჯგუფშიც“ ადასტურებენ, რომ ტაქსის მძღოლები, რომლებიც მათ კომპანიაში იწყებენ მუშაობას, გასაუბრებას გადიან, სპეციალურ დოკუმენტაციას აბარებენ და სწორედ ამის შემდეგ ხდება მათი აყვანა.
„როდესაც მძღოლი აგვყავს, მას აუცილებლად ერთწლიანი გამოცდილება უნდა გააჩნდეს, გარდა ამისა, ჩვენ ტაქსებში GPS-ის სისტემები აყენია და მძღოლოებს ელექტრონული რუკები აქვთ“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი გია ქერდიყოშვილი.
დაუზუსტებელი მონაცემებით მარტო თბილისში ტაქსების რიცხვი 25 000-ს აჭარბებს. როგორც ამბობენ, ყოველი 10 ავტომანქანიდან 2 ტაქსია. რაც შეეხება მძღოლის დღიურ შემოსავალს, საშუალოდ, 20-40 ლარის ფარგლებშია. სწორედ ეს ფაქტორი აშფოთებთ ტაქსის კომპანიებს. ისინი ითხოვენ, შემოიღონ რეგულაციები და მოქალაქეებს „ტაქსისტებად“ მუშაობის პირობები გაურთულონ.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, რეგულაციების შემოღებაზე უარს არც კერძო ტაქსისტები ამბობენ. მათ თქმით, თბილისში, ტაქსების მოზღვავების გამო, პროფესსიონალ მძღოლებს კლიენტი აკლდება. ლიცენზიის დაკისრება კი ბაზარს შემთხვევით ტაქსისტებისგან დაიცავს.
„ვისაც არ ეზარება, ყველა „ტაქსაობს“. არაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს და არსებობის სხვა საშუალება არ აქვთ. ჩემ გვერდით რამდენიმე ისეთი „ტაქსისტია“, რომელთაც აქვთ სამსახური, მაგრამ დღის განმავლობაში საშოვარზე მაინც გამოდიან. ასეთები არიან, მაგალითად, მიკროავტობუსის მძღოლები, რომლებიც დღეგამოშვებით მუშაობენ და დასვენების დღეებში „ტაქსისტობას“ ითავსებენ.
ლიცენზიის შემოღება, ცხადია, ბევრს ამ საქმიანობაზე ხელსა აღებინებს, ზედმეტი გადასახადის გაღება არავის ენდომება, მით უმეტეს, ისინი მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში „ტაქსაობენ“. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. იმდენად ბევრი ტაქსია, რომ მგზავრების პრობლემაც გაჩნდა“, - ამბობს გრიშა ძაძამია, ტაქსის მძღოლი.
როგორც აღვნიშნეთ, ჯერჯერობით ვერც ერთმა მთავრობამ სატაქსო ბიზნესის ჩარჩოებში მოქცევა ვერ გაბედა. პერმანენტული არჩევნების ფონზე ამაზე საუბარიც კი წარმოუდგენელია. ასე რომ, „ტაქსისტებს“ მინიმუმ 2015 წლამდე ვერავინ შეეხება.