სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი პფეფერმა ყველაზე წარმატებულ სტუდენტთა ხასიათის თვისებები გააანალიზა, მათ შორის მოხვდნენ ყოფილი პრეზიდენტი ჯონსონი და ცნობილი ურბანისტი რობერტ მოზესი, რომელიც 1930 წლიდან 1970 წლამდე ნიუ-იორკის რეკონსტრუქციაზე მუშაობდა.
პროფესორმა ჯეფრი პფეფერმა ხასიათის ექვსი თვისება გამოყო, ექვსი მთავარი თვისება, რომელიც ეფექტური მუშაობის, ცხოვრებისეული წარმატების და დიდი მიღწევების გასაღებია. თუმცა, მეცნიერმა არა მხოლოდ „ჩემპიონთა“ საერთო თვისებები განიხილა, არამედ იმის განსაზღვრასაც შეეცადა, თუ რა აკლიათ დანარჩენებს.
პირველი თვისება ენერგიას და ფიზიკურ გამძლეობას ეხება. ამ მხრივ უკვე მკაცრი გადარჩევა ხდება: ბევრ ადამიანს არ შეუძლია დღეში 10 საათი, ან კვირაში 60-65 საათი მუშაობა. პროფესორი პფეფერი აღნიშნავს, რომ მუხლმოუხრელი შრომის სურვილი და უნარი ბევრი გავლენიანი ადამიანისთვის დამახასიათებელი საერთო თვისებაა. ჩატარებული სამუშაოს ასეთი მოცულობა აძლევს მათ საშუალებას, ბევრად უფრო ჭკვიან და განსწავლულ ადამიანებს გაუსწრონ. გარდა ამისა, მსგავსი შრომითი ენთუზიაზმი გარშემომყოფთაც უფრო აქტიური მუშაობისაკენ უბიძგებს.
წარმატების მეორე გარანტია – მობილიზების და კონცენტრირების უნარია. პროფესორს მაგალითად მოჰყავს სტუდენტი, რომელმაც უარი თქვა შესანიშნავ თანამდებობაზე ერთ-ერთ ნავთობკომპანიაში. რატომ? მას ყველაზე მეტად უნდოდა ოვალურ კაბინეტში მოხვედრა, ხოლო ნავთობკომპანიაში მუშაობა ამ ოცნებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. ჯეფრი პფეფერი აღნიშნავს, რომ მსხვილი კომპანიების წარმატებული ხელმძღვანელები ჩვეულებრივ მთელ თავის კარიერულ ძალისხმევას თავს უყრიან ერთ ან სულ რამდენიმე საწარმოში.
მესამე საკვანძო თვისება – ცოტა ადამიანურობა ანუ გარშემომყოფთა მიმართ ყურადღებაა. რადგან იმის გაგება, თუ რა უნდათ სხვებს, კომუნიკაციას აიოლებს. იმავდროულად, საჭიროა იმის ცოდნა, თუ სად გადის ზღვარი ადამიანის სურვილს და იმას შორის, თუ რას მიიღებს ის. ასეთ დროს, პირველ პლანზე გამოდის მოლაპარაკებები.
მეოთხე უმნიშვნელოვანესი თვისება – მოქნილობაა. და აქაც ყველაფერი გაცილებით რთულ და ზოგჯერ შიზოფრენიულ ფორმებსაც კი იძენს, აღნიშნავს პფეფერი და მაგალითად მაკიაველი მოჰყავს.
მისი თქმით, მართალია მოქნილობით ძალიან ბევრის მიღწევაა შესაძლებელი, მაგრამ ის პირდაპირ ეწინააღმდეგება მეორე თვისებას, ხოლო ირიბად – მესამეს. სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში მოქნილობა შეიძლება სისუსტედ იქნას აღქმული… ამგვარად, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ყველა ამ თვისების სწორ შეთავსებას. მეხუთე თვისება კონფლიქტებთან გამკლავების ცოდნას ეხება. თანაც, საუბარია ამ კონფლიქტებისთვის მუდმივად თავის არიდებაზე. გარკვეული თვალსაზრისით, ეს იგივეა, რაც ბრძოლასა და ომში გამარჯვება… და ბოლო, მეექვსე თვისება ეგოს მოთოკვის, საკუთარ პატივმოყვარეობაზე გადაბიჯების უნარია, რადგან ეგო შეიძლება თქვენს მოსისხლე მტრად იქცეს.
დასკვნა: მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში კარიერულ სამაღლეებზე ასვლა მარტო სჯობს, მაგრამ ზოგჯერ სასურველია ალიანსების ჩამოყალიბება და მეგობრული კავშირების გაბმა. ჯეფრი პფეფერს მიაჩნია, რომ ყველაზე დიდ სიმაღლეებს ის ადამიანები იპყრობენ, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი ქცევის შეცვლა მათ წინაშე გახსნილი შესაძლებლობების მიხედვით. ანუ, გარკვეული თვალსაზრისით, ისინი ცოტა შიზოფრენიკები არიან… მაგრამ თუკი ეს ექვსი მთავარი თვისება გაქვთ, თქვენ შეძლებთ საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას კარიერაში. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ამას თავად მოინდომებთ…
/foreignpress.ge