ნაციონალები მომსვლელს ბოიკოტს უცხადებენ, წამსვლელს რჩევას აძლევენ

ნაციონალები მომსვლელს ბოიკოტს უცხადებენ, წამსვლელს რჩევას აძლევენ

ახლადარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მსგავსად, არც მოქმედი პრეზიდენტი დაესწრება. როგორ ჩანს, უმცირესობაში დიდი გავლენით რადიკალური ფრთა სარგებლობს, რადგან კონსტრუქციული ნაწილი 17 ნოემბრის ღონისძიებაზე დასწრების და ამ ფორმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაფასების მომხრე იყო.

ნაციონალთა ნაწილი ინაუგურაციისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზად, გიორგი მარგველაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ასახელებს, მეორე ნაწილი კი, გარანტიებზე საუბრობს.

პავლე კუბლაშვილის განცხადებით, 27 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა და ამით მათ ამომრჩევლის მიმართ პატივისცემა გამოხატეს, მაგრამ არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, ხოლო ივანიშვილმა ნაციონალთა ამომრჩეველს პირდაპირი შეურაცხყოფა მიაყენა და დაბალი პოლიტიკური კულტურა დასწამა.

„უკლებლივ ყველა ამომრჩევლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ, მაგრამ იმ პირობებში, როცა გამარჯვებული პოლიტიკური ძალა არა გაერთიანების, არამედ კონფრონტაციის სურვილითაა შეპყრობილი, ასევე როცა უკანონო პატიმრობაში რჩებიან ჩვენი თანამებრძოლები, ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებაზე დაწრება შეუძლებლად მიგვაჩნია“, - განუცხადა for.ge-ს კუბლაშვილმა.

აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციას მიხეილ სააკაშვილი უნდა დასწრებოდა, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო, თუ იქნებოდა გარანტია იმისა, რომ მას, როგორც პრეზიდენტს, შესაბამისი პატივით მოექცეოდნენ და არ იქნებოდა დადგმული სპექტაკლი - თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მას.

„სააკაშვილი ინაუგურაციას იმ შემთხვევაში უნდა დასწრებოდა, თუ იმის შანსი არ იქნებოდა, რომ ივანიშვილის მსგავსად, გაწვდილ ხელზე მას ხელს არ გაუწოდებდნენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში ბობოხიძე, რომელიც ბრიუსელში მყოფ მიხეილ სააკაშვილს რჩევას აძლევს.

კანონმდებელის მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას არ დატოვებს, მაგრამ სასურველია, თუ ის საქართველოში დროებით არ დაბრუნდება.

„ქვეყანა გამოწვევებისა და ისტორიული მომენტის წინაშე დგას. კერძოდ, როცა ევროინტეგრაციის კუთხით, სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, არ გამოვრიცხავ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სიარულსა და პირად შურისძიებას შორის საქართველოს ხელისუფლებამ შურისძიება არჩიოს. ამიტომ, სასურველია, თუ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე ხნით, საქართველოში არ ჩამოვა. ეს იქნება კარგი, რათა ამ ხელისუფლებას პირადი შურისძიების გამო, ხელი არ წაუცდეს და ისეთი ნაბიჯები არ გადადგას, რომელიც ევრონტეგრაციის გზაზე სიარულს შეაფერხებს“, - აცხადებს დეპუტატი, რომელმაც არ იცის, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში როდის დაბრუნდება, მაგრამ ამბობს, რომ მათი ლიდერი პოლიტიკაში იმ მასშტაბით დარჩება, რა მასშტაბითაც, მას ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს.

თანაგუნდელების მსგავსად, ინაგურაციაზე დასწრებას არც გოკა გაბაშვილი აპირებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ ფრთაში მოიაზრება.

დეპუტატის შეფასებით, უმცირესობა იმ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს, რომელიც მტერს ვერ არჩევს და საქართველოს ოკუპანტს ელაქუცება.

„იმ ინაუგურაციაზე დასწრება არ ღირს, რომელიც დახურულ, ჩაკეტილ კარს მიღმა გაიმართება“, - განუცხადა for.ge-ს გაბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილების გამო, უმცირესობაში ნაციონალებს კვალიფიკაციას უწუნებენ და მათ პოზიციას „გაბუტული, დამარცხებული ხალხის პოზიციად“ აფასებენ.

როგორც for.ge-ს დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, საკუთარი გადაწყვეტილებით ნაციონალები პარტიულ მომავალს დააზარალებენ.

„როცა ისინი ადასტურებენ, რომ არჩევნები უნაკლოდ ჩატარდა, როცა მათმა კანდიდატმა მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა და როცა დავით ბაქრაძე თინა ხიდაშელთან ერთად, ნიუ-იორკში, საგარეო ფრონტზე, ქვეყნის ინტერესებს იცავს, მათი გადაწყვეტილება რას ემსახურება?! ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის, მაგრამ ამით ქვეყანას ვერ დააზარალებენ. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ პარტიულ მომავალს დააზარალებენ. მათი საქციელი გაბუტული, დამარცხებული ხალხის პოზიციაა, რაც პოლიტიკურად, უკიდურესად არაკვალიფიციურად მიიჩნევა. მართალი გითხრათ, მათ მომავალზე ვერ ვიდარდებ. კიდევ კარგი, რომ ისინი ქვეყანას ვეღარ აზარალებენ, რადგან მათ ამის ძალა აღარ აქვთ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინაგურაციაზე დასწრების საკითხი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილების მიზეზი გახდა. პარტიის რადიკალური ნაწილი, რომელშიც ბარამიძე-გაბაშვილი-წიკლაური-მინაშვილი-თაქთაქიშვილი და კიდევ რამდენიმე ლიდერი მოიაზრება, 17 ნოემბრის ღონისძიებაზე დასწრების წინააღმდეგი იყო. მომხრეთა შორის კი, მიხეილ მაჭავარიანი, გიგი წერეთელი და დავით ბაქრაძე იყვნენ.