„მიხეილ სააკაშვილს არანაირად არ აწყობს, დაესწროს ინაუგურაციას“

„მიხეილ სააკაშვილს არანაირად არ აწყობს, დაესწროს ინაუგურაციას“

ევროპული ტიპის პრეზიდენტის ინაუგურაცია ევროპული ყაიდის იქნება. ცერემონიალი პომპეზურად არ ჩაივლის და არ იქნება არც ავიაცია, არც მძიმე ტექნიკა, არ იმღერებენ არც სპეციალურად მოწვეული შემსრულებლები, რაც ყოფილი პრეზიდენტისთვის განუყრელი ატრიბუტიკა იყო.

თუ ევროპის დიდ ქვეყნებში ინაუგურაცია ხშირად პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზში იმართება, ქართულ მხარეს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ამიტომ ოპლიმალური ვარიანტი მონახეს, რათა ინაუგურაცია იყოს სადა, არ დაჯდეს დიდი თანხა და ჩატარდეს თბილისში, პარლამენტის შიდა ეზოში.

17 ნოემბერს ინაუგურაციის ცერმონიალი ოთხ ნაწილად გაიმართება: 13.00 საათზე პარლამენტის ეზოში ფიცის დადებით გაიხსნება, სადაც პრეზიდენტი აქცენტს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე გააკეთებს, შემდეგ გიორგი მარგველაშვილი გმირთა მოედანზე გადაინაცვლებს და პატივს მიაგებს საქართველოს გმირებს, ამის შემდეგ საზეიმო კონცერტი რუსთაველის თეატრში გაიმართება და მეოთხე ღონისძიება უკვე უცხოელი სტუმრების მიღება იქნება.

კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ამ ღონისძიების მომზადებაში, აცხადებს, რომ ინაუგურაცია სპექტაკლი არ არის, რომ ერთმა რეჟისორმა დადგას, როგორც ეს იყო სააკაშვილის შემთხვევაში.

წინასწარი მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე მხოლოდ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა და ის ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანააა, ამ ვიზიტს უკვე დადებითად აფასებენ. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის გამო, რუსულ დელეგაციას არ უნდა ველოდოთ. ასევე, უცნობია, ამერიკიდან ვინ გვეწვევა.

არასრული მონაცემებით, ინაუგურაციაზე ავსტრიას წარმოადგენს ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი, ჩეხეთის რესპუბლიკას- პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუმინეთს, ყირგიზეთსა და სომხეთს - საგარეო საქმეთა მინისტრები; პორტუგალიას - ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი; თურქეთს - შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი; იაპონიას - საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი; ყაზახეთს - ვიცე-პრემიერი; თურქმენეთს - ეკონომიკის მინისტრი; მოლდოვას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. კატარის სახელმწიფოს წარმოადგენს კულტურის მინისტრი; ირანს - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ისრაელს კი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

საქართველოს, ასევე, ეწვევიან ეუთო-ს გენერალური მდივანი და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრება-არდასწრების საკითხმა ნაციონალებშიც განხეთქილება გამოიწვია. მათი ნაწილი მზადაა, ახალ პრეზიდენტს პატივი ამ ჟესტით მიაგოს და ცერემონიალზე უარი არ თქვას.

დაესწრება თუ არა მარგველაშვილის ინაუგურაციას მიხეილ სააკაშვილი, ეს მისი გადასაწყვეტია. ყოველ შემთხვევაში, მოსაწვევები მანაც და შევარდნაძემაც მიიღეს, განსხვავებით, ყოფილი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ოჯახისგან, რომელსაც მოსაწვევი არ მიუღია.

იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მივა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე შესაძლოა, ღონისძიებას თავად აღარ დაესწროს და მის გვერდით დგომა არ ისურვოს იმ მოტივით, „რა უნდა მიხეილ სააკაშვილს იმ ზეიმზე, რასაც მარგველაშვილის ინაუგურაცია ჰქვია?!“

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციაზე არმისვლას უბედურებად არ აღიქვამს. ზურაბიშვილი ვერც იმას ამტკიცებს, თითქოს მარგველაშვილი მოუთმენლად ელის სააკაშვილის მისვლას.

სააკაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრო ბარნოვის აზრით, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე დასწრება ახალი ხელისუფლების რიტორიკაზეა დამოკიდებული. ინაუგურაციაზე დასწრების შემთხვევაში, თავად სააკაშვილის პირობა კი ასეთია, იგი უნდა დარწმუნდეს ახალი ხელისუფლების ევროპულ არჩევანში. ამის საპასუხოდ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ, თუ ამ ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილი ვერ დარწმუნდა, რომ ხელისუფლება ევროპულ კურსს მიჰყვება, დარჩენილ ოთხ დღეში ამაში დარწმუნება საეჭვოა.

თავად სააკაშვილის ინაუგურაციამ ორჯერ ჩაიარა. 2004 წლის 24-25 იანვარს „მისმა უდიდებულესობამ“ (სწორედ ასეთი მიმართვის სიტყვები ისმოდა ცერემონიალზე) პარლამენტის შენობის წინ პომპეზურად დადო ფიცი ქვეყნისა და ერის წინაშე და ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. შემდეგ ფიცის დადების ცერემონიალი გელათის სამონასტრო კომპლექსში, დავით აღმაშენებლის საფლავზე გაგრძელდა. მის ინაუგურაციას ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი. 25 იანვარს კი მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან ერთად სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. რა თქმა უნდა, მიშასდროინდელი ცერემონიალი ვერტმფრენებისა და სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენით დასრულდა, საიდანაც რუსთაველის გამზირზე ვარდები გადმოყარეს. მაშინდელი ინაუგურაციიდან კი ხალხს სააკაშვილის სიტყვები შემორჩა: „ქართველი ხალხისთვის იმედის გაცრუებას სიკვდილი მირჩევნია!“

2008 წლის ინაუგურაციის მეორე ნაწილი უკვე ბაგრატის ტაძარში გაგრძელდა და სააკაშვილმა პატრიარქისა და სამღვდელოებისაგან კურთხევა მიიღო. იმ დროს სააკაშვილმა ინაუგურაციაზე ვლადიმირ პუტინიც დაპატიჟა, თუმცა ამაოდ. მის ინაუგურაციას არც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრო, სამაგიეროდ, ცერემონიალს ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი იუშჩენკო.

როგორც ამბობენ, სააკაშვილმა გააგრძელა ეკლესიაში ინაუგურაციის შევარდნაძისეული ტრადიცია, მაგრამ შეცვალა ტაძარი და, შევარდნაძისგან განსხვავებით, სვეტიცხოვლის ნაცვლად, ღვთის წინაშე ფიცი გელათში დადო.

რას ფიქრობენ მომავალ ინაუგურაციასთან დაკავშირებით ჩვენი ექსპერტები. ამის შესახებ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძესა და ექსპერტ დემურ გიორხელიძეს დავუკავშირდით.

ის ფაქტი, რომ მარგველაშვილის ინაუგურაციას შესაძლოა, მხოლოდ ერთი პრეზიდენტი დაეწროს, პოლიტოლოგ ვახტან ძაბირაძეს შემაშფოთებლად არ ეჩვენება. მისი თქმით, დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები შემცირებულია. შესაბამისად, ახალი ხელისუფლებაც სხვა ქვეყნების პირველ პირთა მოსაზიდად არ აქტიურობს. თანაც, სულ რაღაც ორ-სამ კვირაში ვილნიუსის სამიტია დაგეგმილი, სადაც მთელი ევროპა იქნება წარმოდგენილი და საუბრები, რომლებიც უნდა შემდგარიყო საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტსა და სხვა მთავრობებს შორის, შედგება ვილნიუსში.

რაც შეეხება ნაციონალების დასწრებას ცერემონიალზე, ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ, ზოგადად, ნორმალურ და დალაგებულ ქვეყანაში მოსახლეობის წინაშე ეს არის იმის დემონსტრირება, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის მტრები არ არიან. ამიტომაც გასაკვირი არაა ყოფილი პრემიერების თუ პრეზიდენტების მიწვევა ინაუგურაციებზე. თუმცა, საქართველოს მაგალითზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“, ბუნებრივია, დაიწყო შიდა ბრძოლები იმის გასარკვევად, ვინ შერჩება პოლიტიკურ ასპარეზს და ვინ გადაინაცვლებს მეორე პლანზე. დავით ბაქრაძის ფრთას, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს თანამშრომლობა დღევანდელ ხელისუფლებასთან. ამიტომ მათთვის ორგანულია, რომ ინაუგურაციას დაესწრონ, განსხვავებით ნაციონალების მეორე ნაწილისგან.

„მიხეილ სააკაშვილს არანაირად არ აწყობს, დაესწროს ინაუგურაციას, არც ის შეუძლია თქვას, რომ არ მიუპატიჟებიათ. მისთვის ყველაზე კომფორტული იქნებოდა, თუ არ მიიპატიჟებდნენ, რადგან დაიწყებოდა იმის პროპაგანდა, რომ ახალი ხელისუფლება კოაბიტაციას აგრძელებს. რახან მიიწვიეს, ამის თქმის საშუალება აღარ აქვს. ამიტომ ცდილობს, თავის საქციელს გამართლება მოუძებნოს და ისევ შეეხოს იმ ფაქტორს, რასაც ნაციონალები მთელი ერთი წლის განმავლობაში იძახდნენ - იქნება თუ არა ევროპული არჩევანი?! ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზია. რეალურად, რასაც ნაციონალები და, მათ შორის, სააკაშვილი აკეთებს, ეს პიარის ნაწილია და არა რეალური პოლიტიკა. ამიტომ, ალბათ, არ დაესწრება სააკაშვილი ინაუგურაციას“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და მიიჩნევს, კარგი იქნებოდა, აღნიშნულ ღონისძიებაზე ზვიად გამსახურდიას მეუღლეც მიეწვიათ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ უცხოელებისთვის არ კეთდება ეს ინაუგურაცია, არამედ შიდა მოხმარებისთვის. ამიტომ არავინაც რომ არ ჩამოვიდეს, ამაში ტრაგიკული არაფერია. საქართველოს პრეზიდენტი, პირველ რიგში, თავისი ხალხის პრეზიდენტია და მისთვის მთავარია ისეთი სტრატეგიის განხორციერება, რომელიც ქვეყანას უკეთესად მოაწყობს, ღირსეულს გახდის და ადამიანებს ნორმალური ცხოვრება ექნებათ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასწრება-არდასწრების საკითხს, ექსპერტი ამას მახინჯი კოაბიტაციის შედეგს უკავშირებს, რადგან სააკაშვილი ბოლო დღემდე ზიანის მომტან საქმიანობას აგრძელებს.

„თუ არ დაესწრება, ეს მისი პრობლემაა. „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრები კი, რომლებიც სერიოზული პოლიტიკის თამაშს აპირებენ, ვალდებულნი არიან, აღიარონ ახალი პრეზიდენტი. კანონისადმი თავაზიანობა ითხოვს, რომ დაესწრონ ინაუგურაციას. ეს არის ფორმალური, კანონით განსაზღვრული აქტი. თუ დავაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას, ის თავს იკლავდა, რომ ვიღაცები ჩამოსულიყვნენ მის ღონისძიებაზე, რადგან ის არ იყო ქართველი ხალხის, საქართველოს პრეზიდენტი. ის იყო გარე ძალებზე ორიენტირებული ადამიანი. მან ქართველი ხალხის უდიდესი ნდობა ცუდად გამოიყენა და ცუდად დაუბრუნა ქვეყანას. აღარ გვინდა ასეთი პრეზიდენტები, ამ პოსტზე ახლა ნორმალური ადამიანი გვყავს, მთავარია, საქმე გააკეთოს. ამიტომ გიორგი მარგველაშვილმა არ უნდა იდარდოს იმაზე, ერთი პრეზიდენტი ჩამოვა თუ ხუთი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

ამასთან, ექსპერტმა მოიწონა, რომ ეს ღონისძიება პომპეზური არაა და ბევრად ნაკლები თანხა ჯდება, ვიდრე აქამდე ვიყავით შეჩვეულნი.

ჩვენ დავუკავშირდით რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილს, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი თქმით, უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ყოფილი პრეზიდენტები უნდა ესწრებოდნენ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას.

„თუკი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას, ეს ხაზს გაუსვამს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ცივილურად და დემოკრატიულად მიმდინარეობს. ახლანდელი ინაუგურაცია აღარ არის ისე პომპეზური და ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ალბათ, ეს საჭირო არც არის. ეს იქნება პატარა, სადა და უბრალო ინაუგურაცია, რაც ძალიან კარგია“.

ცნობისთვის, თბილისის მერიას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 211 600 ლარი უჯდება, რის გამოც მერია ინაუგურაციისთვის საჭირო საქონელს (ან მომსახურებას) გამარტივებული წესით შეისყიდის.