მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა, ამ დროისთვის იგი ბრიუსელში იმყოფება. ის პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, ვილნიუსის სამიტის წინ, ევროპარლამენტარებთან აქტიურ კონსულტაციებს ატარებს. ცნობილია, რომ თვითმფრინავი, რომლითაც მოქმედი პრეზიდენტი ევროპაში გაემგზავრა, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გარეშე დაბრუნდა.
ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრო ბარნოვი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამგზავრებასთან დაკავშირებით არანაირი ვადები არ არსებობს. ის თავისუფალი ადამიანია და, შესაძლოა, ჩამოსვლა ნებისმიერ დროს გადაწყვიტოს. მაგალითად - ხვალ ან ზეგ. ამისგან კი მისი თქმით, ახალი სკანდალის აგორება არ ღირს.
ამასთან ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას კი მთავრობის მხრიდან გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაესწრება. თუ დღის ბოლომდე, ახალი ხელისუფლება გააკეთებს განცხადებას, რომ შეწყვეტენ მისი პოლიტიკური ლიდერების წინასწარი პატიმრობების პრაქტიკას და პრეზიდენტის სასახლე შეინარჩუნებს სტატუსს და დარჩება პრეზიდენტის სასახლედ, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაესწრება ინაუგურაციას.
ამ ულტიმატუმის შემდეგ ბრიუსელიდან სააკაშვილმა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა, სადაც იმ მიზეზებზე საუბრობს რატომაც არ დაესწრება პრეზიდენტის ინაუგურაციას.
„ყოველთვის წარმომედგინა, რომ დავესწრებოდი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნებოდა იგი, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ქვეყნის მომავლის შესახებ და მიუხედავად აშკარად შეუთავსებელი ღირებულებებისა. ვფიქრობდი, რომ მე და სანდრა დავხვდებოდით ახალ პრეზიდენტს პრეზიდენტის სასახლეში, როგორც ეს ხდება მაგალითად, აშშ-ში ან სხვა დემოკრატიებში, შევუძღვებოდით მას შენობაში და გადავცემდით არა მარტო შენობას, არამედ, პრეზიდენტის ინსტიტუტს.
ასეთი მშვიდი გადაბარება იქნებოდა სიმბოლო სახელმწიფოებრიობის განგრძობითობის, დადასტურება ჩვენი დემოკრატიის შთამბეჭდავი პროგრესისა და ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ და მშვიდობიანი თანაცხოვრება შეგვიძლია. ცერემონიის შემდეგ დავტოვებდი შენობას და წავიდოდი ჩემს ოჯახთან ერთად დასასვენებლად, ან ვისადილებდი ჩემს მეგობრებთან და პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად“, - წერს სააკაშვილი.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ძალაუფლების გადაცემის არსებულმა რეალობამ ამ ოცნების ასრულება შეუძლებელი გახადა. სააკაშვილის განცხადებით, დაიკითხა „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით აქტივისტი, ასზე მეტ ყოფილ თანამდებობის პირს თუ პარტიის აქტიურ ლიდერს ბრალი წაუყენეს.
„ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც არიან ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი, კუდიანებზე ნადირობის ირაციონალური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი ახლა ციხეში არიან. ამ ვითარებამ ჩვენი დემოკრატიის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით მშვიდობიანად გადაგვებარებინა, ჩაშალა, ხოლო ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივა გაურკვევლობის დროში გადაისროლა. საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს შეიძლება თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ისე, რომ ამას არანაირი რეაგირება არ მოყვება.
მეც, ქვეყნის პრეზიდენტს, ბევრჯერ დამესხნენ თავს ხელისუფლებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ მართული ჯგუფები. სამწუხაროდ, არჩეულ თანამდებობის პირებზე თავდასხმების გამო სერიოზულად არავინ დასჯილა. ეს ინსტიტუტების დაცვის მთავარი იდეას საფრთხეს უქმნის. დასახელებული მიზეზების გამო, ჩემი დასწრება ინაუგურაციაზე შეუძლებელია. მე ვერ მოგატყუებთ, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა და ინსტიტუციურად ყველაფერი გრძელდება მაშინ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი, ჩემი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება“, - წერს სააკაშვილი.
როგორც ის ამბობს, არ აპირებს ახალ მთავრობას ხელი რაიმე ფორმით შეუშალოს. მისი თქმით, განიხილავს რამდენიმე წინადადებას წამყვანი უცხოური უნივერსიტეტიდან მის სახელთან დაკავშირებული ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის შექმნის თაობაზე.
„ვაპირებ, ამ ეტაპზე ამით დავკავდე და თავი შევიკავო საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისგან. ამის მიუხედავად, ყოველთვის მზად ვიქნები, დავდგე ჩემი ხალხის გვერდით ნებისმიერ დროს, როცა ამის აუცილებლობას დავინახავ და ვემსახურო ჩემს სათაყვანებელ სამშობლოს - საქართველოს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ძალიან კარგი იქნება თუ კი ამ ღონისძიებაში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.
„მე ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღოს ამ საზეიმო ცერემონიაში. ასევე ვისურვებდი, რომ იქ იყოს ედუარდ შევარდნაძეც. საერთოდ, ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში წლების შემდეგ პრეზიდენტებმა, ისე, როგორც ეს დასავლურ ტრადიციაშია, ერთად გადაიღონ ფოტო, ერთად უთხრან სათქმელი ხალხს, ერთმანეთისგან ისწავლონ და ერთმანეთს ასწავლონ. ამ ტრადიციას ოდესმე ხომ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი“, - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
რაც შეეხება სააკაშვილის ულტიმატუმებს, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის მოთხოვნები ინაუგურაციაზე არ დასწრების საბაბია. პოლიტოლოგი თვლის, რომ ინაუგურაციაზე დასწრების თემა, პირობების წამოყენების საკითხი არ უნდა გამხდარიყო.
„წამოყენებული პირობები, რომ სამართლებლივი დევნა ან მოიხნას, ან შესუსტდეს, არარეალურია. სასახლე პრეზიდენტის სასახლედ დარჩეს, ესეც არარეალურია. შეიძლება ამაში ის პროვოკაციაა ჩადებული, რომ ზედ და მასზეგ სააკაშვილმა დაიწყოს იმის ძახილი, რომ მთავრობამ არაფერი გააკეთა, რომ ის ინაუგურაციაზე მისულიყო, მას სჩვევია თამაშის ასეთი შეტრიალება, მაგრამ მეორე მხრივ, საკუთარ მოსახლეობას როგორ უნდა შეხედოს ხელისუფლებამ, რომელიც მაგ მოთხოვნებზე წავა?! მითუმეტეს მოსახლეობის 90 პროცენტს დიდად არ ეპიტნავება სააკაშვილი“, - ამბობს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება სააკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის მიზეზებს, პოლიტოლოგი ეჭვქვეშ აყენებს ოფიცლიალურ ინფორმაციას, თითქოს, სააკაშვილი საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ვილნიუსის სამიტის წინ ევროპარლამენტარებთან აქტიურ კონსულტაციებს ატარებს.
„თვითმფრინავი რომ გამოუშვა სწორია, მერე საკუთარი ფულით აიღებს ბილეთს და ჩამოვა თუ ჩამოსვლა მოუნდა. რაც შეეხება იმას, რომ აგვარებს სხვადასხვა საკითხებს, სამწუხაროდ, არ გვაქვს სანდო ინფორმაცია რას აკეთებს ბრიუსელში. ვიცით, რომ საჯარო გამოსვლებში საკმაოდ ენერგიულად ცდილობს ახალი ხელისუფლების იმიჯის გაფუჭებას. არაერთხელ ახსენა სააკაშვილმა რუსული თემა, რისიც საფრთხობელასავით ეშინიათ ევროპაში. ეს შემთხვევითი არაა, ძველი კორუმპირებული კადრების აღდგენაზე ლაპარაკობს და ა.შ. რატომ უნდა ველოდოთ, რომ ასეთი ადამიანი საქართველოს სასიკეთო საქმით იქნება დაკავებული ვილნიუსის სამიტის წინ? მე მგონია რომ პირიქით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
როგორც საყვარელიძე აცხადებს, სააკაშვილის უცხოეთში საქმიანობის ძირითადი ამოცანაა, რომ ყველაფერი გააკეთოს, უკვე უცხოეთის ზეწოლის ხარჯზე იმისათვის, რომ საქართველო მისთვის სახიფათო ქვეყანად არ იქცეს. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ სერიოზულ დანაშაულში იქნება მხილებული, უკვე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქნება შესაძლებელი მისი მოძებნა და სწორედ ამის ეშინია. ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს? - ეს არის დასავლელი პოლიტიკოსები, სხვა ბერკეტი მას არ აქვს და სწორედ ამიტომ დადის სააკაშვილი ხშირად უცხოეთში.