ლიტვასა და ლატვიაში ვიზიტის შეჯამებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რთული თემებია, მაგრამ „მთავრობას აქვს საუბრები და გეგმები, რათა ევროინტეგრაციის კონტექსტში დეოკუპაციის კონკრეტული გზები გამოიძებნოს“.
„ჩვენ დაგვხვდნენ საქართველოს მეგობრები, რომლებიც მონდომებული არიან მხარი დაგვიჭირონ ყველა ძირითად საკითხში, რომელიც შეეხება ევროპულ ინტეგრაციას ვილნიუსის სამიტზე, ლონდონის მომავალი წლის ნატო-ს სამიტს, ასოცირების ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერის და რატიფიცირებას“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
რამდენად გაზრდის ევროპისკენ სწრაფვა დეოკუპაციის შანსებს, საკმაოდ საკამათო თემაა. ეს არის საკითხი, რომლის გადაჭრის კონკრეტული გზების ძიებაც კი ურთულეს პრობლემებს უკავშირდება. იყო პერიოდი, როდესაც ქართული მხარე იმედებს ჟენევის ფორმატზეც ამყარებდა, თუმცა აგვისტოს ომმა საქართველოს შანსები მინიმუმამდე დაიყვანა.
ტერიტორიების დაკარვის შემდეგ საქართველოს ყველა ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობას დებდა, თუმცა, უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, სიტუაცია მხოლოდ უარესდებოდა.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ერთ-ერთი თემაც, სწორედ საქართველოს გამთლიანება გახლდათ. თითქოს ახალმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მუშაობაც დაიწყო - ითქვა, რომ პირადი კონტაქტების აღდგენის კუთხით პროგრესი პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზებსაც დაგვანახებდა. იყო საუბარი საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებაზეც, რაც აფხაზებს საქართველოსთან თანაცხოვრების სურვილს გაუჩენდა.
დაიწყო რუსეთთან ურთიერთობის დათბობის პოლიტიკაც, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია რუსეთისთვის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მავთულხლართები გაევლო.
რა კონკრეტული გეგმები აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. შესაძლოა, გარკვეულ ეტაპამდე კონკრეტულ თემებზე საუბარი მიზანშეწონილიც არ იყოს, მაგრამ ბოლო 20 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, კონფლიქტებსა და ტერიტორიების აღდგენაზე საუბარი საქართველოს ხელისუფლებების მხრიდან ლოზუნგებსა და სადღეგრძელოებს დაემსგავსა. ალბათ, ცალკე საუბრის თემაა ყოფილი ხელისუფლების „ღვაწლი“ ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხში, მაგრამ სამწუხაროდ, გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს.
რაც შეეხება ევროინტეგრაციის როლს კონფლიქტის მოგვარებისა და დეოკუპაციის საკითხში, ექსპერტებს შორის ამ თემასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ასეთი გზები მართლაც არსებობს, მისი განმარტებით, რუსეთის გარდა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას არავინ არ ცნობს.
„ევროპული დოქტრინა არის ძალიან მარტივი, მჯერა, რომ სოხუმის ან გუდაუთის პლაჟზე აუცილებლად გავისეირნებ. მეჩვენება, რომ ყველაზე უფრო სწორი გზა დასახა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თქვა, რომ მიმზიდველი უნდა გახდეს საქართველო ამ ხალხისთვის. ეს მართლაც ასეა, იმიტომ, რომ ცხოვრების დონე ჩვენთან და იქ, პრინციპულად არის განსხვავებული. აქედან გამომდინარე, მეჩვენება, რომ ეკონომიკური შემადგენელი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე, რომელიც თვლის, რომ აფხაზებს ხელს უშლის „უფროსი ძმის“, რუსეთის სინდრომი, თუმცა თვალჭრელიძე თვლის, რომ ესეც მალე მოგვარდება.
ექსპერტ დემურ გიორხელიძის შეფასებით, რეალური პოლიტიკიდან თუ გამოვალთ და ასევე გავითვალისწინებთ იმას, თუ ვის რა ინტერესი ამოძრავებს საქართველოში, მათ შორის რუსეთის ინტერესსაც გავითვალისწინებთ სამხრეთ კავკასიაში, მაშინ საქართველოს დეოკუპაცია და საქართველოს ევროსივრცეში ინტეგრაცია ერთ განზომილებაში ვერ განიხილება.
„ეს ორი სხვადასხვა სტრატეგიაა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ურთიერთკავშირში მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების დონეზე.
თუ ქართველი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ევროპაში ინტეგრაციის შემდეგ რუსეთი დატოვებს საქრთველოს ტრერიტორიას, აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, უმჯობესია, ასეთი ილუზია არ გვქონდეს“, - მიიჩნევს დემურ გიორხელიძე.
რუსეთი რამდენად წავა დასავლეთთან დათმობაზე, მუდმივად არის ქართველი თუ უცხოელი ექსპერტების მსჯელობის საგანი. დღემდე უმეტესობა მიიჩნევდა, რომ დასავლეთი საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობას არ დაძაბავდა, თუმცა უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ევროპასთან საქართველოს რეალურმა ინტეგრაციამ რუსეთს ევროპასთან გარკვეული უხერხულობაც კი შეუქმნას.
სანდრო თვალჭრელიძე: „ევროპას აქვს თავისი გზა, რომელშიც საქართველო მთლიანად არის ჩამჯდარი, საქმე ისაა, რომ რუსეთს მალე გადაულახავი პრობლემები შეექმნება, ამოეწურება ნავთობის მარაგი და აქედან გამომდინარე, აღარ ექნება ეკონომიკური განვითარების საშუალება. ვფიქრობ, რომ ეს გზა, რომელსაც ვადგავართ, არის სწორი. ამას სჭირდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების რეგულაცია ისე, რომ რუსეთი არ დაინგრეს, მაგრამ მეორე მხრივ, მას არ ჰქონდეს რთული პოლიტიკური მანევრების უნარი - ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთმა ომი საქართველოსთან დაიწყო მაშინ, როდესაც ბარელი ნავთობი 140$ ღირდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არც ისე ხანგრძლივი პერსპექტივაა“.
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ ევროპაში ინტეგრაცია შანსებს კი ზრდის, მაგრამ რომ ვიფიქროთ, ევროპა, საქართველოს გამო რუსეთთან სერიოზულ კონფლიქტს წამოიწყებს, არ იქნება რეალური.
თორნიკე შარაშენიძე: „მაგრამ ყველა შემთხვევაში დამატებით უხერხულობას შეუქმნის რუსეთს, თუ საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუ საქართველო იქნება დემოკრატიული ქვეყანა, ეს ნიშნავს რომ მეტი მხარდაჭერა ექნება ევროპიდან. ეს არ ნიშნავს სერიოზულ ზეწოლას, მაგრამ რუსეთს უხერხულობას შეუქმნის.
რუსეთი ასეთ შემთხვევაში შეეცდება, როგორმე სიტუაციიდან გამოძვრეს, არ არის გამორიცხული, შეეცადოს რაღაც გამოსავალი იპოვოს, ჩვენთან წამოიწყოს მოლაპარაკებები ამის თაობაზე. ეს იმ შემთხვევაში, თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირისგან სერიოზული მხარდაჭერა ექნება“.
დემურ გიორხელიძე: „ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ძალიან მჭიდრო კავშირია, მჭიდრო კავშირია ნატოსა და რუსეთს შორის, მათი ურთიერთობა შორს არის წასული. ავიღოთ, თუ გნებავთ, რუსეთის მხარდაჭერა ავღანეთში და იაროსლავთან უზარმაზარი ბაზის გამოყოფა.
ფაქტობრივად, ჩვენ რეალობას არ ვითვალისწინებთ, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია, მაშინ როცა ევროსივრცეში ინტეგრაციის შემდეგ ევროკავშირი მეგობრულად და კარგად არის განწყობილი რუსეთისადმი და ასეც უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან სერიოზულ პოზიციებს დაკარგავს, რადგან მათი ურთიერთობა სტრატეგიულია, ისინი ერთმანეთს სჭირდებიან. რუსეთიც დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყანაა, ოღონდაც მას საკუთარი გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელსაც არ თმობს. ამიტომ რეალური პოლიტიკა ამდაგვარი განცხადებების საშუალებას არ გვაძლევს“.
რაც შეეხება საქართველოს მხრიდან ტერიტორიების დათმობას და ევროკავშირსა და ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე გაწევრიანებას, რის შესახებაც გარკვეულ წრეებში დროდადრო ისმის საუბარი, თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ ევროპა მსგავს გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს, რადგან მის ინტერესში არ შედის მსგავსი პრეცედენტი არსებობდეს.
რაშია გამოსავალი, მზა რეცეპტები ექსპერტებსაც არ აქვთ, თუმცა მათი აზრით, უმჯობესია, კარგად გავიაზროთ პრობლემის მთელი არსი.
„პირადად გახლავართ ავტორი იმ კონცეფციისა, რომელიც ჯერ კიდევ 2000 წელს წარედგინა საქართველოს უშიშროების საბჭოს. თემა იყო დახურული, როგორც შემდეგ შევიტყვე, გაიარა ექსპერტიზა და აპირებდნენ მის გათვალისწინებას. სამწუხაროდ, შემდეგ გაურკვეველი მიზეზების გამო არ მოხდა ამ სტრატეგიის გათვალისწინება, თუმცა რაღაც ნაბიჯები მაინც გადაიდგა. შემდეგ უკვე ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და უკიდურესობამდე გაართულა ქართული მხარისთვის ამ პრობლემის გადაწყვეტა“, - ამბობს დემურ გიორხელიძე.
ექსპერტი თვლის, რომ ეს არის უზარმაზარ ჩიხში შესული პრობლემა, რომელიც განსაკუთრებულად დამძიმდა 2008 წლის ომის შემდეგ. მისი შეფასებით, ჯობდა გაყინული ყოფილიყო კონფლიქტები, რაკი ვერაფერს ვერ ვუხერხებდით და ვყოფილიყავით ისე, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ურთიერთობა - ყარაბაღის საკითხი გაყინულია, რადგან არც ერთი ქვეყნის ელიტა მზად არ არის ამ დიდი პრობლემის გადასაჭრელად.
ექსპერტების ნაწილი ემხრობა მოსაზრებას, რომ აფხაზურ და ოსურ მხარესთან ინტენსიურად მუშაობა გამოსავალს გვაპოვნინებს.
„დღეს არ არსებობს სცენარი, რომლითაც მოგვარდება ეს პრობლემა. არ ვფიქრობ, რომ რუსეთთან დათმობის გზით სიარული ავტომატურად იმის გარანტიაა, რომ რუსეთი კეთილი ნების გამოხატვის საბურველქვეშ „დაგვიბრუნებს“ ამ ტერიტორიებს. ინტერესები გაცილებით ღრმად არის წასული - აქ სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესებზეა საუბარი. ამდენად, დღეს ილუზიებით არ შეიძლება ვიკვებოთ. მთავარია, რეალური პოლიტიკა დავიწყოთ - ინტენსიურად ვიმუშავოთ აფხაზურ და ოსურ მხარესთან, ასევე რუსეთთან და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი ქვეყნები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დროში მოგვცენ საშუალება, მძიმე კონფლიქტი როგორმე მოვაგვაროთ“,- აცხადებს გიორხელიძე.