„ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი ქმედებები ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა. თუ წინა მოწვევის პარლამენტში აკაკი ბობოხიძე პეტრე მამრაძესა და ჯონდი ბაღათურიას თავს ესხმოდა, ამ მოწვევის უწყებაში დევნის ობიექტნი სწორედ, ნაციონალები გახდნენ.
უმცირესობის წარმომადგენლებს ჩიორა თაქთაქიშვილის დაცვა, თითქმის ყოველ სხდომაზე უწევთ. რამდენიმე დღის წინ, ნუკრი ქანთარიამ ოპონენტს „ქალბატონო ჩიტუნა“ უწოდა, რასაც ნაციონალთა პროტესტი მოჰყვა, მაგრამ მაშინ, ვითარება დაპირისპირებამდე იმის გამო არ მივიდა, რომ უმრავლესობის წევრმა საკუთარი რეპლიკა უნებილიე შეცდომად წარმოაჩინა. დღეს კი, თაქთაქიშვლის დაცვას, პოლიტიკურ მხარეებს შორის კონფლიქტი მოჰყვა.
კერძოდ, უმცირესობსა და უმრავლესობას შორის პროვოცირების მიზეზი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტი გახდა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭებას ეხება. საკითხზე მსჯელობისას, თაქთაქიშვილის კითხვის საპასუხოდ, შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ უმცირესობას საზოგადოება განზრახ შეცდომაში შეჰყავს და ადგილი აქვს პიარ-კამპანიას, ზუსტად ისე, როგორც „პოლიციის შესახებ“ პროექტის განხილვებისას ჰქონდა.
„თუ გინდათ, ამ კანონს წაგიკითხავთ“, - მიმართა უმცირესობას იზორიამ, რომელსაც აკაკი ბობოხიძემ რეპლიკით - „კანონი წაუკითხე ბებიაშენს“ უპასუხა. ოპოზიციონერს ვალში არც იზორია დარჩა - „ბობოხიძე, შენ მაგ სიტყვას არ გაპატიებ! ნაბიჭვარი ესა“.
ლევან იზორიასა და აკაკი ბობოხიძეს შორის წარმოებული სიტყვიერი პაექრობა, გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა, სადაც ტრადიციისამებრ, განსაკუთრებით, ზვიად ზვიადაური აქტიურობდა. ყოფილმა სპორტსმენმა მიხეილ მაჭავარიანს „ვირთხა“ უწოდა, რის შემდეგაც მისი დარბაზიდან გაყვანა თანაგუნდელებმა უზრუნველყვეს.
პოლიტიკურ მხარეებს შორის არსებული კონფლიქტი ნაციონალთა პროტესტით დასრულდა, რაც მათ მიერ პლენარული სხდომის დატოვებაში გამოიხატა.
უმცირესობა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მოუწოდებს აღნიშნული ინციდენტი დაგმოს.
„ლევან იზორია გამოირჩეოდა ცინიკური, თავხედური და უზრდელური დამოკიდებულებით პარლამენტის მიმართ. ეს მხოლოდ უმცირესობის მიმართ დამოკიდებულება არ არის. იზორიას ეს ქცევა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა შეაფასოს. არ მახსოვს, რომ მთავრობის რომელიმე წევრი ასე მოქცეულიყო, მაგრამ თუ მსგავს საქციელს ადგილი ჰქონდა, ეს ქმედება სპიკერატის მიერ ყოველთვის დაგმობილი იყო. ფაქტია, რომ ლევან იზორიას, როგორც საპარლამენტო მდივანს დისკუსიის წარმოების ელემანტარული უნარი არ გააჩნია“, - განაცხადა გაბაშვილმა, რომელსაც for.ge-სთვის იმის ახსნა გაუჭირდა - თითქმის ყოველთვის, თუ რატომ არის ხელისუფლების წარმომადგენელთა თავდასხის ობიექტი ჩიორა თაქთაქიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საკუთარ თავში პრობლემებს თავად თაქთაქიშვილიც ვერ ხედავს, რომელიც აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილემ შეურაცხყოფა საქართველოს მოქალაქეებს მიაყენა.
„შეურაცხმყოფელია ის სიტყვები, რაც მან პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა. მსგავსი სიტყვები არ მახსოვს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გაჟღერებულიყოს. ამ ქმედების რეაგირების გარეშე დატოვება, მიუღებელია“, - დასძინა თაქთაქიშვილმა, რომლის პარტიის მეთაურიც, პრეზიდენტ სააკაშვილი პარლამენტში სტუმრობისას, ჯონდი ბაღათურიას ხარისხიან ტალახში დაზელვითა და გორაობით „დაემუქრა“.
ნაციონალთა პროტესტს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გამოეხმაურა, საზოგადოებასა და პარლამენტს კი საკუთარი განცხადებისთვის, ლევან იზორიამ ბოდიში მოუხადა.
საგანელიძის შეფასებით, რაც დარბაზში მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია.
„როცა მომხსენებელი გამოდის, თითოეულს შეგნება და ზრდილობა უნდა ჰქონდეს, რომ წამოძახილებითა და რეპლიკებით გამომსვლელებისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. ის, რომ ნაციონალებმა ქუდი დაიხურეს და დარბაზიდან გავიდნენ, იმას კი არ ნიშნავს, რომ კანონი აინტერესებთ, არამედ იმას, რომ უნდათ ინციდენტი შეიქმნეს, რომ შედეგ ტელეკამერებთან იკეკლუცონ“, - დასძინა უმრავლესობის ლიდერმა.
აღნიშნულ ინციდენტზე თუ რა აზრისაა პარლამენტის თავმჯდომარე, ეს უცნობი რჩება, რადგან სხდომას დღეს მანანა კობახიძე უძღვება. ერთის მხრივ, ბობოხიძისა და იზორიას მიერ წარმოთქმული რეპლიკები მიუღებელია, მაგრამ ნაციონალებზეა ნათქვამი - „რაც დათესეს, იმას იმკიან“.