საქართველოს მომავალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება. 18 ნოემბრიდან კი, საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ახალი კაბინეტის დამტკიცების თაობაზე იმსჯელებს. შესაბამისად, უწყებაში გამოცხადება ყველა მინისტრს მოუწევს.
თუ რა ცვლილებების განხორციელება იგეგმება მთავრობაში? - ამის გარკვევის მიზნით, for.ge გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:
მომავალ კვირას, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტზე იმსჯელებს. მთავრობა გადახალისდება?
- მთავრობაში ცვლილებები მოსალოდნელი აღარ არის. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე განხორციელდა. კერძოდ, ახალი პრემიერ-მინისტრი, ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახალი გენერალური პროკურორი გვეყოლება. ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ფლანგიდან ხმები გვესმოდა, რომ რიგი მინისტრები შეიცვლებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით, მთავრობაში რადიკალურ და ძირეულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
ანუ, ყველა მინისტრი საკუთარ თანანმდებობას შეინარჩუნებს?
- დიახ. სხვადასხვა პროგნოზები იყო, რაც არ გამართლდა.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში, 500 მლნ ლარიანი გარღვევაა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც შემცირებულია. შესაბამისად, ცვლილებები არც ეკონომიკური გუნდის მინისტრებს შეეხებათ, რომლებიც მთავრობაში ყველაზე სუსტ რგოლად მოიაზრება?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ეკონომიკური გუნდი სუსტი რგოლია, მაგრამ პრობლემები ნამდვილად არსებობს. ერთი წლის განმავლობაში, ეკონომიკური დარგის მინისტრებმა უამრავი საქმე გააკეთეს. ქვეყნის ეკონომიკური მოდელის თავიდან ბოლომდე გადაწყობა გვიწევს. წინა ხელისუფლების პირობებში, ბიზნესი თუ როგორ იმართებოდა და გადასახადები თუ როგორ იკრიბებოდა, ეს ძალიან კარგად იცით. ყველაფერი ძალადობასა და ერთი კაცის ნებაზე იყო დამყნობილი. ხელისუფლების მარწუხებს კი, ბიზნესიც მიეჩვია. ახალმა მთავრობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბიზნესი გადმოიბარა და მთელი წლის მანძილზე, ბიზნესთან დაკავშირებული მიდგომები იცვლებოდა. როგორც ჩანს, ერთ მშვენიერ დღეს, ზოგიერთმა მეწარმემ გაიღვიძა და მიხვდა, რომ მერაბიშვილ-ადეიშვილ-სააკაშვილ-კეზერაშვილის სახით, მას პატრონი აღარ ჰყავს. ფაქტიურად, ისინი უპატრონოდ დარჩნენ. როცა პრეზიდენტის ან მინისტრის სახით, „კრიშა“ გყავს და შეგიძლია გადასახადები დამალო და არავინ შეგამოწმოს, ეს ბიზნესი არ არის. ამას ბანდიტიზმი ჰქვია, რომელიც სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი. ამ მეწარმეებმა ბიზნესის უპატრონოდ კეთება არ იციან, მათ ხელში კი ასობით მილიონობით ლარი იყო აკუმლირებული. ამას გარდა, მეორე პრობლემას სახელმწიფო შესყიდვები წარმოადგენდა. ამ კონკურსებში, ის ადამიანები იმარჯვებდნენ, რომლებიც ყველაზე ახლოს მიშასთან, ან ზურასთან იყვნენ. პარლამენტის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ამ შენობას ორი კომპანია აშენებდა და 13 მლნ ლარია გაფლანგული. რამდენიმე ტენდერი გაჩერდა, მაგრამ ხალხის ჯიბეში ხელის ფათურს უნდა გადავეჩვიოთ და საცოდავი ხალხის ხარჯზე, ვაი ბიზნესმების გამდიდრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.
გარდა ამისა, ეკონომიკას ზიანი იმ საშინელმა პიარ-კამპანიამ მიაყენა, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა გაჩაღებული. ერთი წლის მანძილზე, სააკაშვილი მსოფლიოში დადიოდა და ბოლშევიკებს გვწიოდებდა. ყველა ევროპულ დედაქალაქში ამბობდა, რომ საქართველოში ახალი რუსეთუმე მთავრობა მოვიდა, რომელიც ქვეყანას ევრაზიული კავშირისკენ მიაქანებს და საზოგადოებას ზეწოლის ქვეშ ამყოფებს. როცა ქვეყნის პირველი პირისგან მსგავს განცხადებებს ისმენთ, იმ სახელმწიფოში ინვესტიციებს განახორციელებთ?!
თუმცა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს არც ბიძინა ივანიშვილის შეფასებები ჩამოუვარდებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს რეიტინგები რეალობას არ ასახავდა. არ ფიქრობთ, რომ ინვესტიციების მოზიდვას საფრთხეს პრემიერიც მსგავსი განცხადებებიც უქმნიდა?
- რეიტინგები როგორ და საიდან იქმნებოდა, კარგად გვახსოვს. სიმართლე რომ გითხრათ, ამ რეიტინგებს პატივს არც მე ვცემ. ცხრა წლის მანძილზე, სააკაშვილი ამაყობდა და ამბობდა, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში ბიზნესი მარტივად იქმნებოდა, მაგრამ ამის იქეთ რა ხდებოდა, ამას მსოფლიო ბანკი უყურებდა? მათ იცოდნენ, რომ იმის იქეთ, ადამიანების ტანჯვა-წამება იყო? განსაკუთრებით კი, მეწარმეების. მსოფლიო ბანკი იმით ინტერესდებოდა, ადამიანებს ქონებას როგორ ართმევდნენ და თაბუკაშვილის ქუჩაზე, საკუთარი სახლებიდან ხალხი როგორ გამოყარეს? მსოფლიო ბანკი იმით დაინტერესდა, ახალქალაქში დანგრეული ბოსელი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ 1300 ლარად იყო შეფასებული, ადამიანს 4 მლნ ლარად როგორ აყიდინეს? მსოფლიო ბანკი იმით დაინტერესდა, რაბათის ციხე, როგორ აშენდა? ამ საკითხებით საერთაშორისო ინსტიტუტები უნდა დაინტერესებულიყვნენ, მაგრამ გამოდიოდა ისე, რომ ეს ნიაღვარი, რომელიც საგარეო ოკეანის სახით მოედინებოდა და რაშიც ათობით მლნ ლარი იხარჯებოდა, ყველას და ყველაფერს ფარავდა.
გიგა ბოკერიას მიერ 26 მლნ ლარი, სად წავიდა? ვის დაუნაწილა? პასუხისმგებლობის ტვირთი, მასზე არ არის? გამოვიდეს და თქვას, რომ მას ეს ფული სახლში არ წაუღია და სახელმწიფოებრივ საკითხებზე დახარჯა. ფაქტია, რომ მილიონები აღვირახსნილ პიარზე იხარჯებოდა და ამას ევროპასა და ამერიკაში „ჭამდნენ“, მაგრამ პრობლემა მათაც შეექმნათ, რადგან ამ რეგიონში მათი ე.წ. დემოკრატიის ნიმუში ხუხულასავით ჩამოინგრა და უკანალში გაკეთებულ ცოცხზე დავიდა. შუქურა თუ ცოცხია, ეს არ ვიცი, რადგან მე სხვა წარმოდგენა მაქვს. ბატონი მიხეილის მეხოტბეებმა ამ ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ, მაგრამ მათ ამის თქმა ძალიან უჭირთ.
ობიექტური მიზეზებზე საუბრობთ, ნაციონალების მმართველობაზე აპელირებთ და მინისტრების კრიტიკას თავს არიდებთ. არ ფიქრობთ, რომ წინამორბედების მსგავსად, გუნდის წევრებს ხელს აფარებთ? შეუსრულებელი ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური გუნდის მინისტრებს პასუხს, რატომ არ სთხოვთ?
- პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ ახალ მთავრობას 2013 წლის ბიუჯეტის „გადაკერვა“ მოუწია. ხელის დაფარება არავისზე არ მოხდება. ვისაც შეეშლება, ის საკუთარ ქმედებებზე პასუხს აგებს. ჩვენს ქვეყანაში ეს პრინციპი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინერგოს. არავინ არავისზე გადაფარებას და ხელის გადასმას არ აპირებს. პრობლემები არსებობს, რაზეც მინისტრები თავად საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ შემოსავლების კუთხით, ქვეყანას საკმაოდ დიდი თანხა დააკლდება, მაგრამ ბიუჯეტის კორექტირება და სეკვესტირება არ მოხდება. ის შეცდომები, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტის გათვლებში იყო დაშვებული, თუ არ გამოსწორდება, მმართველობის ახალი მოდელით, პარლამენტის წინაშე მთავრობა პასუხს მთლიანად აგებს.
ანუ, პარლამენტი საკუთარ სიმაღლეზე დადგება და წინა მოწვევის უწყებას არ დაემსგავსება?
- ღმერთმა დაგვიფაროს! ეს პარლამენტი წინას არაფრით არ გავს და არც დაემსგავსება. ამას ძალიან მალე ნახავთ.
თქვენ პარლამენტის ინტიტუციონალურ გაძლიერებაზე საუბრობთ, მაგრამ ჯარისკაცების მოწამვლის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა და ამის თაობაზე პარლამენტში არც გიმსჯელიათ. არადა, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე პროცესებზე კონტროლის განხორციელება „ნდობის ჯგუფს“ შეუძლია, რომელიც ამ დრომდე არ შექმნილა. ამის მიზეზი გივი თარგამაძეა. ჯგუფში მის კანდიდატურას თქვენ მხარს არ უჭერთ, უმცირესობა კი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ამ მოწვევის პარლამენტში „ნდობის ჯგუფის“ შექმნას, არ აპირებთ?
- ეს კითხვა, ბატონ სესიაშვილს უნდა დაუსვათ.
ამ პარლამენტის წევრი თქვენც ხართ. ამ საკითხით, რატომ არ ინტერესდებით?
- „ნდობის ჯგუფში“ გივი თარგამაძეს ხმას უმრავლესობა არასოდეს არ მისცემს.
ანუ, „ნდობის ჯგუფი“ არასოდეს არ შეიქმნება? პარლამენტის როლს, რატომ აკნინებთ?
- სამართლიანობა მორალზეც გადის. „ნდობის ჯგუფში“ გივი თარგამაძის არჩევა ამორალური საქციელი იქნება.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიასა და თეა წულუკიანს, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ისინი პოსტებს შეინარჩუნებენ. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ორ ირაკლის შორის არსებულ უთანხმოებაზე ხშირად არის საუბარი, მათი ერთად საქმიანობა, როგორ წარმოგიდგენიათ?
- ის ინსინუაციები, რომელიც ბოლო პერიოდში ძალას იკრებდა, ინსინუაციებად დარჩა. მთავრობის განახლებას ჭორ-მართალი ყოველთვის მოჰყვება. ამბობენ, რომ „ცეცხლი უკვალოდ არ ჩნდება“ და ამ შემთხვევაში, შემიძლია გითხრათ, რომ იქ ცეცხლი არ დანთებულა და შესაბამისად, კვამლიც არ იყო. ავის მოსურნეს სურდა, რომ ორი ირაკლი ერთმანეთს გადაკიდებოდა, მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან ქვეყნის საქმე ცუდად წავა, რაც ორივემ ძალიან კარგად იცის. ყველამ უნდა გაიგოს, რომ 2016 წლამდე, ერთ გუნდად უნდა ვიყოთ წარმოდგენილნი. შეიძლება, ეს ვიღაცისთვის უღელია, მაგრამ ეს ჩემთვის ასე არ არის. ამ ადამიანებთან ერთად ბრძოლაში მოვდიოდი და თუ ისინი ერთი წლის წინ მომწონდნენ, ახლა, რა ღმერთი გამიწყრა?! რა მოხდა ისეთი?! ვფიქრობ, რომ ორი ირაკლი ერთად ძალიან კარგად იმუშავებს.
ახალი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იქნება, რომელიც 28 წლის არის. ნაციონალებს იმის გამოც აკრიტიკებდით, რომ მთავრობაში „საბავშვო ბაღი“ ჰქონდათ გახსნილი. ქვეყნის მომავალი პრემიერი 31 წლის არის, ძალოვანი მინისტრი 28 წლის. „საბავშვო ბაღი“, თქვენს მთავრობაშიც გაიხსნა?
- საბავშვო ბაღზე საუბარი იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ იქნება, რომ ეს ადამიანები, მთავრობაში საიდანღაც არ მოსულან. წინამორბედები კი, მართლაც საიდანღაც იყვნენ მოსულები.
წინა ხელისუფლებაში, „საიდანღაც“ რომელი მინისტრი იყო მოსული?
- ის უსახური ადამიანები, რომლებიც მერხიდან მთავრობაში მოხვდნენ და მათ გავლილი არავითარი შრომითი კარიერა არ ჰქონდათ. რაც შეეხება ღარიბაშვილსა და ჭიკაიძეს, ისინი სხვადასხვა პოსტებზე მუშაობდნენ. ბიზნეს სფეროში, ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ღარიბაშვილი იყო და არ მგონია, რომ ფონდი „ქართუს“ ხელმძღვანელობა მარტივი ყოფილიყო. ის საარჩევნო შტაბში წამყვანი ფიგურა იყო და მან თუ როგორ იმუშავა, შედეგი ნათელი 1-ელ ოქტომბერს გახდა. ჩვენს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი ირაკლი ღარიბაშილს მიუძღვის. მან საუკეთესო თვისებები შს მინისტრის პოსტზეც გამოავლინა. შეიძლება, შენიშვნები იყოს, მაგრამ ივანე მერაბიშვილის აწყობილ სამინისტროს რომ ჩაიბარებ, გარდასახავ და ამ პროცესს „პოლიციის შესახებ“ კანონის მიღებით დაასრულებ, ეს დიდი წინსვლაა.
ჭიკაიძე კი, წლების განმავლობაში ძალოვან უწყებაში მუშაობდა და მერე რა, რომ ის ნაციონალების მთავრობაში მუშაობდა?! განმსაზღვრელი ეს კი არ არის, არამედ ის თუ რას აკეთებდა. როცა, ნაციონალები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათ 30 ათასი ადამიანი სამსახურებიდან გაყარეს. ჩვენ რა გაგვეკეთებინა, ხალხი გაგვეყარა? - ამის რესურსი ქვეყანას არ აქვს. თქვენ ჩვენს კრიტიკას მახსენებთ, მაგრამ წინა მთავრობაში „საბავშვო ბაღი“ მასობრივად იყო გახსნილი და თქვენგან ამ შენიშვნას არ მივიღებ, რადგან საჯარო სამსახურში ასაკობრივი ზღვარი ამოვიღეთ.
საინფორმაციო სააგენტოებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ 2012 წლის 29 სექტემბერს, ალექსანდრე ჭიკაიძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სააკაშვილის ფოტოებს აზიარებდა. ამ ქმედებით მისი დადანაშაულება, რომ ის ნაციონალების მხარდამჭერი იყო დაუშვებელია, მაგრამ ეს ფაქტი, რაზე შეიძლება მეტყველებდეს?
- ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მას უდიდესს პასუხისმგებლობას მომავალი პრემიერ-მინისტრი აკისრებს. იმედს ვიტოვებ, რომ ჭიკაიძეს გათვიცნობიერებული აქვს ის, თუ სად მოდის, რა პერიოდში და ვის შემდეგ. ამ უწყებაში ღარიბაშვილის შემდეგ მოხვიდე, ეს მარტივი არ არის, რადგან კურსი უნდა გააგრძელო. მან აღნიშნა, რომ ის ირაკლის დაწყებულ საქმეს გააგრძელებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჭიკაიძე კარგი თვისებებით გამოირჩევა და წესიერი კაცია. არავითარი საბაბი არ მაქვს, რომ სხვა რამ ვიფიქრო. ის გუნდის წევრი გახდა და თუ სისტემის პოლიტიზირება მოხდება, ეს მკაცრად შეფასებული იქნება. ძველ დროში დაბრუნებას არავინ აპირებს. დარწმუნებული ვარ, არც ჭიკაიძე.