ქართულ პოლიტიკურ დაფაზე საინტერესო გადალაგებები ხდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერიოზული განხეთქილებაა „ნაციონალურ მოძრაობაში“. განხეთქილების სხვადასხვა მიზეზებიც სახელდება, ერთი, რომ მიხეილ მაჭავარიანს აღარ ენდობიან და მეორე - დავობენ, მიშას გარეშე გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება თუ მიშასთან ერთად.
ასევე ელოდებიან კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ძალთა დემონსტრირებას, რაც შესაძლოა, დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდოს და მესამე - ნინო ბურჯანაძის ირგვლივ აპირებს გაერთიანებას არასაპარლამენტო ოპოზიცია, მათ შორის მოიაზრებიან მემარჯვენეები, ჯონდი ბაღათურია და ა.შ.
პოლიტიკურ ძალთა როგორი განლაგება შეიძლება ვიხილოთ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
საინტერესო მოძრაობები შეინიშნება ქართულ პოლიტიკურ ძალებში, თქვენი შეფასებით, იმ პროგნოზებიდან რაც ვრცელდება, რომ ვიღაც იშლება, ვიღაც ერთიანდება, რა შეიძლება იყოს რეალობასთან ახლოს და რა პოლიტიკური სურათი შეიძლება მივიღოთ უახლოეს მომავალში?
- ყველაზე ნაკლებად რასაც ველი, ეს არის „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება, ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ერთი მარტივი ლოგიკის გამო, რომ ისედაც დასუსტებულია „ქართული ოცნება“. ის ფაქტობრივად, პირველად გადის არჩევნებზე მთავარი ბრენდის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე და ეს ძალიან აგდებს მის პოლიტიკურ წონას.
მეორე და მთავარი გახლავთ ის არგუმენტი, რომ მათ ცალ-ცალკე არ აქვთ იმხელა პოლიტიკური წონა, რომ შეძლონ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამიტომ, ისინი უბრალოდ, იძულებულნი არიან - მათი სისუსტე განაპირობებს მათ ერთიანობას. ამიტომ ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნებზე ისინი გავლენ ერთად.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ვფიქრობ, რომ ამ სახით კოალიცია ვერ შენარჩუნდება და არც უნდა შენარჩუნდეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ბალასტია და სადამდე შეიძლება, ეს ბასლასტი მისდევდეს ქართულ პოლიტიკას, არ ვიცი.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიწყოს ამ ბალასტისგან გათავისუფლების პროცესი, მთლიანად პოლიტიკურ სივრცეში - პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის გადახალისების პროცესი ძალზე აქტიური იქნება.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული განხეთქილების შესახებ რამდენიმე დღეა, აქტიურად მიდის საუბრები, ერთ-ერთი ვერსიით, პრობლემაა „ნაცმოძრაობა“ მიშასთან ერთად თუ მის გარეშე გააგრძელებს მოღვაწეობას. ითქვა, რომ ამის გამო ჩიორა თაქთაქიშვილმა და გიგა ბოკერიამ სერიოზულად იკამათეს კიდეც. თუმცა არსებითია სხვა რამ, როგორ ფიქრობთ, რეალურად გადახალისდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა?“
- რაც შეეხება მეორე პოლიტიკურ სუბიექტს, „ნაციონალურ მოძრაობას“, აქ სააკაშვილის ფაქტორი მართლაც მნიშვნელოვანია, რა სჯობს, სააკაშვილის გარეშე მათი არსებობა თუ საკაშვილთან ერთად ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩიორა თაქთაქიშვილი და გიგა ბოკერია სრულიად სხვადასხვა კალიბრის პოლიტიკური მოთამაშეები არიან. გიგა ბოკერია იყო და დარჩება ქართულ პოლიტიკაში წონიან პოლიტიკურ ფიგურად, ხოლო ჩიორა თაქთაქიშვილისნაირები მიდიან და მოდიან. თუმცა ეს საკითხი ამ ორი პიროვნების დაპირისპირებით არ წყდება.
ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული სამ ფაქტორზე - პარტია „ქართული ოცნების“ მომავალზე - შეძლებს თუ არა ის, გახდეს ძლიერი და წარმმართველი პოლიტიკური ძალა.
მეორე ფაქტორი დამოკიდებულია უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ სიცოცხლისუნარიანობაზე - რამდენად შეძლებს ის თავისი დასავლეთის მხარდაჭერის და პარტიის შიგნით არსებული ინტელექტუალური რესურსის კაპიტალიზაციას.
მესამე ფაქტორი არის ის, რამდენად გამოჩნდება ქართულ პოლიტიკლურ სივრცეში ალტერნატიული პოლიტიკური ძალა.
ელოდებით ასეთი ძალის გამოჩენას?
- ნაკლებად, იმიტომ, რომ საზოგადოებაში ნაკლებად არის ამისი მოლოდინი. პრინციპში, გააჩნია, როდის იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნევბი. თუ მაისში ჩატარდება, ალბათ - ნაკლებად. თუ შემოდგომისთვის გადაიტანეს, ხელისუფლებით უკმაყოფილოთა რიცხვი გაიზრდება და დიდია რესურსი - ის 50%-მდე ადამიანი, რომელიც არ წავიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, შეიძლება, ძალიან მობილურმა და იდეის გარშემო გაერთიანებულმა საინტერესო სახეებმა მიიზიდონ.
დავუბრუნდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“...
- ეს არის დღესდღეობით ყველაზე სტრუქტურიზებული და ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული ძალა, მთლიანად გაშლილი, საქართველოს მასშტაბით, წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რაც მას ხელს შეუწყობს, რომ მნიშვნელოვანი შედეგი დადოს - კვლავ მეორე ადგილზე გავიდეს, ამჯერად უკვე ადგილობრივი თვითმმართველობებსა და საკრებულოებში. იბრძოლოს რამდენიმე ქალაქისა თუ რაიონის პირველ პირობაზე თუ სრულიად არჩევითი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა.
ბურჯანაძე შესაძლებელია სერიოზულ პოლიტიკურ კოალიციად ვიხილოთ ამ არჩევნებისათვის?
- რაც შეეხება ბურჯანაძესა და მის გარშესმო შეკრებილ პოლიტიკურ ძალებს, აქაც საინტერესო კონფიგურაციაა. გვახსოვს, იდეის და საგარეო ორიენტირების გარშემო არ შექმნილა „ქართული ოცნება“. ეს ამორფული კონგლომერატი შეიკრიბა ერთი პიროვნების გარშემო.
ასეთივე ამორფულ კონგლომერატს მივიღებთ ნინო ბურჯანაძის ირგვლივ. როგორც ვხვდები, მის გარშემო ერთიანდებიან პროდასავლური და პრორუსული ძალებიც. ეს გასაგებია - არასაპარტლამენტო ოპოზიციას (ბურჯანაძის გარდა), სხვა შანსი, წარმოდგენილი იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში - არ აქვთ. ამიტომ მთლიანად არიან დამოკიდებული ბურჯანაძის კეთილ ნებაზე.
თავად ბურჯანაძისთვის ეს რა რესურსია, ვერ გეტყვით, მაგრამ რესურსია სუფთა ფსიქოლოგიური კუთხით - ხალხმა დაინახოს, რომ ის არის არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი და მის გარშემო ერთიანდებიან სხვა ძალები. თორემ მატერიალური თუ ორგანიზაციული თვალსაზრისით, ამ არასაპარლამენტო ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს.
ძალიან მალე ორი ლიდერის გარეშე რჩება ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია წარმოდგენილი. როგორც აღნიშნეთ, კოალიცია იძულებულია, ერთიანობა შეინარჩუნოს, რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რამდენად სავარაუდოა, რომ ის ორ პოლიტიკურ ძალად გაიყოს?
- „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობა-დაშლის თემაც ფარდობითია - მათ შორის ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ყოველთვის ინარჩუნებდნენ ერთიანობას.
ვერ გეტყვით, რამდენად იქნება შესაძლებელი ერთიანობის შენარჩუნება, იმიტომ, რომ, ამ შემთხვევაში, სააკაშვილის ფიგურაა განხეთქილების ვაშლი. თუ ისინი ერთიანობას ვერ შეძლებენ, ძალიან დასუსტდება ორივე მხარე.
ამ შემთხვევაში კიდევ უფრო თავისუფალი იქნება პოლიტიკური სივრცე ახალი პოლიტიკური სუბიექტის შემოსვლისთვის.
მოსალოდნელია სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთად გაემიჯნოს პარტიას?
- შეიძლება ნაციონალების მეორე ჯგუფმა ჩათვალოს, რომ თუკი მიშა მაინც პოლიტიკურ თამაშს გააგრძელებს, მათ დამოუკიდებლად პერსპექტივა არ აქვთ. შეიძლება მეორე ჯგუფი იქცეს ახალი პოლიტიკური ძალის ბაზისად. ძალიან ძნელია ამ გადასახედიდან ამაზე საუბარი, ყოველ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობაც“ არ გაიხლიჩოს.
მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ფაქტობრივად, ევროპაში მოგზაურობს, განსაკუთრებით ხშირად კი ბრიუსელს სტუმრობს, ხომ, არ ნიშნავს, რომ ის სერიოზულ გარანტიებს იღებს საკუთარი პოლიტიკური მომავლისათვის?
- ერთი მხრივ, ალბათ, საუბარია იმაზე, რომ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები კიდევ უფრო განიმტკიცოს, პარალელურად კი შეიძლება საუბარი იმაზეც იყოს, რომ საკუთარი პარტიის დაფინანსების პერსპექტივები გაარკვიოს.
ალბათ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ...
- მეეჭვება რომ დაიწყოს, თუნდაც დასავლეთის ფაქტორის გამო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვინ შეიძლება ვიხილოთ პოლიტიკურ არენაზე?
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები იქნება სამსუბიექტიანი. განსხვავებით პარლამენტისგან. იქნება „ოცნება“, ნაციონალები და ბურჯანაძე თავისი კოალიციით, თუკი ეს გაერთიანება შედგა. ვნახოთ, რა მოხდება, თუკი გადაიწია ვადამ, შეიძლება გაჩნდეს კიდეც სივრცე ახალი პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც თუნდაც მხოლოდ თბილისში მნიშვნელოვანი პოზიციების დასაკავებლად იბრძოლებს.