საკრებულოს წევრებმა თბილისის მერიას და „სითი პარკს“ ერთდროულად შეუტიეს. უკვე კარგა ხანია, საკრებულო კომპანისათან მიმართებაში მოკვლევას აწარმოებს, მაგრამ მერია დოკუმენტებს მალავს.
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია ქალაქის მერს გიგი უგულავას მოუწოდებს, „სითი პარკთან“ ჯარიმების დაწევასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს. „სითი პარკი“ ყოველწლიურად მარტო 10-ლარიანი ჯარიმებიდან 4 მილიონ ლარს, მანქანების გადაყვანისთვის 70-ლარიან ჯარიმაზე, თითქმის 3 მილიონამდე ლარს, 50-ლარიანი შენატანიდან კი, დაახლოებით, 20 მილიონ ლარის შემოსავალს იღებს. ეს თანხები კომპანიაში შედის, რომელმაც მხოლოდ მიზერული თანხის ინვესტიცია განახორციელა.
იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმებისა და შემოსული თანხების გარკვეული რაოდენობა ქალაქის ბიუჯეტშიც მიდის, მოვუწოდებ თბილისის მერს, „სითი პარკთან“ აღნიშნული ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება“, - განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, თბილისის საკრებულომ „სითი პარკის“ საქმიანობასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო თუმცა, მერია ცდილობს, საკრებულოს დოკუმენტები არ მიაწოდოს.
„ეს ყველაფერი ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ მძიმე გარიგებასთან, რომელიც თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის მოხდა. ერთი შეხედვით, შეიძლება, საქმე შემოსავლების დაფარვასთან გვქონდეს“, - განაცხადა სამუშიამ.
„სითი პარკში“ კი აცხადებენ, რომ ჯარიმებისა და პარკირების თანხის ოდენობას თავად ვერ შეამცირებენ. როგორც კომპანიის პიარ-მენეჯერი ლევან ტაბიძე ამბობს, ჯარიმების რაოდენობას კომპანია არ წყვეტს, ეს მისი პრეროგატივა არ არის და შესაბამისად, ჯარიმებს ვერც შეამცირებს და ვერც გაზრდის.
„ჩვენი ზემდგომი ორგანო ქალაქ თბილისის მერიაა. ჯარიმის ოდენობას „სითი პარკი“ ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს. კანონში გარკვეული ცვლილებებია შესატანი. რაც შეეხება პარკირების გადასახადს - 50 ლარია. 24 საათში ეს, დაახლოებით, 13 თეთრი გამოდის. ვფიქრობთ, საკმაოდ დაბალი ტარიფია.
ამ შემთხვევაშიც, ამ თანხასაც ერთპიროვნულად ვერ ვწყვეტთ, მერიის ჩარევაა საჭირო, რომ შეიცვალოს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ პარკირების საფასური საკმაოდ დაბალია“, -აღნიშნავს ტაბიძე.
რაც შეეხება ავტომანქანის ევუაკუატორით გადაყვანის საფასურს - 70 ლარს - აქ შედის ის 10 ლარიც, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის გამოწერილი. დანარაჩენი 60 ლარი კი არის ევაკუაციის თანხა, რომელიც მოგებაზე არ არის გათვლილი, რადგან ამ თანხის ხდება ევრაკუატორების შენახვა და მომსახურე პერსონალის ხელფასების გაცემა.
ტაბიძე ჯაბა სამუშიას განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, რომელიც კომპანიის წლიურ შემოსავალს უკავშირდებოდა. „ჯაბა სამუშია არ ვიცი რა კალკულაციას ეყრდნობა, მაგრამ გამორჩა ერთიმნიშვნელოვანი ფაქტორი, კომპანიაში შემოსული თანხის 60 პროცენტი მოჭრილად თბილისის ბიუჯეტში შედის, რომელიც შემდეგ ისევ თბილისელებს ხმარდება. დანარჩენი 40%-ით ხდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ანუ ახალი პარკირების ადგილების შექმნა, ხელფასების გადახდა და ა.შ. სამუშიას მიერ დასახელებული ციფრები სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა კომპანიის პიარ-მენეჯერმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
„სითი პარკის“ ისტორია 2007 წელს დაიწყო, როცა თბილისის მერიაში პარკირების უფლების გადაცემისთვის გამართულ აუქციონზე შპს „ამაგონი და შოჰან პარკინგ სერვისმა“ გაიმარჯვა, რის შემდეგაც კომპანია „სითი პარკი“ დააარსა. „სითი პარკს“ პარკირების მართვის უფლება 15-წლიანი ვადით გადაეცა.
აქედან მოყოლებული, კომპანიის მიმართ პრეტენზიები მუდმივად ისმის. მისი მომსახურებით და ტარიფებით უკმაყოფილონი არიან მძღოლებიც და საკრებულოს წევრებიც. ამიტომ ხელისუფლების შეცვლის დღიდან მოყოლებული დღის წესრიგში დგას კომპანიის პარკირების სისტემიდან ჩამოშორების საკითხი, მაგრამ თბილისის საკრებულოს მცდელობა ჯერ მიზანს ვერ აღწევს. დედაქალაქის თვითმმართველობის ორგანოს თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჯერ არ მიუღია.
როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აცხადებს, ხელშეკრულება გაფორმებულია მერკანტიული ფინანსური ინტერესების შესაბამისად, რაზეც აუცილებელია განმარტებების მიღება და შემდგომში რეაგირება.