ამერიკული სამხედრო გემი საქართველოში, ყარაბაღი და ტიმოშჩენკო - ცალ-ცალკე და ერთობლიობაში

ამერიკული სამხედრო გემი საქართველოში, ყარაბაღი და ტიმოშჩენკო - ცალ-ცალკე და ერთობლიობაში

ორიოდე დღის წინ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი Mount Whitney უკვე მეორედ ესტუმრა. ეს ის სამხედრო გემია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა საქართველოში. ამერიკულ ხომლადზე ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და ხომალდის კაპიტანმა ქრეიგ კლეპერტონმა მიღება გამართეს. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი.

„ყველას გვახსოვს ის დღეები და ის მნიშვნელობა, რაც ჰქონდა ამერიკის სამხედრო გემის შემოსვლას ფოთში...“, - განცხადა უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის გზაზე ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით კი Mount Whitney-ს საქართველოში კვლავ შემოსვლა ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღიარებაა. 

„ეს გემი საქართველოში იყო 2008 წლის ომის შემდეგ, მაშინ, როცა ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა საქართველოში. ხომალდი Mount Whitney საქართველოს კვლავ სტუმრობს და ეს არის აღიარება იმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც იღწვიან, რათა მსოფლიოს ამ მნიშვნელოვან ნაწილში უზრუნველყოფილი იყოს რეგიონული უსაფრთხოება“, - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა. ელჩის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

გარდა იმისა, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში ხელისუფლების ოფიციალური შეცვლის ფინალია, საინტერესოა, რა მიზეზით შეიძლებოდა შეესრულებინა ამერკის სამხედრო გემს ამხელა მარშრუტი და არსებობს თუ არა რეგიონში რეალური საფრთხის შემცველი სიტუაცია.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, აცხადებს, რომ ამ ვიზიტს სიმბოლური სახე აქვს, თუმცა შეიძლება, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გაფრთხილებადაც აღვიქვათ.

„არ ვფიქრობ, კონკრეტული საფრთხის თავიდან არიდების წინმსწრები ნაბიჯი ყოფილიყო, უბრალოდ, სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ გემს და ვფიქრობ, თუკი რამეს შეიძლება უკავშირდებოდეს ასეთი ვიზიტი, უპირველეს ყოვლისა, გაფრთხილებას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რომ ასეთი კომუნიკაციები არ გაწყვეტილა საქართველოსა და ამერიკას შორის“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე შეფასებით, შესაძლო საფრთხე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის „გახლდათ მოულოდნელი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა“.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესი „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაზე“ 17 ნოემბერს, ინაუგურაციის შემდეგ დასრულდება და შეიძლება, ეს ვიზიტი სიმბოლური ჟესტიც იყოს.

„ეს იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკა ხელისუფლებებისგან დამოუკიდებლად საქართველოს მიმართ ინტერესს ინარჩუნებს და მემკვიდრეობითობა დასავლური ხაზის, ამ ჟესტში გამოვლინდა“, - მიიჩნევს ლაგაზიძე.

რაც შეეხება თავად მიღებას, საინტერესო დეტალია, რომ მას საქართველოს ხელისულებიდან მიმავალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა.

„თუ საუბარია უბრალოდ გარკვეულ ჟესტზე ხელისუფლების ცვლილებისა ჩვენს ქვეყანაში, მაშინ უფრო გასაგები იქნება, რატომ იყვნენ მიწვეულნი ყველანი ერთად, წამსვლელი და მომსვლელი პოლიტიკოსები. მაგრამ ასეთი გამარჯობა-ნახვამდის ფორმატი არ შედგა, რადგან თავად პრეზიდენტი, რომელიც უკანასკნელი უიკენდის მოლოდინშია საკუთარი პრეზიდენტობის პერიოდისა, არ გახლდათ საქართველოში და ხელჩართული იბრძოდა რაიმე პოზიციის მოსაპოვებლად ევროპაში“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

როგორც ჩანს, სააკაშვილის დაგეგმილი თუ დაუგეგმავი ვიზიტები ბრიუსელში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამერიკულ სამხედრო გემზე, ალბათ, თვეობით დადეგმილი და შეთანხმებული შეხვედრა, ან პირიქით, სპეციალურადაც დაემთხვა.

„არ ვიცი, რამდენად კმაყოფილია ამ იდეის ავტორი, რომ სწორედ ამ დღეს და სწორედ აქ შეხვედროდნენ ერთმანეთს, ერთმანეთთან უბრად მყოფი პოლიტიკური ძალების ლიდერები, მაგრამ თავისთავად ეს პოზიტიური მოვლენაა და თუნდაც ვინმეს გასაცილებლად და ვინმეს შესაგებებლად ყოფილიყო ასეთი ჟესტი შემოთავაზებული, იგი მაინც პოზიტიური განწყობის შემქმნელია. მას უფრო სიმბოლური დათვირთვა ჰქონდა, ვიდრე შიშის მოგვრის სურვილი ჩვენი რომელიმე არაკეთილმოსურნესათვის“- მიიჩნევს ცისკარიშვილი.

რაც შეეხება რეგიონულ საფრთხეებს, რომელზეც ამერიკის ელჩი ამახვილებს ყურადღებას, ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეგიონში მართლაც არსებობს საფრთხეები, რომელიც ირიბად საქართველოზეც აისახება. ეს არის სომხეთის საბაჟო კავშირში „შეთრევა“ და უკრაინის მოსალოდნელი უარი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე. ქართველი ექსპერტები ამერიკულ სამხედრო გემსა და ამ მოვლენებს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავენ, თუმცა თვლიან, რომ ნიშანდობლივია ამერიკის მხრიდან ღია მხარდაჭერის გამოხატვა, რადგან უკრაინის შემდეგ რუსეთი შეეცდება, ანალოგიური „არჩევანის“ წინაშე მოლდოვა და საქართველოც დააყენოს.

სოსო ცისკარიშვილი: „დასავლეთისკენ რეორიენტირებული ქვეყანა უცებ აღმოჩნდა ევრაზიულ ხაფანგში. სწორედ კონფლიქტური ზონა აღმოჩნდა სომხეთისთვის ის სუსტი წერტილი, რომელმაც აიძულა, ის გამხდარიყო ევრაზიული კავშირის წევრი. ცხადია, პრევენცია თუ რაიმესი იყო, ეს უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სწრაფვის პრევენციაა, რომ ანალოგიური თემის გამო არ დათმოს საკუთარი ლტოლვა დასავლური ცივილიზაციისკენ.

ეს გამოხატულებაა, რომ ამერიკის ინტერესი არ გამკრთალებულა და იგივე შემართებით გააგრძელებს თანამშრომლობას ახალ ხელისუფლებასთან. საინფორმაციო დატვირთვა ამას ცხადია არ ჰქონდა, უფრო სიმბოლური გამოხატვა იყო თანადგომისა - 5 წლისთავი აგვისტოს ომის დასრულებიდან ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც დროულად და დამაჯერებლად შეახსენეს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მის მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებს“.

ხათუნა ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სანაცვლოდ სწორედ ყარაბაღის პრობლემის გადაჭრა შესთავაზა რუსეთმა სომხეთს.

ხათუნა ლაგაზიძე: „ოფიციალურად მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ გავრცელებულა და არ მგონია, რომ ამას ამ ეტაპზე რეალური საფუძველი ჰქონდეს, მაგრამ ბოლო დროს გააქტიურდა საუბრები, რომ შეიძლება, რაღაც წინსვლა იყოს ყარაბაღის კონფლიქტში და საერთო ნიშნულამდე მივიდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი.

თუმცა ამის რეალურ კონტურებს ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, თუ არ ჩავთვლით თურქეთის განცხადებას, რომ ის ემზადება 2015 წელს სომხეთთან საზღვრის შესაძლო გახსნისთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ საზღვრის ჩაკეტვა ყარაბაღის კონფლიქტმა გამოიწვია და თურქეთი სულ რაღაც ორ წელიწადში ამ ნაბიჯის გადადგმაზე ფიქრობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მიზეზი, რის გამოც ეს საზღვარი ჩაიკეტა, უნდა აღმოიფხვრას - ეს რა თქმა უნდა, თეორიული მსჯელობის დონეზე.

თუკი რაიმე მსგავსი ტექტონიკური ძვრა იგეგმება რეგიონში, გასაგებია, რომ აქ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უნდა იყოს მიღებული. ამ თვალსაზრისით ამერიკის გააქტიურებას უნდა ველოდოთ, მაგრამ ამ გემის შემოსვლას აღნიშნულ მოვლენებთან კავშირში ვერ განვიხილავდი“.

როგორც ლაგაზიძე აცხადებს, მეორე მხრივ, საინტერესოა ის პროცესები, რომელიც საქართველოს გარშემო ხდება და ამ პროცესების გამოძახილი აუცილებლად მოახდენს ზემოქმედებას საქართველოზე.

„ვგულისხმობ ბოლო დღეებში უკრაინასთან დაკავშირებულ უცნაურ მოვლენათა ჯაჭვს, რომელიც დაიწყო უკრაინის პრეზიდენტის მოულოდნელი შეხვედრით რუსეთის პრეზიდენტთან. რაც გაგრაძელდა იმითი, რომ შეიკრიბა უკრაინის ბიზნესელიტა და პრეზიდენტს მოსთხოვა მინიმუმ, ერთი წლით გადაიდოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, იმის გამო, რომ ეს უკრაინისთვის იქნება ეკონომიკური კოლაფსის ტოლფასი“, - აცხადებს ლაგაზიძე.

მისივე განმარტებით, უკრაინელ ბიზნესმენთა ეს მოთხოვნა აიხსნება რუსეთიდან მოსალოდნელი სანქციების, მათ შორის, რუსეთის ბაზრის მოსალოდნელი ჩაკეტვის გამო.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ უკრაინამ გადადო იმ სამი კანონპროექტის ხელმოწერა, რომელსაც ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინაპირობად მიიჩნევს. პირველ რიგში, საუბარია ტიმოშჩენკოს სამკურნალო მიზნით გერმანიაში გამგზავრებაზე. ამ კანონების მიღების ბოლო ვადად ევროკავშირმა 19 ნოემბერი დათქვა.

„ამავე დროს, უკრაინის პრემიერი პირდაპირ აკეთებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმა უკრაინისთვის შეუძლებელია, რადგან უარის თქმით რუსულ ბაზარს დაკარგავს, ამ დონის შემოსავლებს მას ვერ სთავაზობს ვერავინ, მათ შორის - ევროკავშირი“, - განმარტავს ლაგაზიძე.

ცნობილია, რომ უკრაინის მთავრობას დაევალა სასწრაფო რეჟიმში საბაჟო კავშირის ფარგლებში ტექნიკური პრობლემების მოგვარება.

„თუკი რუსული ზეწოლის გამო უკრაინამ უარი თქვა ევროპის ასოცირების ხელშეკრულებაზე, გამოდის, რომ რუსეთს მთავარი ბარიერი საბაჟო კავშირის გაფართოების გზაზე დაძლეული ექნება უკრაინის სახით. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ევროპულ სივრცეში პროცესის შეფერხების გამო, რუსეთი გაცილებით გულმოცემული, მკაცრი და ხისტი გახდება საქართველოსა და მოლდოვას მიმართ.

აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის ძალზე რთული გასავლელი იქნება ასოცირების პარაფირებიდან ხელშეკრულებამდე გასავლელი ვადა. ისიც ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს საქართველო იმ ზეწოლის გაძლებას, რაც რუსეთიდან წამოვა“, -აცხადებს ლაგაზიძე.

მისივე შეფასებით, გარდა ამისა, ამერიკა კარგად აცნობიერებს რა მნიშვნელობა აქვს უკრაინისადმი მხარდაჭერას, იგივე ფინანსური თვალსაზრისით.

„ამ ტიპის დახმარებას ევროკავშირი ვერ შეძლებს იგივე ეკონომიკური პრობლემების გამო, მაგრამ როდესაც სასწორზე დევს ევროპის არქიტექტურა, როგორ შეიძლება, ეს ერთ მშვენიერ ქალში გაიცვალოს, ამაში ლოგიკის დანახვა მიჭირს“, - აცხადებს ლაგაზიძე.

მოვლენათა ერთობლიობა მართლაც მიუთითებს, რომ უახლოეს მომავალში, რეგიონში ძლიერ მოთამაშეებს შორის გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება არ უნდა გამოირიცხოს. შესაძლოა, სწორედ ეს იგულისხმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, როდესაც რეგიონული უსაფრთხოების საკითხს გაუსვა ხაზი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ახალ ხელისუფლებას ურთულესი მანევრების შესრულება მოუწევს, თუმცა საინტერესოა, რა სვლას შემოგთავაზებს რუსეთი - იქნება თუ არა ეს მის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უარყოფა და სომხეთის მსგავსად კონფლიქტის მოგვარების გარანტია.