„ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში გუშინ, 61-მა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ნაწილის სამედიცინო პუნქტს ერთჯერადი ჩივილებით მიმართა. სამხედრო პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. საქმეზე დაწყებულია მოკვლევა. დადასტურებულია, რომ ეს იყო მსუბუქი დიარეა. ინტოქსიკაციას ან მოწამვლის რაიმე მძიმე ფორმას ადგილი არ ქონია. არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს არ დაჭირვებია არანაირი ფორმის სამედიცინო დახმარება. ადგილზე შემოწმების შემდეგ სამხედროები დაუბრუნდნენ საწვრთნელ პოლიგონს.
გამოძიების პირველადი მონაცემებით იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას. მზარეული, რომლის დაუდევრობაც იკვეთება, „ქართული კვების კომპანიიდან“ უკვე დათხოვნილია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. გუშინვე ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის საკითხზე შპს „ქართული კვების კომპანია“-მ განცხადება გაავრცელა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქმეზე მოკვლევა დაწყებულია და გამოძიების პირველადი მონაცემებით იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას. ბოლო პერიოდში სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცთა მოწამვლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. გენერალური პროკურატურა საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.
ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში ჯარისკაცების მოწამვლის მიზეზს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციით, საკვების დამზადების პროცესში დაშვებული იყო შეცდომა. როგორც სერგეენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უკვე დაეკისრა კვების ბლოკის კონკრეტულ თანამშრომელს.
„ასეთი შემთხვევა იყო რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოსიაურის სამხედრო ბაზაზე. 61 სამხედრო მოსამსახურეს აღენიშნა მსუბუქი მოწამვლის ნიშნები. მათ მიაკითხეს სამედიცინო პუნქტს და ერთჯერადი კონსულტაციითა და დახმარებით მოხდა ამ შემთხვევის კურირება. ამის სავარაუდო მიზეზი იყო საკვების დამზადების პროცესში დაშვებული შეცდომები, რაზეც როგორც ვიცი, პასუხისმგებლობა დაეკისრა კვების ბლოკის კონკრეტულ თანამშრომელს. ზოგადად საკვებით მოწამვლა არ არის მხოლოდ პროდუქტის ხარისხის გამო. ეს არის მთელი მწკრივი და აუცილებელია, რომ ჰიგიენის პირობა, ანუ ხელის გადაბანა იყოს დაცული თავად მომხმარებლის მხრიდან“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით კი აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ფაქტი პირად კონტროლზე აიყვანოს და ყველა ის დეტალი გაითვალისწინოს, რომელიც დამნაშავის გამოვლენაში აუცილებელი იქნება.
„ძალიან ცუდი ფაქტი განმეორდა, რის გამოც რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა. აუცილებელია, დაწვრილებით მოხდეს ფაქტის შესწავლა და დამნაშავის გამოვლენა, სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კომენტარის გაკეთებაც. რაც შეეხება საბოტაჟის ფაქტს, რომელიც სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ არის მიმართული, ამას გამოძიება გამოავლენს“, - განცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის მინისტრის საბოტაჟთან დაკავშირებით არსებული ეჭვები მართალი იყოს.
„ვწუხვარ, რომ კვლავ დაფიქსირდა ასეთი ფაქტები. მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული საშუალებების მხრიდან საბოტაჟს ჰქონდეს ადგილი შიგნიდან“, - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ ინფორმაციის საჯაროობა და მასზე რაგირება დროულად ხდება ამ უწყების მიერ და სამხედრო პოლიცია აწარმოებს მოკვლევას საქმეზე, უსაფრთოების საკითხებში ექსპეტი თეონა აქუბარდია განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია კვების კომპანიამ მეტი ყურადღება დაუთმოს სამხედროების კვების ჰიგიენის თემას.
„როგორც ცნობილია, ამ დროისთვის მიმდინარეობს სასადილოების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები თავდაცვის უწყებაში და პრობლემები, რომელიც უკავშირდება ჰიგიენის თემას, მისი დასრულებისთანავე უნდა ამოიწუროს, თუმცა ვფიქრობ, სამუშაოების დასრულებამდე უნდა იქნას მიღებული მაქსიმალური ზომები ქართული კვების კომპანის მიერ, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი სამხედროების მოწამვლის განმეორების ფაქტები“, - განაცხდა for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდიამ.
For.ge-სთან საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ, როდესაც ამგვარ ფაქტებს თავდაცვის სამინისტრო არ მალავს, ეს კარგია.
„ამ ფაქტებზე გამოძიების ინიციატორი რომ სამინისტროა ესეც კარგია, მაგრამ ეგებ დავფიქრდეთ, იქნებ პრობლემა სისტემურ გაუმართაობაშიც უნდა ვეძებოთ? დღევანდელი „სისტემით“ სამხედროთა კვებაზე პერსონალურად პასიუხისმგებელი თავდაცვის მინისტრი გამოდის, რადგან მის უშუალო ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული კვების კომპანიის მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებები სწორედ ამ ვერტიკალში, სამინისტროს (როგორც) ინსტიტუტის მონაწილეობის გარეშე მიიღება“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.