იაშვილის კლინიკა ახალმა მფლობელებმა მიატოვეს, მაგრამ არც ძველები მიბრუნებულან

იაშვილის კლინიკა ახალმა მფლობელებმა მიატოვეს, მაგრამ არც ძველები მიბრუნებულან

მ. იაშვილის სახელობის კლინიკაში ბოლო პერიოდში თურქი ინვესტორები არ გამოჩენილან და საავადმყოფოს ისევ ძველი მფლობელები ჰყავს. თავის მხრივ, ძველი მფლობელები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ თურქებს თანხა არ გადაუხდიათ. გამოდის, რომ იაშვილის კლინიკა ახალმა მფლობელებმა მიატოვეს, მაგრამ არც ძველები დაბრუნებულან.

კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ამ დროისთვის დაწესებულების მესაკუთრეები კვლავ გია ნაცვლიშვილი და ზაზა კაპანაძე არიან, ვინაიდან თურქ ინვესტორს თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია.

„კლინიკაში თურქი ინვესტორები ცნობილი ინციდენტის შემდეგ აღარ გამოჩენილან, კლინიკაში კი მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აცხადებენ იაშვილში.

კლინიკის ძველი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში არ ფლობენ. ბოლო ინფორმაციით, თურქულმა მხარემ კლინიკის შესაძენი თანხა 20 მილიონი ანგარიშზე გაყინა.

თუმცა ეკონომიკის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მათი მხრიდან კლინიკა მხოლოდ ერთხელ გასხვისდა აუქციონის წესით, ამის შემდეგ კი კლინიკა მათი გვერდის ავლით ისევ გაიყიდა. სამინისტროს აუქციონზე მ. იაშვილის კლინიკის შესყიდვა 10 მილიონ 400 ათას ლარად მოხდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“ გია ნაცვლიშვილსაც დაუკავშირდა. ბიზნესმენის განმარტებით, ინვესტორების მხრიდან თანხა გადახდილი არაა, თუმცა კლინიკა მაინც თურქული მხარის მფლობელობაში რჩება და საბოლოო გადაწყვეტილება, დარჩებიან თუ არა თურქი ინვესტორები საქართველოში, სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გაირკვევა.

სახელმწიფოსა და თურქ ინვესტორებს შორის კი მეტად დაძაბული ვითარებაა. ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ დაუფარავად გამოთქვა უკმაყოფილება სამინისტროს გვერდის ავლით კლინიკის გასხვისების თაობაზე. რამდენიმე დღეში კი კლინიკაში შესამოწმებლად შესულმა ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა დარღვევები გამოავლინა.

სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ძიმისტარიშვილმა ეს ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ არ დააკონკრეტა, თუ რა სახის დარღვევები გამოავლინა მონიტორინგის ჯგუფმა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. მისივე განმარტებით, მონიტორინგის შედეგებში ასახული იქნება კომპანია „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის“ ფინანსური მდგომარეობა, რომელმაც იაშვილის კლინიკა შეიძინა, საავადმყოფოს მფლობელობის, წარმომადგენლობის, დაწესებულების სანებართვო პირობები და სხვა საკითხები.

For.ge-ს ინფორმაციით კი, „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის“ წარმომადგენლებს თავად თურქეთშიც პრობლემები აქვთ და მათი გაკოტრების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ამის თაობაზე „უნივერსალ ჯგუფის“ დირექტორის მურათ აქანის ახსნა-განმარტებაც გავრცელდა.

გარდა ამისა, „უნივერსალ ჯგუფს“ სახელფასო დავა ჰქონდა თურქეთის უდიდესი საავადმყოფოს ცნობილ ექიმთან - მაჰირ თურანთან ხელფასის გადაუხდელობის გამო.

სხვათა შორის, „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის“ წარმომადგენელმა აზმი ოფლუოღლუმ დაადასტურა თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კომპანიის ფინანსური პრობლემების შესახებ. კერძოდ, აქციების 26%-ის სხვა კომპანიის მიერ შეძენისა და მმართველობის გადაცემის თაობაზე.

ეს რაც შეეხებოდა ფინანსურ პრობლემებს, კიდევ უფრო რთული მდგომარებაში ჩავარდა იაშვილის საავადმყოფოს მმართველი კომპანია მას შემდეგ, რაც თურქმა დირექტორმა კლინიკაში დებოში მოაწყო და თანამშრომლებზეც შეურაცხყო. ამის გამო მედპერსონალმა რამდენიმე საპროტესტო აქციაც გამართა. ქართველი ექიმების პროტესტს ცალსახად დაუჭირა მხარი ჯანდაცვის მინისტრმა და ე.წ. ინვესტორებს ბოლო გაფრთხილება და ყვითელი ბარათი უჩვენა. როგორც ჩანს, წითელ ბარათამდე საქმე აღარ მისულა, რადგან თურქებმა მიატოვეს კლინიკა.