საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ საპატრიარქოს არანაირი „ელიტური სასაფლაო“ არ გაუხსნია და თბილისის ქუჩებში გამოკრული განცხადებები კონკრეტული პირების თვითშემოქმედებაა.
„ეს თვითშემოქმედებაა. საპატრიარქოს პრესცენტრს დავავალე, რომ განცხადება გააკეთონ ამასთან დაკავშირებით და ინფორმაციის საშუალებით გაავრცელონ. საპატრიარქოს არანაირი ელიტური სასაფლაო არ გაუხსნია,“- განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა.
„ელიტური სასაფლაოს“ შესახებ ინფორმაცია დღეს საინფორმაციო სააგენტო „ფრონტნიუსმა“ გაავრცელა. სააგენტო თბილისის ქუჩებში გამოკრული იმ განცხადებების შესახებ წერდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ: „საპატრიარქოს მხარდაჭერით და მამა იოანეს ლოცვა-კურთხევით გაიხსნა ვაკეში ახალი ელიტური სასაფლაო.“
სასაფლაოს შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვებას For.ge სარეკლამო განცხადებაზე მითითებულ სატელეფონო ნომერზე დარეკვით შეეცადა.
„ელიტური სასაფლაოს“ შესახებ მისი დამფუძნებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში თქვეს, რომ სასაფლაოზე ერთი ადგილი 1500 აშშ დოლარი ღირს. ჩვენს ინფორმაციაზე, რომ საპატრიარქო „ელიტურ სასაფლაოსთან“ კავშირს უარყოფს, განმარტეს:
„მამაო გვყავდა ჩვენ წამოყვანილი, მამა იოანე, რომელმაც აკურთხა სასაფლაო და იქ ჯვარი დადგა. ლოცვა-კურთხევითა და ქრისტიანულად კეთდება ყველაფერი, თორემ საპატრიარქო, რა თქმა უნდა, ამ ბიზნესში არ არის.“
„ელიტური სასაფლაოს“ საკონტაქტო პირები აცხადებენ, რომ სარეკლამო განცხადებების გავრცელების შემდეგ მათ ბევრი ადამაინი დაუკავშირდა და სასაფლაოზე ადგილის გამოყოფა სთხოვეს. მათივე ინფორმაციით, „ელიტური სასაფლაო“ ახალ სასაფლაოს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ჰქვია და იქ მიცვალებულთა დაკრძალვისთვის რამე შეზღუდვა არ მოქმედებს.