ნოდარ ხადური შესაძლოა, თანამდებობას დაემშვიდობოს

ნოდარ ხადური შესაძლოა, თანამდებობას დაემშვიდობოს

„მოდით, ერთი კვირა მოიცადეთ და ახალ მთავრობაში ან მიხილავთ, ან არა“, - ამ რეპლიკით მოგვმართა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში პოსტს დროებით შეინარჩუნებს.

როგორც for.ge-ს მმართველ გუნდში განუცხადეს, ახალი პრემიერ-მინისტრის გუნდში ნოდარ ხადურიც იქნება წარმოდგენილი და მას სხვა მინისტრების მსგავსად, პარლამენტი მომავალ რიგგარეშე კვირას ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ წყაროს ცნობით, ფინანსთა მინისტრს თანანმდებობის დატოვება მალე მოუწევს.

„მმართველი ძალა ხადურის მუშაობით უკმაყოფილოა. ფინანსთა მინისტრი მთავრობაში რჩება, მაგრამ მხოლოდ დროებით. მის მიმართ პრეტენზიები უმრავლესობის დახურულ სხდომაზეც გამოითქვა, სადაც ხადური ფაქტიურად დატუქსეს“, - განგვიცხადა კულუარულ საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

თუ რა გახდა კანონმდებელთა განაწყენების მიზეზი და თუ რა მოტივით „დატუქსეს“ მინისტრი დახურულ სხდომაზე, ამის თაობაზე უმრავლესობაში საჯაროდ არ საუბრობენ, მაგრამ „ნოდარი, ძველი ნოდარი“ რომ აღარ არის, ეს ფაქტია. თუ პარლამენტში სტუმრობისას, ფინანსთა მინისტრი ძირითად დროს, ნაციონალთა კრიტიკას, მათთვის ცხრა წლიანი მმართველობის შეხსენებას და პრეზიდენტ სააკაშვილის ქილიკს უთმობდა, ამჟამად, მინისტრმა ყურადღება ეკონომიკურ პარამეტრებზე გაამახვილა. ეკონომიკურ პროგნოზებზე შედარებით სიღრმისეულად ისაუბრა, პოლიტიკურ განცხადებებს ნაკლები დრო დაუთმო და მას რეაქცია იმაზეც აღარ ჰქონდა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი თურმე, დუბაიში ვიზიტისთვის 35 ათასი ლარის გამოყოფას ითხოვს.

მინისტრის პროგნოზით, მომავალი წლის ბიუჯეტის ბაზა შემოსავლები იქნება და წლევანდელი პრობლემები, მომავალ წელს არ გადაყვება.

„მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლები მის ხარჯებს აღემატება. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2,9 პროცენტი ყოფილიყო, ის შემცირებულია და უფრო ნაკლებია. ანუ, ბიუჯეტში უფრო მეტი ფულია, ვიდრე იყო. მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კონსულტაციებს ვაგრძელებთ და ხუთშაბათს, საქართველოში საერთაშორიო სავალუტო ფონდის მისია ჩამოდის. ამას გარდა, მსოფლიო ბანკის ექპერტებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ და ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად, რეალისტური სურათი დავდოთ“, - განმარტავს ხადური, რომელმაც ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ის „სიუპრიზი“ არ გაგვიმხილა, რომლის თაობაზეც ცოტა ხნის წინ, მან for.ge-სთან თავად ისაუბრა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ფინანსთა მინისტრი საზოგადოებას ნოემბერში „სიუპრიზს“ ჰპირდებოდა, რის თაობაზეც, ამჟამად აცხადებს, რომ ნოემბერი არ დამთავრებულა და ქართული მხარე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან სიუპრიზს ელის.

„იმედი მაქვს, რომ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი და ევრობანკის პრეზიდენტი ვილნიუსში მოილაპარაკებენ და სიუპრიზიც გაცხადდება“, - დასძინა მინისტრმა, რომელიც აღნიშნავს, რომ მთავრობა პარლამენტს დეკეკემბრის დასაწყისში, მომავალი წლის ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით წარუდგენს.

„საბოლოო ვარიანტს შემოვიტანთ, სადაც შენიშვნების ნაწილი გათვალისიწინებული იქნება. დანარჩენზე დეკემბერში ვისაუბროთ“, - განაცხადა მთავრობის წევრმა, რომლის მიმართაც უმრავლესობის ლიდერებს კითხვები აქვთ.

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ მას ხადურთან კითხვები აქვს, მაგრამ მის ნდობის საკითხთან კითხვები არ აქვს.

„ნამდვილად, ვერ ვიტყვით ბიუჯეტი შესრულდა თუ არა. ამასთან, საინტერესოა, რა ვერ დაფინანსდა და რა დაფინანსდება. არცერთი დაუფინანსებელი მუხლი არ დარჩება, რადგან ხაზინაში დიდი თანხები არსებობს. ხადურთან კითხვების მეტი რა მაქვს, მაგრამ ნდობის საკითხთან დაკავშირებით, კითხვები ნამდვილად არ მაქვს“, - აღნიშნავს კანონმდებელი.

საგანელიძის მსგავსად, ხადურის მიმართ კითხვები აქვს თინა ხიდაშელსაც, რომლის კითხვებიც ეხება არა იმას, რატომ არის დანაკლისი ბიუჯეტში და რატომ ვერ შესრულდა ის, არამედ იმას, დაგეგმვის დროს რატომ ვერ გათვალეს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საბიუჯეტო პროცესის შედეგი.

ხიდაშელის თქმით, მას არ სურს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის განხილვისას, იგივე შეცდომის დაშვება მოხდეს.

„ნოდარი კარგი მინისტრია და ამ მძიმე ერთ წელს, მან თავი ძალიან წარმატებით გაართვა. პრობლემას იმაში ვერ ვხედავ, რომ დღეს ბიუჯეტს დანაკლისი აქვს. პრობლემა თავშია. როდესაც, ბიუჯეტი იგეგმებოდა, მაშინ რაზე იყო გათვლა? საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ნოდარი არ იყოს მთავრობაში, თუმცა, ეს ახალი პრემიერის გადასაწყვეტია“, - აცხადებს დეპუტატი.

მოუწევს თუ არა ნოდარ ხადურს პოსტის დატოვება, ეს ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება, თუმცა, მას დეკემბრის ბოლომდე ბიუჯეტის პროექტში დეპუტატთა შენიშვნების გათვალისწინება ნამდვილად მოუწევს, რადგან მთავრობამ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ ეტაპისთვის პარლამენტის არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა.

5 ნოემბერს, საკანონმდებლო ორგანოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საბიუჯეტო პროექტის ზუსტად ის ვარიანტი დაუბრუნდა, რომელიც უწყებამ, პირველად 1-ელ ოქტომბერს მიიღო.

მთავრობის განმარტებით, პროექტი წარმოდგენილია საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით და მის პირველად ვარიანტთან შედარებით შეცვლილი არ არის, რასაც ორი ძირითადი მიზეზი აქვს.

„კერძოდ: ნოემბრის შუა პერიოდში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოდის, რომელთანაც საბოლოოდ უნდა შეთანხმდეს 2014 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები. ასევე პრეზიდენტის ფიცის მიღების შემდეგ, მთავრობას უფლებამოსილება უჩერდება და პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს. მიზანშეწონილია, ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტს ახალი შემადგენლობის მთავრობამ წარუდგინოს“, - აღნიშნავს ფინანსთა სამინისტრო საბიუჯეტო პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტით სახელმწიფო დაწესებულებების უმრავლესობის დაფინანსება არ იზრდება. მნიშვნელოვნად იზრდება მხოლოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2014 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3.5%-ს შეადგენს. ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტი 31.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროგნოზებიდან გამომდინარე ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2014 წელს განსაზღვრულია 7 380.0 მლნ ლარს შეადგენს. საგადასახადო შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია, რომ მომდევნო წლის დასაწყისში განხორციელდება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება დაახლოებით 180-200 მლნ ლარის ოდენობით, რაც გულისხმობს დაბალი ხელფასის მქონე პირების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დაბრუნებას.

პროექტის მიხედვით, 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 9 009.0 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც შემდეგი წყაროებიდან ფინანსდება: საგადასახადო შემოსავლები - 6 950.0 მლნ ლარი; გრანტები - 129.8 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები - 300.0 მლნ ლარი; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მისაღები სახსრები - 80.0 მლნ ლარი; გასულ წლებში გაცემული სესხების დაბრუნება - 70.0 მლნ ლარი; მსოფლიო ბანკის კრედიტი - 102.0 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი საინვესტიციო კრედიტები - 630.0 მლნ ლარი; სხვადასხვა ვადიანობის მქონე სახელმწიფო საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვება - 400.0 მლნ ლარი; სახელმწიფო ხაზინაში არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენება - 347.2 მლნ ლარი.

მომავლი წლის საფინანსო დოკუმენტი პარლამენტმა დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.