ძალიან მალე ქვეყნის მართვის განსხვავებულ, საქართველოსთვის ახალ სახელმწიფო მოწყობის მოდელზე გადავდივართ, როდესაც იზრდება სახელისუფლებო შტოების ფუნქცია, გავლენა და როლი. მოცემულობაში გვაქვს დაულაგებელი ქვეყანა, ფაქტობრივად, ინსტიტუციების გარეშე; პოლიტიკურ საქმიანობასა და მართვაში შედარებით გამოუცდეელი და ახალბედა ხელისუფლება; ეკონომიკურად რთული პერიოდი; პლუს ერთწლიანი ინტერვალები არჩევნებიდან არჩევნებამდე. რა საფრთხეები არსებობს და რა მომენტების გათვალისწინებაა საჭირო ახალი ხელისუფლებისთვის, ამ თემაზე ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.
ბატონო კახა, გადავდივართ ქვეყნის მართვის ისეთ მოდელზე, რომლის გამოცდილებაც ქვეყანას არ გააჩნია. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაართმევს ამ სირთულეს თავს ახალი ხელისუფლება?
- განსხვავებულ მოდელზე გადასვლისას დიდი როლი ენიჭება პარლამენტსაც, მაგრამ ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანომ მაინც ბოლომდე ვერ მიიღო ის გადაწყვეტილებები, რომ საკანონმდებლო კოლიზია არ შექმნილიყო კანონსა და ახალ საკონსტიტუციო ნორმებს შორის.
იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, კანონში საჭირო იქნება ცვლილებების შეტანა. რამდენადაც ვიცი, ეს ნაწილობრივ მოხდა, მაგრამ ძალიან ბევრი კანონის შესაბამისი ნორმები კვლავ შესაცვლელია.
ვიცით, რომ დღეს მმართველი გუნდი არის არაერთპარტიული, აქედან გამომდინარე, ყველას საკუთარი ინტერესები გააჩნია და ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ ძალიან ბევრი ალაპარაკდა, რომ კოალიციას ეყოლება არა ერთი, არამედ რამდენიმე ლიდერი.
ამავდროულად, პარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და თუ აქამდე მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის ბიუჯეტისადმი ღია და აშკარა შენიშვნებს არ გამოთქვამდნენ, ახლა უკვე მთავრობის ნებისმიერი ინიციატივა მკაცრ ფილტრს გაივლის პარლამენტში.
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან სერიოზული დატვირთვა ექნება თვითონ პარლამენტსაც და მთავრობასაც, ანუ რეალურად მოხდება ძალების დემონსტრირება პარლამენტარების და მთავრობის მხრიდან. მითუმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც მშვენივრად ვიცით, რომ ეს კოალიცია არ არის იდეის გარშემო გაერთიანებული - ზოგი იმიტომ გაერთიანდა, რომ მიშა სააკაშვილს ებრძოდა, ზოგი - იმიტომ, რომ უნდოდა ხელისუფლებაში მოსვლა. ასე რომ, საბოლოოდ მივიღეთ კონფიგურაცია, როდესაც დღეს კოალიცია თუ არის ხელისუფლებაში, არის მხოლოდ იმ ერთი ადამიანის დამსახურება, რომელიც მიდის პოლიტიკიდან და რომლის გარშემოც იყვნენ გაერთიანებულნი. ამავდროულად, მივიღეთ ისეთი მთავრობა, თუ ვინმე მთავრობაშია, კონკრეტულ მინისტრებს ვგულისხმობ, ესეც იმ ადამიანის დამსახურებაა, რომელიც მიდის.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის წასვლისა და ახალი მთავრობის დამტკიცებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დაიწყება ძალთა დემონსტრირება, პარლამენტის მხრიდანაც და მთავრობის მხრიდანაც -ამოცანა გახდება, ვინ აიღებს ლიდერობას. ვფიქრობ, ამის გამო კოალიციის შიგნით დაიწყება დაძაბულობა. შესაძლოა, ეს ვიზუალურად არ ჩანდეს, მაგრამ დაიწყება გავლენის სფეროების გადანაწილება, გავლენების მოპოვების ინიციატივები წამოვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პარტიების და მთავრობის მხრიდან.
საკმაოდ რთული პერიოდი იწყება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებას იღებდა, მიდის, გადაწყვეტილების მიღების პრობლემა კოალიციას ექნება ყველა შემთხვევაში. ამას ემატება ის ფინანსური პრობლემები, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტის დეფიციტს და ა.შ.
გასათვალისწინებელია თუ არა, რომ ახალ მთავრობას განსაკუთრებით, ძალაუფლებაში ყოფნის მინიმალური გამოცდილება აქვს, ეს არ შექმნის გარკვეულ პრობლემებს?
- გამოუცდელია არა მხოლოდ მთავრობა, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც, ამის შესახებ თვითონ კოალიციის ლიდერსაც არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ ძალიან ბევრი გამოუცდელი პარლამენტარია. ბუნებრივია, მთავრობასაც გაუჭირდება.
როდესაც აღვნიშნე, რომ კოალიციას აღარ ეყოლება გადაწყვეტილების მიმღები ლიდერი, ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა, ინერციით გაჰყვეს ბიძინა ივანიშვილის გავლენა საპარლამენტო უმრავლესობას, მაგრამ რამდენიმე თვეში ძალიან სერიოზულად შეიცვლება მდგომარეობა, რადგან დაიწყება ბრძოლა ლიდერობისათვის.
რამდენიმეჯერ არაერთმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ თუ კოალიციის ერთპიროვნულ ლიდერად ყველას მხრიდან აღქმული იყო ბიძინა ივანიშვილი, მისი წასვლის შემდეგ კოალიციას რამდენიმე ლიდერი ეყოლება. რაც ნიშნავს იმას, რომ კოალიციაში გადაწყვეტილების მიღება გაჭირდება - ვიცით რას ნიშნავს ერთ გუნდში რამდენიმე ლიდერი - ეს არის სხვადასხვა აზრები, კამათი, პოლემიკა- შესააბამისად, გადაწყვეტილების არმიღება ან - გაჭიანურება.
კამათი და პოლემიკა ხელისუფლებაში ცუდია?
- ერთი მხრივ, ეს კარგია, იმიტომ, რომ აღარ გვეყოლება ისეთი მონოლითური ხელისუფლება, როგორიც იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მაგრამ თუ მმართველმა გუნდმა დაკარგა გადაწყვეტილების მიღების ინციატივა, მომავალში უფრო მეტად გაუჭირდება. მითუმეტეს, რომ ერთი წლის განმავლობაში ისედაც იყო თავის მართლების რეჟიმში.
აქამდე, ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ ძალოვან მინისტრებს, ახალი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრად და მთავარ პროკუროტად წარდგენილი არიან ფაქტობროვად საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები, რას ფიქრობთ, ისინი იქნებიან დამოუკიდებელი ფიგურები, თუ, მხოლოდ და მხოლოდ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის კადრები?
- ბუნებრივია, ისინი იმიტომ არიან შერჩეულები, რომ მათ ღარიბაშვილმა გამოუცხადა ნდობა. როგორც გამოჩნდა, ორივე კანდიდატი გამოკვეთილად ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი კადრია კოალიციისთვის და მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია მათ არ იცნობდა, მიიღო მხარდაჭერა.
რაც შეეხება მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქ გადაწყვეტილებები კარგად უნდა ყოფილიყო გააზრებული. რაც შეეხება პროკურატურას, სამწუხაროდ, მან უკვე დიდი ხანია, დაკარგა თავისი როლი და ფუნქცია სამართალდამცავ სისტემაში.
წინა ხელისუფლების დროს 9 წლის განმავლობაში, პროკურატურა იყო დაკავებული ყველაფრის კონტროლით, მათ შორის იმის კონტროლითაც, რაც კანონით მას არ ევალებოდა და ასოცირებული იყო უდიდეს მონსტთან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პროკურატურა გადაიქცა უწყებად, რომლის იმიჯი იყო გადაწყვეტილების არმიღება. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში პროკურატურამ დაკარგა კანონით მინიჭებული საზედამხედველო ფუნქცია, განსაკუთრებით ამ ერთი წლის მანძილზე.
მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პროკურატურა ახორციელებს საპროცესო ზედამხედველობას ყველა იმ უწყებაზე, რომელიც ახორცოელებს გამოძიებას, ან რომელშიც მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო გამოძიება. აქედან გამომდინარე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროკურატურამ დაკარგა საზედამხედველო ფუნქცია და სამწუხაროდ, ამ უწყებას ყველა უყურებს, როგორც რაღაც საგამოძიებო ბიუროს, რომელსაც ხელეწიფება გარკვეული საქმეების გამოძიება. ხოლო, რაკი საჭიროა პროკურორიც მონაწილეობდეს პროცესში, პროკურორის ერთადერთი ფუნქციაა, რომ წარმოდგენილი იყოს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩამომიყალიბდა აზრი, რომ პროკურატურა ვერ ახორციელებდა საზედამხედველო ფუნქციას ვერც შს სამინისტროზე, ვერც ფინანსურ პოლიციაზე და ვერც იმ უწყებებზე, სადაც მიმდინარეობს გამოძიება და ოპერატიული სამძებრო საქმიანობა.
ახალი პროკურორი არის არა მხოლოდ იმ ამოცანის წინაშე, რომ რამდენიმე საქმე გახსნას და ამით საზოგასოებას თავი დაამახსოვროს, არამედ განსასაზღვრია პროკურატურის როლი და ფუნქცია.
დღეს პროკურატურა აღარც სასამართლო ხელისუფლებაშია, როგორც იყო მანამდე, ვიდრე შემოვიდოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში და უკვე აღარც აღმასრულებელ ხელისუფლებაში აღარ არის ბოლომდე. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ის იუსტიციის მინისტრს აღარ ექვემდებარება პირდაპირი წესით, მაგრამ ამავდროულად, რაღაც დეპარტამენტის დონეზე დარჩა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
გარდა ამისა, პროკურატურაში პროკურორს არ აქვს მხოლოდ ის როლი, რომ მან რაღაც კონკრეტული საქმე გამოიძიოს, ან ანონსი გააკეთოს რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის განმსაზღვრელი ქვეყანაში არის საქართველოს მთავარი პროკურორი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს პროკურატურა უნდა იყოს ერთ-ერთი სერიოზული როლის გამტარებელი ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში.
რამდენად შეძლებს ამას ადამიანი, რომელსაც ერთი დღეც არ უმუშავია პროკურატურაში და არ იცის პროკურატურის მუშაობა სიღრმისეულად, ჩემთვის უცნობია.
არ ველოდებოდი, რომ პროკურატურაში დაინიშნებოდა ის ადამიანი, რომელიც ამ უწყებაში ნამუშევარიც კი არ ყოფილა.
ასეთი შეცდომა იყო დაშვებული კბილაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც ძალიან კარგი სპეციალისტი და გამოცდილი იურისტია, მაგრამ სამოქალაქო საქმის სპეციალისტია და შეცდომა იყო არჩილ კბილაშვილის დანიშვნა პროკურორად - პროკურატურის სამიანობის შესწავლა მან დაიწყო მთავარი პროკურორის სავარძლიდან, რამაც თავისთავად, დააკარგვინა ინიციატივა, უწყებაში პირველობა, რითაც ისარგებლეს სხვებმა.
სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მომწონს, რომ მმართველ გუნდს დღეს გაახსენდა კბილაშვილის კრიტიკა. ერთი წლის განმავლობაში, ყველა ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა პროკურატურის საქმიანობის შესახებ. მაშინ კი, როდესაც ადამიანმა გადადგა ნაბიჯი და წავიდა, ვიღაცეებს გაახსენდათ, რომ თურმე პროკურატურა არ იყო სათანადო სიმაღლეზე.
რაც ვიცით, ახალი პროკურორის ირაკლი ფარცხალაძის შესახებ არის ის, რომ მის სახელს უკავშირდება რამდენიმე საქმე, მერიის თანამშრომლების, ჩოჩელის და ა.შ...
- ეს იყო გაუაზრებელი გადაწყვეტილებები. არ ვიცი, სხვა საქმებში რამდენად საფუძვლიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, მაგრამ რაც ვიზუალურად ვნახე, ეს იყო მერიის 20 თანამშრომლის დაკავება, მაშინ, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი, რასმუსენი იყო ჩამოსული და აცხადებდა, რომ პოლიტიკურ დაკავებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს და იმედს იტოვებს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ რაიმე მსგავსს ადგილი არ ექნებოდა.
მერიის 20 მაღალჩინოსნის დაკავება იმ დღეს და მერე ბოდიშის მოხდა... თან ეს დაკავებაც კი არ იყო, რაღაც გასეირნების მსგავსი - ჩემი აზრით, ეს არის გაუაზრებელი ნაბიჯი.
ამისი შიში მაქვს დღესაც. ადამიანი, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ვერ აცნობიერებს რა გააკეთა. მერიის ამ 20 თანამშრომლის დაკავებით, პრაქტიკულად, მან მოახდინა დისკრედიტირება მთელი გამოძიებისა, თანამდებობის ყოფილი პირების მიმართ.
ეს შეგნებულად გაკეთდა თუ შეუგნებლად, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ძალიან ცუდი შედეგი ჰქონდა. ამის მიუხედავად, მას წარმატებებს ვუსურვებ და იმედს ვიტოვებ, რომ ასეთ პოპულისტურ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ექნება.
შესაძლოა, ვიღაცას დიდი სურვილი ჰქონდა, ასოცირება მომხდარიყო კუდის სატელევიზიო დაკავებებთან და მისთვის პრესტიჟული იყო, რომ კუდი ტელედაპატიმრებებს ახორციელებდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, მსგავსს არაფერს ვნახავთ ფარცხალაძის პროკურორობის პერიოდში.
ნებისმიერი გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, უნდა იყოს კარგად გააზრებული და მყარად დასაბუთებული, რომ როგორც მინიმუმ, არ დამთავერდეს გამამართლებელი განაჩენით და მეტიც, საზოგადოებას არ სჭირდება ტელედაპატიმრებები, რომელიც საბოლოოდ დასრულდება გამამართლებელი განაჩენით.
ვფიქრობ, იმდენად უნდა იყოს გააზრებული გადაწყვეტილებები, რომ არ მოხდეს იმ პროცესის დისკრედიტაცია, რომლის მოლოდინშიც არის ხალხი.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, როგორც ითქვა ალექსამდრე ჭიკაიძეს შესაბამის უწყებაში მუშაობის გამოცდილება ნამდვილად აქვს, შეგიძლიათ, რამის თქმა ადამიანზე, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების და სიმშვიდის გარანტი უნდა გახდეს?
- ვიცი, რომ ახალგაზრდა კაცია, რომელიც რამდენიმე წელია, მუშაობს შს სისტემაში, ვიცი მხოლოდ ის, რომ მას ღარიბაშვილი ბოლომდე უცხადებს ნდობას.
კარგად უნდა გავაანალიზოთ რას ნიშნავს შს სამინისტრო დღევანდელ საქართველოში, მაშინ როდესაც ამ სტრუქრურაზე ბევრია დამოკიდებული. ეს არის სტაბულურობა, როგორც კრიმინოგენული მდგომარეობის, ისე პოლიტიკური სტაბილურობა - თუ ერთი წლის განმავლობაში პოლიცია არ იყო პოლიტიზირებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი სურვილი ჰქონდა მინისტრს.
სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს ისეთ საფუძვლები ყველა ინსტიტუციაში, რომ მინისტრის ნებას კი არ დაემორჩილოს სისტემა, არამედ სისტემასა და კანონის მოთხოვნებს დაემორჩილოს პირველი პირი.
აქედან გამომდინარე, პირველ პირზე ძალზე სერიოზულად არის დამოკიდებული ასეთი მნიშვნელოვანი დაწესებულების მუშაობა და ადამიანი, რომელსაც არ აქვს მართვის დიდი გამოცდილება, რამდენად შეძლებს, არ ვიცი. მაგრამ თუ ღარიბაშვილმა მისი კანდიდატურა წარადგინა, ეს ნიშნავს, რომ ის ნდობას უცხადებს, მაგრამ პასუხისმგებლობას იღებს როგორც კარგზე, ისე ცუდზე ამ სამინისტროსთან დაკავშირებით.
ამავდროულად, იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლების რეფორმა შს სამინისტროსთან მიმართებაში არ დასრულდება იმით, რომ პოლიტიზირებული არ გვეყოლება პოლიცია. საჭიროა, თუნდაც იმ რეფორმის გატარება, რომელსაც სწორედ „ოცნება“ ითხოვდა - რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსულიყო უშიშროების კომპონენტი. ერთი წლის განმავლობაში, ამ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა გასაგები მიზეზების გამო - იყო ორხელისუფლებიანობა და ა.შ. ახლა აღარც ორხელისუფლებიანობაა და საზოგადოება ელოდება ისეთ რეფორმებს, რომელსაც ექნება არა ბუტაფორიული ეფექტი, არამედ სიღრმისეული.
ალბათ, ამ შემთხვევაში, საუბარი უნდა იყოს მთლიანად, ინსტიტუციების მშენებლობის დაწყებაზე, რაც დიდი ხანია, გადაუჭრელი პრობლემაა. რას ფიქრობთ, ამ კუთხით პირველ რიგში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
- ძალიან ბევრი ნორმაა შესაცვლელი, იმიტომ, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში, ყველა უწყება ერთი ადამიანის ნებაზე იყო აწყობილი და, ალბათ, ეს რომ არ გაგრძელდეს, საჭიროა, ძალიან სერიოზული რეფორმების ჩატარება.
ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და დროულად უნდა წარმოადგინოს კანონპროექტები ინსტიტუციების განვითარების კუთხით, იმიტომ, რომ სამწუხაროდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა სამინისტრო მუშაობდა ინერციით. რაც ჩაიბარეს, ინერციით გაყვნენ იმას, ნოვაციები და ძირეული რეფორმები ვერ ვნახეთ, გარდა სასჯელაღსრულების სამინისტროსი, გასაგები მიზეზების გამო.
იქაც მხოლოდ ერთი რამ მოხდა, პატიმრებს აღარ სცემენ და აწამებენ, გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია ის პროექტი, რომელიც სოზარ სუბარმა წარმოადგინა.
სხვა სამინისტროებში მნიშვნელოვანი არაფერი მოხდა? გარკვეული პროექტების განხორციელება თითქმის ყველა უწყებამ დაიწყო...
- ვცდილობ ის სამინისტროები შევაფასო, რომელთა მუშაობასაც ვიცნობ. შესაძლოა, რაღაც გაკეთდა ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებში, მაგრამ ვფიქრობ, იმ სამინისტროებში რომელთა საქმიანობასაც ვიცნობ, ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, უფრო მეტის გაკეთებაც იყო შესაძლებელი.
გამოდის, რომ ურთულეს პერიოდში გადავდივართ, თანაც გვიახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები...
- სირთულე რამდენიმე საკითხს უკავშირდება, უმრავლესობას აღარ ეყოლება ერთპიროვნული ლიდერი - გვახსოვს უსუფაშვილის განცხადება, როდესაც თქვა, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო აზრთა სხვადასხვაობა კოალიციის ლირდერებს შორის, მაგრამ ჩვენ გვყავდა ადამიანი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტყილებებს იღებდა იმ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომელსაც მხარეები წარმოუდგენდნენ-ხოლმეო. დღეს ასეთი ლიდერი კოალიციას არ ეყოლება და საქართველოს პირობებში რას ნიშნავს ბევრი ლიდერი, ეს ძალიან კარგად ვიცით.
კიდევ ერთი პრობლემა - პარლამენტი და მთავრობაც შეეცდებიან, ძალების დემონსტრირებას. თვითმმართველობის არჩევნებზე როგორ წარდგება კოალიცია, ესეც არ არის ცნობილი, რამდენჯერმე ითქვა, რომ კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა, შესაძლოა, ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა და ა.შ.
კიდევ ბევრი სხვა პრობლემა ამოტივტივდება და როდესაც კოალიციას აღარ ეყოლება ერთპიროვნული ლიდერი, ვფიქრობ, რომ ყველას გაუჭირდება მმართველ გუნდში - ნამდვილად ვუსურვებ მათ წარმატებულ საქმიანობას.
საქართველოს ისტორიაში გვახსოვს ძლიერი პარლამენტიც, თითქოს დეჟავუს მოლოდინიც არსებობს ჟვანიას პარლამენტთან...
- ეს დროც მოვა... როდესაც ვუსმენ საპარლამენტო ლიდერებს, ვეცნობი მათ ინტერვიუებს, პირდაპირ გამოკვეთილად საუბრობენ, რომ პარლამენტი ისე ადვილად აღარ დაეთანხმება მთავრობას იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც მანამდე ეთანხმებოდა ივანიშვილს ხათრით.
ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე საკუთარ როლზე მიუთითებს არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ თითოეული დეპუტატი. მაგალითისთვის გამოდგება ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ვერ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმათა ¾-ის შეცვლის ინიცირება, იმიტომ, რომ ვერ მოხდა იმ კანონპროექტის დროულად წარდგენა, რომელიც ძალაში დატოვებდა ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა 2/3-ს პრინციპს მანამდე, ვიდრე საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციის ახალ მოდელს მოამზადებდა.
ეს ნიშნავს, რომ პარლამენტარებმა ნამდვილად იფიქრეს საკუთარი როლის გაზრდაზე, როდესაც არ მოახდინეს ამ ცვლილების ინიცირება. ინაუგურაციის შემდეგ ფიცის დადების მომენტიდან, ნებისმიერი ცვლილება კონსტიტუციაში მოითხოვს პარლამენტის ¾-ის თანხმობას თანაც არაერთგზის. ამისი შეცვლის ინიციატივა იყო პარლამენტში, მაგრამ ეს დარჩა ინიციატივად.
ამ კუთხით სერიოზული გაუგებრობაც იქმნება, რადგან აქამდე - 2/3 იყო პრობლემა, ამიტომ მგონია, ახლა საკონსტიტუციო კომისიაში იმაზე კი არ იქნება ლაპარაკი, რა მოდელი სჭირდება ქვეყანას, არამედ იმაზე - რას დაუჭერენ მხარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგება ნებისმიერი პროექტის წარდგენას თუ „ნაცმოძრაობას“ არ შეუთანხმდებიან საკონსტიტუციო კომისიის წევრები, საუბარია საკონსტიტუციო მოდელზე. ამ ყველაფრით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული დეპუტატის ხმის პოლიტიკური წონა გასამმაგდა.
საით წაგვიყვანს ეს ყველაფერი - მივიღებთ პოლიტიკურ კრიზისს თუ პირიქით, ჩამოყალიბდება ძლიერი სახელისუფლებო შტოები. ეგებ უკეთესი იყოს ძლიერი კონკურენცია...
- ვნახოთ, რა მოხდება, დრო გვიჩვენებს. ძლიერი კონკურენცია ყოველთვის კარგია, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს იმაში, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პრობლემა შეიქმნას. ძლიერი კონკურენცია იყო შევარდნაძის მმართველობის დროსაც, მაგრამ პრობლემა იყო გადაწყვეტილების მიღება, რამაც საბოლოოდ მოსახლეობას ნდობა დაუკარგა სახელისუფლებო ინსტიტუტების მიმართ.
იმიტომაც მივესალმები ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რომ ვიმედოვნებ, ეს ადამიანი შეძლებს პროცესების ისე წარმართვას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, რომ პრობლემების წინაშე კი არ აღმოვჩნდეთ, არამედ მხოლოდ განვითარების გზას დავადგეთ.