ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში რეკორდული მაჩვენებელი „დადო“ - წინასწარი მონააცემებით და ეგზიპოლებით, რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 88% აიღო.
VTsIOM-ისა და FOM-ის ეგზიტპოლის შედეგები მოსკოვის დროით 21:00 საათზე გამოქვეყნდა - ამ დროისთვის რუსეთში საარჩევნო უბნები დახურული იყო (თუმცა საზღვარგარეთ ხმის მიცემა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა). VTsIOM ეგზიტპოლის მიხედვით, სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური, ვლადიმირ პუტინი 87%-ით ლიდერობს. FOM-ის ინფორმაციით, მან ხმების 87,8% აიღო.
2018 წელს, პუტინმა 76,69%-ით გაიმარჯვა, ანუ თუ VTsIOM-ის მონაცემები რეალობასთან ახლოსაა, წელს მისი მაჩვენებლები რეკორდული იქნება.
VTsIOM-ის გამოკითხვა ჩატარდა რუსეთის 69 რეგიონის 1400 საარჩევნო უბანზე, FOM-მა ეგზიტპოლი 82 რეგიონში 1320 საარჩევნო უბანზე ჩაატარა.
ორივე ეგზიტპოლის მონაცემებით მეორე ადგილზე რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატი, ნიკოლაი ხარიტონოვია (VTsIOM-ის მიხედვით, მან მიიღო ხმების 4,6%, FOM-ის მიხედვით - 4,7% აიღო). მესამე ადგილზეა „ახალი ხალხის“ კანდიდატი ვიაჩესლავ დავანკოვი (მან ხმების 4,2% და 3,6% აიღო). ბოლო ადგილს LDPR-ის ხელმძღვანელი, ლეონიდ სლუცკი იკავებს - VTsIOM აძლევს მას ხმების 3%-ს, FOM - 2,5%.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეგზიპოლების მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს ემთხვევა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87,97%-ით ლიდერობს. დანარჩენი კანდიდატების ადგილები, ისე გადანაწილებული როგორც VTsIOM-ისა და FOM-ის ეგზიტპოლში.
თუმცა, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებს აქციების გარეშე არ ჩაუვლია და არჩევნების ბოლო დღეს გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდაჭერებმა გააპროტესტეს პუტინის კიდევ ერთხელ არჩევა. ისინი ხალხს მოუწოდებდნენ საკუთარი ხმები დაეცვათ და ქვეყანა ავტოკრატიისგან ეხსნათ.
Reuters-ის ინფორმაციით, ცნობილი არ არის საპროტესტო აქციის მონაწილეების რაოდენობა, რადგან რუსეთის ხელისფლებამ არჩევნების დღეს ძალიან გაამკაცრა უსაფრთხოება. სააგაენტოს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველთა რაოდენობა აჭარბებდა. თუმცა, სააგენტო იმასაც აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე მოქალაქეების საკმაოდ დიდი რიგები იყო.
CNN-ის ინფორმაციით კი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემისას სამოქალაქო დაუმორჩილებლობაც იყო. რუსმა სამართალდამცველებმა 15 ადამიანი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საარჩევნო ყუთებს საღებავი შეასხეს და ცეცხლი გახსნეს. ასევე, დამოუკიდებელი უფლებადამცველი ჯგუფის OVD-Info-ს ცნობით, კვირას 60-ზე მეტი რუსი დააკავეს რუსეთის 16 ქალაქში.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის გამარჯვება ამ არჩევნებში სრულიად პროგნოზირებადი იყო, რადგან მისი რეალური პოლიტიკური ოპონენტები ზოგი მკვდარია, ზოგი ციხეშია და ზოგიც ემიგრაციაშია.
ცნობისთვის, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არც ეუთოსა და არც ევროკავშირის დამკვირვებლები არ აკვირდებოდნენ. ორივე უწყებამ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.