ეკონომიკის ზრდასათან დაკავშირებით საგაისო პროგნოზი საქართველოს მთავრობამაც გააკეთა. წლევანდელ მონაცემთან შედარებით, იგი შემცირებულია და ამჯერად 5%-ის დონეზეა. თუმცა, მთავრობის სურვილი და ვარაუდი დიდად არ განსხვავდება საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ შარშან წლის ბოლოსაც ყველანი (ადგილობრივებიც და უცხოელებიც) ოპტიმიზმით იყვნენ აღსავსენი, მაგრამ ერთი წლის თავზე მათი იმედები გამესამედდა, რადგან ნაპროგნოზები 6%-დან რეალურ 2%-მდე ჩამოვიდა.
2014 წელს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამაგიეროდ, სხვა უწყებებს მოუწევთ ქამრების შემოჭერრა. საგაისო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია, ხოლო ინფლაცია 3,5%-ის ფარგლებშია დაგეგმილი.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტში 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის წარადგინა და ხაზი გაუსვა, რომ 2014 წლის ბიუჯეტი სრულად ეყრდნობა კოალიცია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებასა და მთავრობის პროგრამას. მომავალი წლისთვის დასაფინანსებელი პროექტები, ძირითადად, სოციალურ სფეროს ეხება, რომელშიც 2,7 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.
„წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2014 წელს ეკონომიკური ზრდა 5% იქნება, ხოლო ინფლაცია 3,5%.თუმცა, ამ მაჩვენებლებზე ჩვენ საკამაოდ სერიოზული მუშაობა მოგვიწევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან და მისიებთან. ძალიან მნიშვნელოვანია მათი დასკვნები. მართალია, ჩვენ ვგეგმავთ 5%-იან ზრდას, თუმცა, მსოფლიო ბანკი გვეუბნება, რომ მინიმუმ 6%-იანი ზრდა გვექნება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ პროგნოზებს რაც შეეხება, აქ ცოტა განსხვავებული მონაცემები სახელდება. მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს 2014 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 4%-ის ფარგლებში წარმოუდგენია, მსოფლიო ბანკი უფრო „ხელგაშლილი“ აღმოჩნდა და 6% იწინასწარმეტყველა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი ყველაზე მეტად ფრთხილია და ამიტომაც საგაისო პროგნოზისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. საქართველოს მთავრობა კი როგორც უკვე აღინიშნა, ევრობანკსა და მსოფლიო ბანკის მონაცემებს შორისაა მშპ-ს 5%-იანი ზრდის იმედით.
„ეკონომიკა იმ შოკიდან გამოდის, რომელშიც თქვენ ის დატოვეთ“, - ამ განცხადებით ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა. მისი პასუხი მოჰყვა უმცირესობი დეპუტატების კითხვას - გრძნობს თუ არა პირად პასუხისმგებლობას, რომ ეკონომიკის 6%-იანი ზრდის პარამეტრი ვერ შესრულდა, ხოლო „ბიუჯეტი ჩავარდა“ და მასში „მილიარდიანი გარღვევაა“.
ფინანსთა მინისტრმა უმცირესობის ბრალდებებს ბრალდებებით უპასუხა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორი გაჯანსაღების პროცესშია და ის ახლა წინა ხელისუფლების ზეწოლისგან გამოდის. მისივე თქმით, 1,5 მილიარდ ლარზე მეტი იყო ზედმეტად გადახდილი გადასახადი, ხოლო 2013-14 წლებში საქართველოს წინა ხელისფლების მიერ აღებული მილიადნახევრიანი ვალის გადახდა უწევს.
„არავინ არავის დაიბარებს და ფულს არ წაართმევს. მხოლოდ გასულ წელს, 100 მილიონი ლარი იყო აკრეფილი ე.წ. არადეკლარირებული გადასახადების საგადასახადო შეთანხმებებით - როცა ბიზნესებს კონკრეტული ჩინოვნიკი იბარებდა და პირდაპირ აწერდა ფულს. შემდეგ ეუბნებოდა, სანაცვლოდ ბუღალტერია დაეწვა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მინისტრმა დაადასტურა, რომ ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წლის 9 თვეში 2%-მდეა. ხადურის თქმით, დარგობრივად სხვადასხვა სფეროებში არის ზრდა, ხოლო სფერო, რომელშიც ადგილი აქვს ჩავარდნას, მშენებლობაა.
„ჩვენი პროგნოზი რომ არ გამართლდა, ამას როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები აქვს. ამის მიზეზია აგრესიული ფონი, რომელიც მოდის უმცირესობიდან, პრეზიდენტიდან. ინვესტორებისათვის ეს არის ნიშანი, სიგნალი, რომ ცოტა ხანი თავი შეიკავონ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ წელს, მეორე კვარტალში უფრო მეტი იყო ინვესტიცია, ვიდრე გასული წლის მეორე კვარტალში“, - განაცხადა ხადურმა, რომლის ინფორმაციით, ინვესტიციები მეორე კვარტალში 12%-ით გაიზარდა.