პიტერ ბეიკერის ახალ წიგნს „ცეცხლოვანი დღეები: ბუში და ჩეინი თეთრ სახლში“ (Days of Fire: Bush and Cheney in the White House), მთელი პოლიტიკური სპექტრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ისეთმა ადამიანებმა, როგორებიც არიან დევიდ ფრამი და გვენ აიფილი განცხადეს, რომ ნაშრომში ღრმა ანალიზი, მიუკერძოებლობა, ასევე ზედმიწევნით გადამოწმებული და კარგად დასაბუთებული დასკვნებია. კამათისთვის დრო და ადგილი ყოველთვის მოიძებნება, თუმცა ბეიკერი მაღალ შეფასებას იმსახურებს იმ პრეზიდენტობის გაწონასწორებული ანალიზისათვის, რომელიც დღემდე იწვევს გამორჩეულად ემოციურ და დიამეტრალურად განსხვავებულ რეაქციებს ამერიკული საზოგადოების სხვადასხვა ფენებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უმცროსი ჯორჯ ბუშის მიმართ მაქსიმალურად სამართლიანი მოპყრობაა.
მოკლე ფრაგმენტი ამ წიგნიდან, რომელიც ბუშის და ვლადიმერ პუტინის ურთიერთობას ეხება, ახლახანს ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნდა და მე დაჟინებით გირჩევთ, რომ რამდენიმე წუთით მოწყდეთ თქვენს ყოველდღიურ საქმეებს და ის მთლიანად წაიკითხოთ. ეს მოკლე მონაკვეთია, მაგრამ ძალიან კარგად დაწერილი და ისეთ თემას ეძღვნება (რუსეთთან ურთიერთობა), რომელიც ძალიან ხშირად მოქცეულია კლიშეების და შტამპების ტყვეობაში. ვიდრე, ამერიკის რუსულ პოლიტიკაზე რაიმე ტიპის დისკუსიას დაიწყებთ, ქვემოთ მოყვანილი ბეიკერის აბზაცი ხმამაღლა უნდა წაიკითხოთ:
„თუკი ობამა უკან გაიხედავს და საკუთარი წინამორბედის გამოცდილებას გადაავლებს თვალს, ის მიხვდება, თუ რამდენად იოლია არასწორი წარმოდგენების შექმნა მოსკოვის განზრახვებზე, გამომდინარე ამერიკული წარმოდგენებიდან იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს რუსული ინტერესები და როგორ აფასებენ ამ ინტერესებს პუტინი და მისი გარემოცვა, რომელიც „კაგებეს“ ვეტერანებისგან შედგება, ასევე ანტაგონისტური თამაშის მომხრეები. ბუში და ობამა კვლავინდებურად უმზერენ რუსეთს ამერიკული სათვალიდან ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ კრემლის შეხედულებები განსხვავდება ამერიკელების წარმოდგენებისგან მათზე”.
ძალიან ზუსტი და მართალი შეფასებაა. დიდი მიხვედრა მას არ სჭირდება, მაგრამ ამერიკელმა პოლიტშემოქმედებმა ის ვერაფრით შეიგნეს. რუსები, უბრალოდ არ უყურებენ სამყაროს ისე, როგორც ჩვენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი მსოფლხედველობა ჩვენსას ჯობს, და არც იმას, რომ ჩვენ ის უნდა გავიზიაროთ. უბრალოდ, კრემლის წარმოდგენა საკუთარ ინტერესებზე ძალიან განსხვავდება ჩვენი წარმოდგენისაგან მათ ინტერესებზე. ხოლო, თუკი აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწეებს უნდათ იმის შეფასება, თუ როგორ გავლენას ახდენს ამერიკის პოლიტიკა რუსეთის ინტერესებზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ როგორ განიხილავენ ამ ინტერესებს რუსები. აბსოლუტურად ცხადია, რომ არის შემთხვევები, როდესაც ამერიკული და რუსული ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. ჩემი აზრით, ასეთი რყევები გარდაუვალია თუ გავითვალისწინებთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ სხვაობას გეოგრაფიული მდებარეობის, პოლიტიკის და ეკონომიკის თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენთვის არასდროს არ უნდა იყოს მოულოდნელი რუსების შეხედულებები საკუთარ ინტერესებზე. ამ თვალსაზრისით ბეიკერის ფორმულირებები საოცრად ზუსტია. ის წერს (და სრულად ვეთანხმები), რომ ძალიან სახიფათოა გულუბრყვილო ვარაუდი იმისა, თითქოს ჩვენ ვიცით, თუ რომელი კურსია რუსეთისათვის უკეთესი.
ასეთ მოკლე ფრაგმენტშიც კი ბეიკერი ავლენს შესანიშნავ და ძალიან ღრმა ცოდნას იმისას, რომ ბუშის რუსული სტრატეგია აბსოლუტურად ბუნდოვანი იყო. იმის გათვალისწინებით, რასაც ბეიკერი წერს, სიტყვა „სტრატეგია“ შეიძლება ზედმეტად ძვირფასი იყოს ბუშის რუსეთისადმი მიდგომის დასახასიათებლად. სტრატეგიაში უნდა არსებობდეს ერთგვარი შეთანხმებული მიზანი, პროგრამა-მაქსიმუმი, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა ტაქტიკური ხერხების დახმარებით. თუმცა, ბუშის რუსულ პოლიტიკაში არანაირი თანმიმდევრული სტრატეგიული მიზანი არ არსებობდა. ამის ნაცვლად იყო მუდმივი რყევა, უწყვეტი ცვლილებები მიზნებსა და ამოცანებში, თანაც ბევრი მათგანი ერთმანეთს გამორიცხავდა.
როგორც ბეიკერი წერს, ბუშის საწყისი გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთი „ჩვენს ბანაკშია“, რადგან, „ოდესმე ჩვენ ყველას გვექნება საქმე ჩინელებთან“. ეს „რეალპოლიტიკის“ კლასიკური რეცეპტია: დიახ, რუსები გიჟები არიან, მაგრამ ჩინელები გაცილებით საშიშები არიან, და გარდა ამისა, რუსები შეიძლება ოდესმე გამოგვადგნენ. ასეთ სტრატეგიას საფუძვლად უნდა ედოს მთლიანობაში მეგობრული კავშირების შენარჩუნებისკენ სწრაფვა და იმავდროულად მუშაობა რუსეთს და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აღსაკვეთად. ასეთი სტრატეგიის წინააღმდეგ შეიძლება აბსოლუტურად გასაგები არგუმენტები არსებობდეს, მაგრამ მას აქვს ერთი მკაფიო მიზანი: ჩინეთი არ უნდა გაძლიერდეს!
მართლაც, ბუშის მმართელობის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკას და რუსეთს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. დიახ, დაძაბულობის მომენტებიც იყო, მაგალითად, ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებული შეთანხმების გაუქმებაზე, მაგრამ ასეთი დაძაბულობები მალევე იხსნებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ყველაზე მეგობრული ურთიერთობები ისტორიაში, მაგრამ ყველა გარემოების გათვალისწინებით, მათ ცუდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. შემდეგ რაღაც მოხდა. აი რას წერს ბეიკერი:
„მაგრამ მას შემდეგ რაც ბუში მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად ისეთი წინასაარჩევნო დაპირების ტალღაზე, როგორიც იყო ის, რომ „ბოლოს მოუღებდა ტირანიას მსოფლიოში“, იგი ვეღარ ახერხებდა თვალის დახუჭვას იმაზე, რომ პუტინი ქვეყანაში ძალაუფლების ცენტრალიზებას ახდენდა… ამიტომ, როდესაც ბუში პრეზიდენტობის მეორე ვადაში პუტინთან პირველ შეხვედრაზე გაემგზავრა, მან გადაწყვიტა ამ რუსზე ზეწოლა მოეხდინა, თუმცა დახურულ კარს მიღმა“.
სინამდვილეში, მოსკოვში რეჟიმის შეცვლისკენ მიმართული ეს სტრატეგია და მისი საბოლოო მიზანი არის არა რუსეთთან თანამშრომლობა ანტიჩინური ალიანსის ფარგლებში, არამედ მისი შიდაპოლიტიკური ინსტიტუტების გარდაქმნა. შეიძლება ეს კარგი სტრატეგიაა, მაგრამ შეიძლება – არა. პირადად მე ამ სტრატეგიის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ მისი სისწორე ან მცდარობა უნდა დადასტურდეს ნამდვილი დებატების დროს, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ დაეთანხმებიან. მაგრამ შუძლებელია კამათი იმ მარტივი და აბსოლუტურად კონკრეტული ფაქტის ირგვლივ, რომ „რუსეთის დემოკრატიად გარდაქმნის“ სტრატეგია ძალიან განსხვავდება „რუსეთის ჩვენს ბანაკში შენარჩუნების“ სტრატეგიისაგან. ეს ორი უკიდურესად გასხვავებული რამ არის.
რამდენიმე წელიწადში ბუშის სტრატეგია რუსეთის მიმართ კვლავ შეიცვალა. ამჯერად მისი პირველადი ამოცანა გახდა ნატოს გაფართოება პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამ საკითხზე ბეიკერი წერს:
„თუმცა 2008 წელს ბუშის ურთიერთობა პუტინთან შემრიგებლურობიდან კონფრონტაციულობისკენ შეიცავალა. პრეზიდენტს უნდოდა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს – უკრაინას და საქართველოს ნატოში გაწევრინებისთვის მზადება დაეწყოთ“.
ამგვარად, 8 წლის განმავლობაში ბუში „რუსეთის ჩვენს ბანაკში შენარჩუნების“ სტრატეგიიდან გადავიდა „რუსეთის დემოკრატიად გარდაქმნის“ სტრატეგიაზე, ხოლო მოგვიანებით სტრატეგიაზე „რუსეთის იზოლაცია პოსტსაბჭოთა სივრცის სიღრმეში ნატოს მაქსიმალური გაფართოვების ხარჯზე“. მას, რომ აქედან მხოლოდ ერთი სტრატეგია განეხორციელებინა, ის იმოქმედებდა. ორი სტრატეგიის წარმოება სარისკო იყო, მაგრამ შედეგი მაინც შეიძლება დამდგარიყო, თუკი მათ სერიოზულ ყურადღებას დაუთმობდნენ, ბუშს კი იღბალი არ აკლდა. მაგრამ სამი სტრატეგიის წარმოება დროის ასეთ შეზღუდულ ვადებში, გარანტირებულ მარცხს ნიშნავდა. კურსის ასეთი გააფთრებული რყევების ფონზე, არავის არ უნდა უკვირდეს ის, რომ როდესაც ბუში პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებდა, რუსეთთან ურთიერთობამ ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
ბუში მარტო არ იყო რუსეთთან დაკავშირებულ სტრატეგიულ გაურკვევლობაში, მაგრამ როგორც ამას ბეიკერი გვიჩვენებს, უმცროსი ბუში თავის პოლიტიკაში განსაკუთრებით მკვეთრ მანევრებს მიმართავდა – დაწყებული კისინჯერის სულისკვეთების „რეალპოლიტიკიდან“, დამთავრებული ჩეინის სტილის დემოკრატიის გავრცელების პროგრამით, და ამას ყველაფერს დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში აკეთებდა.
რაც შეეხება რუსეთს, ამერიკელებს დღემდე ძალიან უჭირთ იმაზე ჩამოყალიბება, თუ რა გვინდა ჩვენ ამ ქვეყნისაგან? გვინდა, რომ რუსები უფრო მეტად გვგავდნენ ჩვენ? მათი მხარდაჭერა გვჭირდება ჩინელებთან, ირანელებთან, „ალ-ქაიდასთან“ და სხვა საშიშ გარე მტრებთან გამკლავებისათვის? თუ, რუსეთის დასუსტება და იზოლირება გვინდა? როგორც ჩანს ამერიკული სტრატეგია ხშირად სამივე ამ სტრატეგიას ერთდროულად ეფუძნება. ჩვენ ვეხმარებით სამოქალაქო საზოგადოებრივ ჯგუფებს, ჩვენ ვმუშაობთ ირანის საწინააღმდეგო სანქციებზე, და ჩვენ ვაფართოვებთ ნატოს, ვცდილობთ რა მასში საქართველოს და უკრაინის მიღებას. ცხადია, რომ ნაწილობრივ დამნაშავეები რუსებიც არიან, რადგან მათ არ შეუძლიათ უარი თქვან ბავშვურ ქმდებებზე, როდესაც მაკფოლს დევნიან. მაგრამ ჩვენი უუნარობაც, განვსაზღვროთ საკუთარი სტრატეგიული ამოცანები ძალიან კარგად ხსნის იმას, თუ რატომ არის ასეთი დაულაგებელი რუსულ-ამერიკული ურთიერთობები.
მე მაქვს საკუთარი შეხედულება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის რუსული სტრატეგია, და ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხში ყველა დამეთანხმება. მაგრამ, ვიდრე არ გავიგებთ იმას თუ საით მივდივართ, ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან კვლავინდებურად იქნება არადამკმაყოფილებელ და ქაოტურ მდგომარეობაში.
foreignpress.ge