განხეთქილება ნაციონალებში

განხეთქილება ნაციონალებში

მომავალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაგურაციის საკითხი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების მიზეზი გახდა. for.ge-ს ინფორმაციით, პარტიის კონსტრუქციული ნაწილი მომხრეა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები 17 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრონ და ამით პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა გამოხატონ. რადიკალური ფრთა კი, ამ იდეას ეწინააღმდეგება.

ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ინაგურაციას დაესწრებიან თუ არა უმცირესობის ლიდერები, ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიაში მიღებული ვერ იქნა, რადგან პარტიის ოფისში, გუშინ გამართული პოლიტსაბჭოს სხდომა ხმაურის მიუხედავად, უშედეგოდ დასრულდა.

„მარგველაშვილის ინაგურაციაზე სააკაშვილი მისვლას არ აპირებს. ამ დროისთვის, პრეზიდენტი საზღვარგარეთ იქნება. რაც შეეხება ლიდერებს, დავით ბაქრაძე, მიხეილ მაჭავარიანი და კიდევ რამდენიმე ლიდერი ინაგურაციაზე დასწრების მომხრეა, ხოლო ბარამიძე-გაბაშვილი-წიკლაური და კიდევ რამდენიმე ადამიანი ამის წინააღმდეგ გამოდიან“, - განუცხადა for.ge-ს კულუარულ საუბარში უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილის ინაგურაციის გარდა, ნაციონალებში დაპირისპირების მიზეზი სამდივნოების შექმნის საკითხი გახდა. for.ge-ს ინფორმაციით, ლიდერები ითხოვდნენ, რომ პარტიაში ექვსი სამდივნო გუშინვე შექმნილიყო, რასაც პარტიის წევრთა ნაწილი არ დაეთანხმა.

მიხეილ მაჭავარიანი იმ პირთა შორის იყო, რომელიც გუშინ, სამდივნოების შექმნის მომხრე იყო, მაგრამ მისი წინადადება თანაგუნდელებმა არ გაიზიარეს და მას ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, აღმასრულებელი მდივნის პარალელურად, გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულება დაავალეს.

მაჭავრიანის განმარტებით, მდივნის თანანმდებობებზე კანდიდატურების წარდგენა მიმდინარე კვირას მოხდება, 24 ნოემბერს კი, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის მდივნებს აირჩევენ.

„ორი კვირის შემდეგ, პარტიის მდივნებს ავირჩევთ. რაც შეეხება დაპირისპირების თაობაზე ინფორმაციას, არ მახსოვს, რომ დავით საყვარელიძეს და გიორგი კარბელაშვილს სხდომა დაეტოვებინოთ. გასაგებია, რომ ნაციონალები ინტერესის სფეროს წარმოადგენენ და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა 22-მა პროცენტმა ოპონენტები ისე გააღიზიანა, რომ თავიანთი 62 პროცენტი დაავიწყდათ. პოლიტსაბჭოს სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში წარიმართა. საქმიანი განხილვა იყო. არანაირი განხეთქილება არ ყოფილა, მაგრამ იყო ხმაური“, - განუცხადა for.ge-ს მაჭავარიანმა, რომლის მსგავსადაც, განხეთქილების თაობაზე ინფორმაციას უარყოფს გოკა გაბაშვილი.

კანონმდებელი გვარწმუნებს, რომ ერთმანეთს არც ირმა ნადირაშვილი და გიგა ბოკერია დაპირისპირებიან, რომელთაც წყაროს ცნობით, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანანმდებობაზე პრეტენზიები გამოთქვეს.

„გუშინ, გიგა ბოკერია ბათუმში ამერიკულ გემზე იყო. შესაბამისად, ინფორმაცა, რომ მასსა და ირმა ნადირაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა, უსაფუძვლოა. მიმდინარე საკითხებზე წყნარად და მშვიდად ვისუაბრეთ. დისკუსია ჩვეულებრივი რამეა და არავის არანაირი სხდომა არ დაუტოვებია. ეს არის სრული სისულელე“, - დასძინა გაბაშვილმა, რომლისგან განსხვავებითაც, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სხდომა ხმაურიანი იყო.

„ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება“. შესაბამისად, როგორც ჩანს, ბოკერია-ნადირაშვილს შორის დაპირისპირებას მართლაც ჰქონდა ადგილი, რადგან ირმა ნადირაშვილი ერთ-ერთი მდივნის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გეგმავს. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, მან ცოტა ხნის წინ, დაანონსა, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტის დატოვების შემდეგ, საქმიანობის გაგრძელებას პარტიაში აპირებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მას აღმასრულებელი მდივნის თანანმდებობის დაკავების სურვილი ჰქონდეს.