„საქართველოს რკინიგზა“ აშკარად ცუდ რელსებზეა

„საქართველოს რკინიგზა“ აშკარად ცუდ რელსებზეა

„საქართველოს რკინიგზას” ბოლო დროს სირთულეები დაატყდა თავს. კომპანიას 14 ნოემბერს დიდი გაფიცვით ემუქრებიან, ამ დროს კი დასავლეთ საქართველოში, აბაშის რაონში მატარებელი რელსებიდან გადავიდა. რკინიგზას პრობლემები არ ელევა და მუდმივად დაძაბულ რეჟიმში უწევს საქმიანობა.

საქართველოს რკინიგზის პროფკავშირები 14 ნოემბერს გაფიცვას გეგმავს. როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება დაიწყეს, თუმცა დიალოგი ჩიხში სამ ძირითად საკითხზე შეუთანხმებლობის გამო შევიდა.

შრომის კოდექსის თანახმად, შეტყობინების გაგზავნიდან 21 დღის თავზე, დასაქმებულებს აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, რაც გაფიცვას ნიშნავს და ეს ვადა 5 ნოემბერს ამოიწურა. თუმცა, როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ვადას კიდევ 9 დღე დაუმატეს და გაფიცვის დღედ 14 ნოემბერი დასახელდა. რკინიგზის ადმინისტრაციას მოსალოდნელ გაფიცვაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

პროფკავშირების ინფორმაციით, შპს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობა ორი კვირაა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას თავს არიდებს და აცხადებს, რომ კომპანია რკინიგზელების აღნიშნული სამი ძირითადი მოთხოვნის გათვალისწინებას არ აპირებს. რკინიგზელები ადმინისტრაციას ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, გამჭვირვალე საპრემიო სისტემის დაწესებას და დანამატების სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით გაცემას სთხოვენ.

„ნაცვლად გაფიცვის თავიდან აცილებისა, ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირისგან პროფკავშირის ლიდერების მიმართ მუქარაც გაისმა. გამოვლინდა პროფკავშირის წევრების შეკრებისათვის ადმინისტრაციის მხრიდან ხელის შეშლის ფაქტებიც. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონდომება, რომელიც დაძაბულობის განმუხტვისაკენაა მიმართული, ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევს“, - აცხადებენ პროფკავშირში.

ცნობისათვის, „საქართველოს რკინიგზამ“ 6 თვეში 41,85 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, ხოლო ჯამში შემოსავლებმა 214,91 მილიონი ლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 1%-ით არის გაზრდილი.

თითქოს „საქართველოს რკინიგზას“ მომავალი საპროტესტო აქცია არ ეყოფოდა და არანაკლები თავსატეხი გაუჩნდა. აბაშის რაიონში, ნავთობით დატვირთული შემადგენლობიდან ორი ცისტერნა ლიანდაგს ასცდა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად საწვავის დიდი რაოდენობა ნიადაგში ჩაიღვარა.

შემთხვევასთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზამ“ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა: „ფართო წყლის მიმართულებით მოძრავი ნავთობით დატვირთული შემადგენლობიდან ლიანდაგს ასცდა ორი ცისტერნა და სავალი ნაწილიდან გადავიდა სადგურ ქოლობანთან, რამაც გამოიწვია მცირე რაოდენობით საწვავის დაღვრა, რომელსაც გაუჩნდა ცეცხლი. მობილიზებულ იყო როგორც სამაშველო, ასევე რკინიგზის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ მომენტისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია. დაწყებულია ფაქტის მოკვლევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სავარაუდოდ, მატარებლის მემანქანე ცუდად გახდა, რამაც ინციდენტი გამოიწვია. მატარებლის მემანქანე სადისპეჩეროში გადაიყვანეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჟურნალისტებთან კომენტარს ვერ გააკეთა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, მოსახლეობისთვის საფრთხე უკვე აღარ არსებობს. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა, არ არის მსხვერპლიც.