ორგანიზაცია „იდენტობის“ ინიციატივას უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთნი ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას, რომლის სახელსაც ლგბტ პირების უფლებების დაცვა უკავშირდება, არ უნდა ვანდოთ უსახლკარო ადამიანების, განსაკუთრებით, ბავშვების ბედი და ისინი საცდელ ობიექტებად არ უნდა ვაქციოთ. მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ორგანიზაცია „იდენტობას“, ისევე, როგორც სხვა ორგანიზაციებს, ქველმოქმედების გაწევის უფლება არ ეკრძალება.
საინტერესო აზრი გამოთქვა ჯანდაცვის მინისტმა დავით სერგეენკომ. მან გაიხსენა, რომ, როგორც წესი, ბავშვთა გაშვილებისას მშვილებელი ოჯახის შესწავლა ხდება და შვილად აყვანის ნებისმიერ მოსურნეს ასე მარტივად ბავშვებს ვერ ანდობენ. მისი თქმით, თუ თავშესაფარი ოჯახურ დასახლებას გულისხმობს, იგი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. მინისტრი ფიქრობს, რომ მხოლოდ თავშესაფრის მიცემა საკმარისი არ არის და საჭიროა აღზრდის მეთოდები, რაც საერთაშორისო გამოცდილებასთან, სტანდარტებსა და კანონმდებლობასთან იქნება შესაბამისობაში.
სხვათა შორის, კომუნისტების დროსაც და შემდგომ პერიოდშიც, როცა განათლების სამინისტრო კურირებდა გაშვილების საკითხს, მომავალი ოჯახის საგულდაგულო შემოწმება ხდებოდა და ბავშვის ბედზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო არ იცილებდა.
„იდენტობის“ ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ თავშესაფარი, შესაძლოა, მიმდინარე თვის ბოლომდე, ზამთრის ყინვების დაწყებამდე გაიხსნას. იმ მოქალაქეთა ბაზა, ვინც პირველ ეტაპზე (მინიმუმ 15 ადამიანი) თავშესაფარში მოხვდება, ცნობილი არ არის. ამიტომ თავშესაფარში მოხვედრის გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფისთვის „იდენტობამ“ დახმარების თხოვნით საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას მიმართა.
აღნიშნული თავშესაფრის მოწყობას საქართველოს საპატრიარქო ეწინააღმდეგება, რის გამოც გაჩნდა კატეგორიული მოსაზრებები, რომ საპატრიარქო ქველმოქმედების წინააღმდეგ გამოდის.
პატრიარქის პრესმდივანი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ საპატრიარქო წინ არ აღუდგება ნებისმიერი პირის მიერ მოხუცებისთვის ან ბავშვებისთვის დახმარების გაწევას, თუმცა ეს დახმარება არ უნდა მოხდეს ლგბტ ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ. მოგვიანებით ჩვენც დავუკავშირდით მამა მიქაელს, თუმცა მან ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა.
როგორც ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, თავშესაფრისთვის 80 კვ.მ ფართობის ბინა კერძო შემომწირველმა თბილისში, ბაგების დასახლებაში უსასყიდლოდ, რამდენიმე წლის ვადით გადასცა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, შენობა ამჟამად შავი კარკასის მდგომარეობაშია და ესაჭიროება კეთილმოწყობა - თავშესაფრის ბინადრებისთვის აუცილებელია საწოლები, საძილე საბნები, მინიმალური საკანალიზაციო კეთილმოწყობა და გათბობის დამონტაჟება (ბინაში შეყვანილია გაზი და დენი).
გარდა ამისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ის ადამიანები, ვინც თავშესაფარში მოხვდებიან, იქიდან ფსიქოლოგიურად და სოციალურად გაძლიერებულები უნდა გავიდნენ. ჩვენ ირაკლი ვაჭარაძესაც დავუკავშირდით და კომენტარზე მანაც უარი განაცხადა.
მას შემდეგ, რაც „იდენტობის“ აღნიშნულ ინიციატივას ასეთი წინააღმდეგობრივი მოსაზრებები მოჰყვა, ორგანიზაციამ უსახლკაროთა თავშესაფრის დაარსება გადაიფიქრა. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ინიციატივა სამართლებრივად გამართულია და არ არსებობს კანონი, რომელიც მათ თავშესაფრის დაარსებასა და მართვას აუკრძალავდა, ისინი არ არიან დარწმუნებულნი, რომ თავშესაფრის ბენეფიციარების უსაფრთხოება დაცულ იქნება. ამასთან, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ თავშესაფრის ბინადრებსა და ორგანიზატორებს ძალადობის საფრთხე დაემუქრა. კერძოდ, მრავლად გაისმა თავშესაფარსა და ორგანიზატორებზე თავდასხმის მუქარა.
„17 მაისის გამოცდილების გათვალისწინებით, ეს ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის უსახლკარო ოჯახების დახმარების პროცესის მშვიდობიან და პროფესიონალურ ორგანიზებას. ვწუხვართ, რომ არც სულიერება და არც ქველმოქმედება ჯერჯერობით უზენაეს ღირებულებას არ წარმოადგენს მისთვის, ვინც ამის საკეთებლად არის შექმნილი – ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის“, - აცხადებენ ორგანიზაციაში და, პარალელურად, სხვა მოქალაქეებსა თუ ორგანიზაციებს მოუწოდებენ, თავად აიღონ ინიციატივა ხელში და დააარსონ თავშესაფარი უსახლკარო ოჯახებისათვის.
ამ თემასთან დაკავშირებით For.ge სხვადასხვა პიროვნებას ესაუბრა.
საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი მამა ტარიელი აცხადებს, რომ თავის დროზე ეკლესიას ჰყავდა მარიამ მაგდალინელის მსგავსი წმინდანი, რომელიც უმდიდრეს ქალბატონად ითვლებოდა. მან მოძღვარს შესთავაზა, მინდა, ჩემი ქონება ეკლესია-მონასტერს დავურიგო და, თუ შეიძლება, მონაზვნად აღმკვეცეთო. წმინდა მამამ ურჩია, მიეტანა დაგროვილი ქონება. მართლაც, უამრავი ძვირფასეულობა შეზიდეს ეკლესიის ეზოში, წმინდა მამამ კი მათ ცეცხლი მოუკიდა და უთხრა, შენი ასეთი ცხოვრებით ნაშოვნი სიმდიდრე ეკლესიას არ სჭირდება და ახლა, თუ მიიღებ გადაწყვეტილებას, კი ბატონოო. მანაც ცუდი ცხოვრებით ნაშოვნ ქონებას და სახლს ცეცხლი წაუკიდა.
ამ მაგალითის მიხედვით, მამა ტარიელი აცხადებს, რომ ეკლესიის დამოკიდებულება ასეთია - ნაქურდალი და ნამრუში ფულით არც ბავშვის მოვლა და არც ეკლესიის აშენება არ შეიძლება. მართალია, ამ წმინდანმა ცოდვა მოინანია და დანაშაული აღიარა, მაგრამ ლგბტ პირები და მათი დამცველები მონანიების ნაცვლად, რეკლამას უკეთებენ ცოდვას.
მოძღვარი აცხადებს, რომ ბევრ პიროვნებას იცნობს, რომლებიც თავიანთ საქციელს ინანიებენ. მართალია, სინანულის შემდეგაც ისინი მთლად წმინდა ცხოვრებით ვერ ცხოვრობენ, მაგრამ ცდილობენ მაინც, რომ ეშმაკს შეეწინააღმდეგონ.
„ასეთ ადამიანს შვილსაც კი ჩავაბარებ, რადგან მათ ასეთი ცხოვრება არ სურთ, მიუხედავად იმისა, რომ მისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ. მაგრამ, როცა ეს ადამიანები რეკლამას უკეთებენ თავიანთ საქციელს და ასეთი საქციელით შოულობენ ფულს, ეს ბოროტებაა. არც ქარის მოტანილი გვინდა, არც წაღებული“, - აცხადებს მამა ტარიელი.
ამასთან, არ გამორიცხავს, რომ შეიძლება, პირიქითაც მოხდეს და ამ ბავშვების თავშესაფარში მიყვანით ისე შემობრუნდეს მათი ცხოვრება, რომ ყველამ ერთბაშად აღიაროს, რომ ასე ყოფნას აღარ აპირებენ.
„არა განცადო უფალი, ღმერთი შენი. დარწმუნებული ვარ, ბავშვები უფრო მოახდენენ მათ შეცვლას, ვიდრე - ისინი, მაგრამ ასეთი რისკისა და გამოცდის წინაშე ბავშვი არ უნდა დავაყენოთ და ამ განსაცდელში არ უნდა ჩავაგდოთ. დარწმუნებული ვარ, ისინიც თავიანთ ცხოვრებას მონანიებით დაამთავრებენ. ახლა კი ტვინი აქვთ არეული და არ იციან, ფული საიდან იშოვონ. თუ მათ მართლა ეცოდებათ ეს ბავშვები და მოხუცები, „იდენტობის“ სახელს ნუ ამოეფარებიან და მარჯვენამ ისე გააკეთოს სიკეთე, მარცხენამ არ იცოდეს. ღმერთისთვის ასეთი ცხოვრება სათნო არაა, ამას ისინი აკეთებენ ბოროტის სახელით. ერთ წმინდა მამას აქვს ასეთი ლოცვა - შეგიყვარო შენ, უფალო, ვითარცა შევიყვარე ცოდვაი და გმონო შენ უფალო, ვითარცა ვმონე ბოროტს. სამწუხაროდ, არ ვუღრმავდებით, თორემ, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ ეშმაკი უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე ღმერთი და მას უფრო ვემსახურებით“, - აცხადებს მამა ტარიელი და მიიჩნევს, რომ არც ბავშვები არ უნდა მოხვდნენ ამ ადამიანების ხელში, არც - მოხუცები.
მისი თქმით, საპატრიარქოს თითქმის ყველა ეპარქიაში ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფარი აქვს გახსნილი და მსგავსი რამ საგურამოშიც იგეგმება.
ექსპერტ რამაზ საყვარელიძის თქმით, „იდენტობის“ მიმართ ჩვენ მხოლოდ ეჭვის გამოთქმის საფუძველი გვაქვს, სხვა მხრივ კი, არ გვაქვს უფლება, მათ კეთილგანზრახვას აპრიორი უნდობლობა გამოვუცხადოთ. ამიტომ რამაზ საყვარელიძე მხარეებს გამოსავლის ძიებას სთავაზობს.
„საქართველოში ყოველთვის ვცდილობთ, ან „ხო“ ვთქვათ, ან - „არა“. ამიტომ შუალედური გზა იქნება, თუკი „იდენტობას“ ფინანსურად შეეძლება ამ ტვირთის აწევა და ამ ტიპის სახლი გაიხსნება „იდენტობისა“ და ქართული ეკლესიის წარმომადგენელთა საერთო ძალისხმევით. თუ რაიმე უსიამოვნო აღმოჩნდება, ეს გამოჩნდება და საზოგადოებაც დაინახავს. ამიტომ ეს იქნება გამოსავალი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
თეოლოგი ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ „იდენტობის“ წევრები ბავშვების აყვანას თავიანთ ოჯახებში არ აპირებდნენ. ამდენად, სამართლებრივად, „იდენტობა“ სწორია და ნებისმიერ ორგანიზაციას თავშესაფრის გახსნას კანონი არ უკრძალავს.
„იქ საუბარი არ იყო მხოლოდ ბავშვებსა და მოხუცებზე. თავშესაფარი შეიძლება ყველას დასჭირდეს და ეს ჩვეულებრივი ქველმოქმედებაა. მოგვწონს თუ არა, ამის მიხედვით კი არ უნდა ვიმოქმედოთ, არამედ კანონის მიხედვით. მაგალითად, რუსეთში კანონი მიიღეს, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ბავშვებში. ჩვენთან კი მსგავსი კანონი არ არის და რის საფუძველზე უნდა ავკრძალოთ?! მაშინ კანონმდებლობა შევცვალოთ, თორემ შეიძლება, დღეს ერთი რამ არ მოგვეწონოს, ხვალ - მეორე. თუ ამას მივყვებით, ეს საზოგადოების განვითარებას ჩიხამდე მიიყვანს“, - აცხადებს ლევან აბაშიძე.
მისი თქმით, არსებობს რაღაც, რაც კანონის მიერაა დაშვებული, მაგრამ მორალურად გაუმართლებელია. თუ რაიმე ამორალურია, საზოგადოებამ უნდა გაკიცხოს და კანონზე მაღლა თავი არ უნდა დააყენოს. რაიმეს აკრძალვა და მუქარები კი დაუშვებელია.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ეკა სანებლიძე ადასტურებს, რომ შვილად აყვანისას მშვილებელი ოჯახის სოციალურ გარემოზე, მოტივაციაზე კეთდება აქცენტი და მრავალი კომპონენტით ფასდება მომავალი ოჯახი. სოციალური მუშაკი კი ყველა ასპექტს აკვირდება.
მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, მშვილებელი შეიძლება გახდეს მარტოხელა ადამიანი, ან ქორწინებაში მყოფი წყვილი. და-ძმა ან დები ან დედა-შვილი, ანუ ორი ადამიანი ერთობლივად ვერ დადგება აღრიცხვაზე. საქართველოს კანონმდებლობით კი, ქორწინებაში მყოფ პირებად ქალი და მამაკაცი ითვლება, განსხვავებით ამერიკისგან, სადაც მხოლოდ რამდენიმე შტატშია ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული.
„იდენტობასთან“ დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. გასარკვევია, რა ტიპის თავშესაფარი იქნება და რა კატეგორიის ბავშვებს მოემსახურება. სიტყვა „თავშესაფარი“ ძალიან ზოგადი ცნებაა. თუმცა უმჯობესია, ბავშვი ცხოვრობდეს ან ოჯახში ან ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში და არა - დიდი ზომის თავშესაფარში. ჩვენ მიერთებულნი ვართ ბავშვთა უფლებათა კონვენციას და კონვენციის მოთხოვნაა, ბავშვი ოჯახში ცხოვრობდეს.