ბოიკოტი ოლიმპიადას - ეს სიტყვები კარგად ნაცნობია რუსებისა და ამერიკელებისთვის. 1979 წლის დეკემბრის ბოლოს საბჭოთა ჯარის ავღანეთში შეჭრის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა მსოფლიოს ქვეყნებს მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდა. ბოიკოტს 64 ქვეყანა შეუერთდა, თუმცა მოსკოვის 1980 წლის თამაშებზე დელეგაციები გაგზავნეს აშშ-ის მოკავშირეებმა - დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ და სხვა.
ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა კარტერმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უფლება არ მისცა, დახურვის ცერემონიალზე აღემართათ ამერიკის, როგორც მომავალი ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის დროშა.
ოთხი წლის თავზე საბჭოთა კავშირმაც სამაგიერო გადაუხადა ამერიკას და გამოაცხადა, რომ ამერიკაში გამეფებული ანტისაბჭოთა განწყობის გამო, სპორტსმენების უსაფრთხოების მიზნით, ლოს-ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებდა. სინამდვილეში, ყველამ იცოდა, რომ ეს ჯიმი კარტერის საპასუხო ბოიკოტი იყო.
როგორც ჩანს, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯიმი კარტერის გადაწყვეტილების გამეორებას არ აპირებს. უფრო მეტიც, გიორგი მარგველაშვილი არ მალავს, რომ ამ ეტაპზე განიხილება სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მხარდასაჭერად თავად მისი ჩასვლის საკითხი.
მისივე თქმით, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამგზავრება კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ არ შეიქმნას რაიმე პოლიტიკური დაძაბულობა. ქართული მხარე მოლოდინით უყურებს სოჭის ოლიმპიადას და იმედოვნებს, რომ სპორტული და კეთილი ნების ემოცია დასაბამს მისცემს გარკვეული სახის ახალ ურთიერთობებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელს მსოფლიოში.
„ჩვენ ძალიან პრობლემატური საკითხიდან ვიწყებთ, იმ წერტილიდან, რომლიდანაც სამწუხაროდ, ძალიან ტრაგიკული მოვლენებით დაიწყო. ახლა ვეცდებით, ერთმანეთს ტკივილი არ მივაყენოთ“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მარგველაშვილის სოჭში წასვლა-არწასვლის საკითხი „ქართული ოცნების“ გუნდს შიგნით განიხილება.
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე სოჭის ოლიმპიადაზე გიორგი მარგველაშვილის წაუსვლელობის მიზეზს ვერ ხედავს. მისი თქმით, ოლიმპიადამდე დიდი დროა და საქართველოს ხელისუფლება მოვლენების განვითარებას დააკვირდება. თუ დავინახავთ, რომ ამით საფრთხე ადგება ჩვენს ქვეყანას, საქართველოს დამოუკიდებლობასა და განვითარებას, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი აცხადებს, რომ სოჭში შესაძლო გამგზავრების თაობაზე არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ რეგულარულ რეჟიმში დაიწყება ამ თემაზე კონსულტაციები.
ამის საპირისპიროდ, ნაციონალებს პირზე გამუდმებით ოლიმპიადის ბოიკოტი აკერიათ და რუსული არხისთვის მარგველაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუს კრემლისადმი მაამებლურს უწოდებენ.
უნდა უგულშემატკივროს თუ არა გიორგი მარგველაშვილმა უშუალოდ სოჭში ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს?! ამის შესახებ ექსპერტები გვესაუბრნენ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ამ კითხვაზე პასუხი უკვე გასცა გერმანიის ელჩმა. მან თქვა, ქართველი რომ ვიყო, რა თქმა უნდა, ვიტყოდი, არ წავალ ოლიმპიადაზე, მაგრამ მე ქართველი არ ვარ და ამას ვერ ვიტყვი. ამიტომ, ზოგადად, გირჩევთ ცოტა დაფიქრდეთ და ცივი გონებით და არა ემოციით, შეაფასოთ ყველა პლუსი და მინუსი, თუ რა შედეგი შეიძლება მოგიტანოთ ოლიმპიადაზე წასვლამ ან წაუსვლელობამ.
პოლიტოლოგის აზრით, თუკი საკითხს ემოციური მხრიდან შევხედავთ, წაუსვლელობა მართლაც მოსაწონი გამოვა, მაგრამ საკითხავია, ემოციის გარდა, ეს რაიმე შედეგს მოგვცემს კი თუნდაც იმავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დასავლეთთან ურთიერთობაში, სადაც ვაპირებთ შესვლას და დამკვიდრებას?! ამდენად, აქ მარტო რუსეთზე არ არის საუბარი.
ამასთან, ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ თავის დროზე ამერიკისა და ევროპის ცალკეულ სახელმწიფოთა მხრიდან მოსკოვის ოლიმპიადისთვის გამოხატულმა პროტესტმა, აჟიტირების გარდა, არაფერი მოიტანა. მაშინაც პოლიტიკის საგნად იქცა ოლიმპიადა, თანაც, იმ დროს იყო ცხელი ვითარება - რუსები ავღანეთში სულ ახალი შესულნი იყნენ.
„ოლიმპიადის ბოიკოტის სხვა შემთხვევები არ მახსენდება. ამიტომ შეიძლება, მართლაც დავსვათ კითხვის ნიშანი, უნდა წავიდეს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ამ ოლიმპიადაზე?! პრეზიდენტის შემთხვევაში, ეს გასააზრებელია და მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით არ უნდა გადაწყდეს პრობლემა. უშუალო კონტაქტები უცხოეთის საელჩოებთან არ მქონია და დაფიქრება სჭირდება, საერთაშორისო დონეზე რა პლუსები და მინუსები შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტის წასვლას ან წაუსვლელობას. სპორტსმენების შემთხვევაში კი, მონაწილეობის მიუღებლობა სიკეთეს არ მოგვიტანს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მოვიფხანთ გულს, კიდევ ერთხელ ვიყვირებთ და ეს ხმა დარჩება მარტო ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ამასთან, კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე ამახვილებს ყურადღებას. შესაძლოა, სოჭის ოლიმპიადაზე, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, იყვნენ სხვა ქვეყნის ლიდერებიც. ამდენად, სწორედ მათი გამოყენება შეიძლება იმ საკითხის მოსაგვარებლად, რისთვისაც ჩვენ ვაპირებთ, პროტესტი გამოვუცხადოთ სოჭის ოლიმპიადას.
„მინდა-არ მინდაზე პოლიტიკა არასდროს კეთდება. გასათვალისწინებელია, ჩამოვლენ თუ არა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, გაიმართება თუ არა ორმხრივი შეხვედრები, შესაძლებელია თუ არა, რაღაც ფორმით დავაფიქსიროთ პროტესტი. გუნდმა სწორედ ამაზე უნდა იმსჯელოს და არა იმაზე, ხმათა უმრავლესობით ან ემოციებით ვის სურს ოლიმპიადაზე წასვლა“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე სოჭის ოლიმპიადაზე გიორგი მარგველაშვილის დასწრებას დასაშვებად მიიჩნევს. მეტიც, იგი მომხრეა, ყველა საშუალება გამოვიყენოთ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღსადგენად.
მისი აზრით, ოლიმპიადა არ ხსნის პრობლემას, რომ ჩვენი ძირძველი ტერიტორიები რუსების მიერ არის ოკუპირებული. ამიტომ უნდა ვიქონიოთ კონტაქტი, გავცვალოთ ოფიციალური დელეგაციები და წავიდეთ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე. ამავე დროს, ჩვენ სულ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია თავად რუსეთის თავზე.
„არცერთ შემთხვევაში, საქართველოს შემადგენლობაში მყოფ სეპარატისტებს არანაირად არ აქვთ მეტი უფლება, მოითხოვონ გასვლა საქართველოს შემადგენლობიდან გენოციდის განხორციელების გზით, ვიდრე იმავე ჩეჩნებს, ინგუშებს, დაღესტნელებს, თათრებს - რუსეთის შემადგენლობიდან. მაშინ რუსეთი მიდის იქითკენ, რომ, ადრე თუ გვიან, რუსეთის შემადგენლობაში მყოფი მრავალი სხვა ავტონომია აღიარულ იქნება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. თუ რუსეთის მხრიდან არ იქნა შესაბამისი ურთიერთგაგება ამ საკითხში, ტერიტორიებდაკარგული საქართველო ამას პირველი გააკეთებს. არაერთი ქვეყანა მოგვბაძავს მსოფლიოში და დაიწყება რუსეთის დეზინტეგრაციის პროცესი, რასაც დღეს რუსეთი აკავებს თავისი მდიდარი ენერგომატარებლებით და წიაღისეული სიმდიდრეებით. ამიტომ, ქართულ დიპლომატიას და ქართველ საზოგადოებას მეტი შორსმჭვრეტელობა და ანალიზი მოეთხოვება, როცა ისეთ პროპაგანდისტულ საკითხზე ტეხენ აჟიოტაჟს, როგორიცაა, ჩავიდეთ თუ არა სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე. მიმაჩნია, რომ მარგველაშვილი სწორად იქვევა, როცა ჯერჯერობით მომხრეა, ქართველ სპოსტსმენთა მცირე ჯგუფი გაემგზავროს სოჭში და არც თავად გამორიცხოს იქ ჩასვლა“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
მისი აზრით, ბოიკოტირების რეჟიმში მსოფლიოს წამყვანი სააგენტოების ველში ეს ინფორმაცია რამდენჯერმე ჩაივლის და ჩვენ ამით ვერაფერს მოვიგებთ. უფრო მეტიც, როცა ოკუპანტთან მესამე პირის მეშვეობით საუბრობ, ეს არ არის მომგებიანი, რადგან მაშინ დღის წესრიგის შექმნაში უშუალოდ არ მონაწილეობ.
პარლამენტის უმრავლესობის წევრი, სპორტის დამსახურებული ოსტატი შოთა ხაბარელი ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს, რატომ არ უნდა წავიდეს ჩვენი პრეზიდენტი სოჭში.
„თუკი ეს ოლიმპიური თამაშები პოლიტიკურად დატვირთული და ანგაჟირებული არ იქნება, ჩემი აზრით, უნდა წავიდეს. 1980 წელს ოლიმპიური თამაშების ბოიკოტმა შედეგი ვერ გამოიღო და მსოფლიოს ყველა პოლიტიკოსმა ეს ფაქტი უარყოფითად შეაფასა“, - აღნიშნა შოთა ხაბარელმა და განმარტა, რომ, გარკვეულწილად, სპორტი უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკისგან.
მისივე თქმით, ეს არ არის რუსეთის ოლიმპიური თამაშები, არამედ ეს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ღონისძიება. ამიტომ, ამით ჩვენ რუსეთს კი არ ვუცხადებთ ბოიკოტს, არამედ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.