კომისია ანგარიშის პირველ ეტაპს თავდაცვის უწყებაში წარადგენს

კომისია ანგარიშის პირველ ეტაპს თავდაცვის უწყებაში წარადგენს

საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებულ საომარ მოქმედებებს, საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია წმინდა სამხედრო თვალსაზრისით შეისწავლის. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში შექმნილი საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია სრულიად აპოლიტიკურია და იგი საკმაოდ სწრაფი ტემპით მუშაობს.

კომისიის წევრები საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები არიან.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში შექმნილი კომისია საკმაოდ დიდი ტემპით მუშაობს. დაახლოებით 600-ზე მეტი ინტერვიუ და გამოკითხვაა ჩატარებული, მაგრამ არანაირად არ შედის ამ კომისიის გეგმებში, რომ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამომჟღავნდეს, ვინაიდან ამას უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის არა პოლიტიკური შეფასება, არამედ ეს არის სამხედრო, ტაქტიკური და ოპერატიული შეფასება, რომელიც მხოლოდ ჩვენი ჯარის სამომავლო სტრატეგიის გაუმჯობესებას ემსახურება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, კომისიას მუშაობისთვის კიდევ რამდენიმე თვე ესაჭიროება. როგორც მინისტრი აღნიშნავს, კომისია სწავლობს არა მარტო 2008 წლის ომის მოვლენებს, არამედ 90-იან წლებში განხორციელებულ საომარ მოქმედებებსაც. მისი თქმით, კომისია ანგარიშის პირველ ეტაპს წარადგენს თავდაცვის უწყებაში. რაღაც ნაწილი (არასაიდუმლო ნაწილი) საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, რათა ექსპერტებს ჰქონდეთ სწორი ანალიზის გაკეთების საშუალება. ამასთან, მინისტრმა უარყო ინფორმაცია, თითქოს, აღნიშნული კომისია ასევე სწავლობს მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჰაიდი ტალიავინს არასაწორი ინფორმაცია მიაწოდა.

თავდაცვის სამინისტრო პარალელურად, საქართველოს ტერიტორიაზე სამომარი მოქმედების დაწყების საკითხს, გენერალური პროკურატურაც სწავლობს. გენერალურ პროკურატურაში აგვისტოს ომთან დაკავშირებით შექმნილია სპეციალური კომისია და გამოძიება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან ერთად მიმდინარეობს. იკითხებიან მოწმეები, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე პროკურატურა საქმის მსვლელობის დეტალებზე არ საუბრობს.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ დავითაიას კომისიისგან განსხავავებით, რომელმაც მაშინ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, აქ პოლიტიკური დაკვეთა არ არსებობს.

„რეალურად იქნება შესწავლილი საომარი მოქმედების მიზეზები. რამდენად ოპერატიულად იქნა დაგეგმილი და როგორ შესრულდა, მათ შორის, როგორ იქნა პოლიტიკური ნაწილი შესრულებული. კონფლიქტი არაა მხოლოდ სამხედრო ოპერაცია, კონფლიქტი სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, საერთოდ, ეს ყველაფერი პოლიტიკური ბერკეტებით რეგულიდება და საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ბერკეტებით უნდა დამთავრდეს.

აქიდან გამომდინარე, რთული პროცესია. როგორც არქეოლოგები სათითაოდ ეძებენ ფაქტებს, აი, ზუსტად ისე მოუწევს თავდაცვის სამინისტროს სიმართლის დადგენა. საკმაოდ რთული სამუშაოა და აქიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს პროცესი გაიწელება. ბოლო-ბოლო საქართველოს უახლესი ისტორიის 20 წლიანი პერიოდი უნდა შევისწავლოთ. ამ კომისიის ფუნქცია არაა, რომ ვიღაცის ბრალეულობის საკითხი შეისწვალოს, ამ კომისიამ მოვლენის შეფასება უნდა მოახდინოს და თუ კი, ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა, იქ უკვე კომპეტენტური ორგანოები ჩაერევიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას აკია ბარბაქაძე.

მისი თქმით, კომისია შეისწავლის სამხედრო მოქმედებებში რა შეცდომა და რა მოცულობით იყო დაშვებული, რამხელა ზარალი მიაყენა ამან ქვეყანას. იმ შემთხვევაში, თუ ძიების პროცესში მიხეილ სააკაშვილის და სხვების ბრალეულობის საკითხი გამოიკვეთა, პროცესში უკვე კომპეტენტური ორგანოები ჩაერთვებიან. მისი თქმით, პეროსონალიების ბრალეულობის საკითხს პროკურატურა გამოკვეთს.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში არსებული კომისიის მიერ შესწვალილ ამ საქმეს, სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. მისი თქმით, საკამოდ შრომატევადი გამოძიების წარმოება მოუწევს საგამოძიებო ორგანოებს და არა იმ კომისიას, რომელიც თავდაცვის სამინისტროშია.

„შესაძლებელია, ამ ორ პარალელურ პროცესებს შორის იყოს ურთიერთგადაკვეთებები, შესაძლებელია ეს იყოს პროფესიულ-ტექნიკური საკითხი, რომლითაც დაეხმარება სამხედრო კომისიის მიერ შესწავლილი დეტალები გამოძიებას, მაგარამ არავითარ შეთხვევაში, სამართლებლივი გადაკვეთა ვერ იქნება, ეს შეუძლებელია. როგორი იქნება გამოძიების შედეგები და ვისთან დაისმება კითხვები, ვფიქრობ, რომ ეს გამოძიების ინტენსიობაზე იქნება დამოკიდებული.

გამოცხადებული იყო საომარო მდგომარეობა, საომარ მდგომარეობას კი აქვს განსაკუთრებული სტატუსი იმის გათავლისწინებით, რომ სახელმწიფოს მართვა საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო რეჟიმში გადადის და ყველა ბერკეტი ავტომატურად გადადის პრეზიდენტის ხელში, როგორც სამხედრო მთავარსარდალზე. აქიდან გამომდინარე, საკამოდ შრომატევადი გამოძიების წარმოება მოუწევთ საგამოძიებო ორგანოებს და არა იმ კომისიას, რომელიც თავდაცვის სამინისტროშია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.