გოჩა ბახია, როლანდ კაკულია, კახა შამათავა, გიგა უგულავა, რამაზ არონია, ქეთვან ჯობავა, სვეტა გოლანდია და მზია ყოლბაია, მეორე დღეა ვახტან ყოლბაიას გადადგომისა და ა-რ საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნით, შიმშილობენ. მოშიმშილეები იმ მუხლზე უარის თქმას ითხოვენ, რომლის თანახმად, პრეზიდენტს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელის წარდგენის უფლება ერთმევა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებამდე დევნილები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.
დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრის, გოჩა ბახიას განცხადებით მოშიმშილეებთან „ტყის ძმების“ ყოფილი მეთაური დავით შენგელია და კონსტანტინე მეტსახელად „გუთუ“ ჯღამაია მივიდნენ და მოსთხოვეს შიმშილობის შეწყვეტა, რა დროსაც ჯღამაიამ მას სცემა. როგორც გოჩა ბახიამ for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მასზე განხორციელებული ძალდობა ტელეფონით გადაიღო და შსს-ს განცხადებასთან ერთად მტკიცებულების სახით წარუდგენს.
გოჩა ბახია: მოვითხოვთ შეხვედრას საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ გადაწყდეს ერთხელ და სამუდამოდ დევნილთა პრობლემები. უმაღლესი საბჭო ცდილობს ისეთი საკონსტიტუციო ცვლილების გატარებას, რომელითაც პირდაპირ გამოდიან საკონსტიტუციო სივრციდან. ეს გააკეთა არძინბამ და ახალა ესენი აკეთებენ. ჩამოყალიბებულია მაფიოზური კლანი დეპუტატების და მთავრობის ზოგიერთი წევრის სახით, რომლებმაც საკუთარ კეთილდღეობა მოიწყვეს ქართველი გადამხდელების ხარჯზე. ნახეთ როგორი სახლები აქვთ ამ ბატონებს, მაგათ სხვა ბიზნესები არ აქვთ, მათი ბიზნესია ის სავარძელი, რომელზეც სხედან და რომლიდანაც ადგომა არ უნდათ.
როგორც ვიცი თქვენზე, ანუ მოშიმშილეებზე თავდასხმა მოხდა. ვინ იყვნენ ეს პირები?
- ეს იყო კრიმინალი, მრავალჯერ ნასამართლევი დათო შენგელია, რომელიც ყველა მთავრობასთან იყო შეკრული, რომელსაც 27 წელი აპატია მიხეილ სააკაშვილმა და შეიწყალა. მოვიდა ვინმე კონსტანტინე „გუთუ“ ჯღამაიასთან ერთად, დანებით მოვარდნენ და შეეცადნენ ჩემს დაშინებას. ამისთანა ლაწირაკების ნამდვილად არ მეშინია.
რა გითხრათ დათო შენგელიამ, რა მიზნით მოვიდა?
- ვახტანგ ყოლბაიამ და რუდიკ ცატავამ გამოაგზაცნა ესენი. რატომ ებრძივით ვახტანგ ყოლბაიას და რატომ გამოაქვეყნე სოციალური ქსელით აფხაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის რუდიუკ ცატავას სახლიო. ეს ადამიანი მე ვამხილე. ამიტომ, მოვარდნენ დანებით და ეგონათ, რომ შემაშინებდნენ და შევწყვეტდი შიმშილობას. უკან არ დავიხევთ, არ მეშინია არც მათი და არც მათი „ტყის ძმების“. ეს იყო სპეცამსახურების დაჯგუფება და არანაირი საერთო მას პარტიზანულ მოძრაობასთან არ ჰქონდათ.
რა მტკიცებულება გაქვთ იმისა, რომ შენგელია და ჯღამაია აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელმა და რუდიკ ცატავამ გამოაგზავნა?
- ესენი ცნობილები არიან როგორც „გალელების კლანი“. ერთმანეთის ნათესავები არიან, ერთად ჰქონდათ ბიზნესი წლების განვალობაში. დაინტერესდით საკდრო პოლიტიკით, ყველა ყოლბაიას და ცატავას ნათესავია. მამა-შვილები და სიძეებით დააკომპლექტეს მთავრობა. ყველა გალელმა იცის, რომ ეს არის ერთი დაჯგუფება. ყოლბაიას და ცატავას ინტერესების დასაცავად მოვიდნენ ეს „ბატონები“, თორემ ჩემთან პიროვნულად არავითარი საქმე არ ჰქონდათ.
ვიმეორებ, რომ ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. იცით, რომ ზუგდიდში 4 დევნილი შიმშილობს და სოლიდარობის ნიშად, იწყებენ ფეხით მსვლელობას თბილისიკენ. აქ წყდება დღეს აფხაზეთის საკითხი, ეს არაა მარტო დევნილების პრობლემა, მთლიანად საქართველოს პრობლემაა. მეტსაც გეტყვით, რომ დევნილების მესამე ნაწილი შიმშილობას უკვე აფხაზეთის მთავრობის შენობის წინ იწყებს. ერთი წუთით უკან დახევას არ ვაპირებთ. დათო შენგელიამ თქვა, რომ ის არის რუდიკ ცატავას და ვახტანგ ყოლბაიას დამცველი და სხვას არც ერთს არ შეადგევინებს მთავრობაში ფეხს. დიახ, ეს მისი სიტყვებია, რომ ფეხს არავის არ შეადგმევინებს.
როგორ წარმოგიდგინათ თავი შენგელიამ?
- მოვიდა და მითხრა, რომ დალაპარაკება მინდა შენთანო და გამიყვანა გვერდზე, დამიწყო საქმის გარჩევა, რომ რუდიკ ცატავას სახლი რატომ გამოაქვეყნე სოციალურ ქსელში და რატომ შიმშილობთ აქო? ამ დროს, ვინმე, გუთუ ჯღამაიაც მოვიდა და ხელი გამარტყა, მეც დავუბრუნე ხელი. უპასუხოდ არ დამიტოვებია. მერე ორივე გაიქცნენ და ეს ყველაფერი გადაღებული მაქვს ტელეფონით, როგორ გარბიან.
რატომ არ მიმართეთ პოლიციას?
- მოულოდნელად დამესხნენ თავს, მაგრამ განცხადებას შევიტან პოლიციაში, წარვუდგენ მტკიცებულებას, რომელიც გადაღებული მაქვს. იმიტომ, რომ ესენი არიან მაფიოზები და ყველაფერზე წამსვლელი ხალხი. მოვითხოვ, რომ დაიწყოს მათ წინააღმდეგ გამოძიება. რა უფლებით მოდიან, ვინაა ეს ხალხი საერთოდ, გამაგებინეთ რამელი წლები დაბრუნდა, რომ ეს კრიმინალები დანებით დარბიან ისევ ქუჩაში?! კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არც ერთი წუთით უკან არ დავიხევთ. წავიდნენ და აკეთონ თავიანთი თხილის ბიზნესი, რითაც წლების განმავლობაში იყვნენ დაკავებულები.