მომავალ წელს არალეგალი ქართველების მასობრივი დაბრუნებაა მოსალოდნელი

მომავალ წელს არალეგალი ქართველების მასობრივი დაბრუნებაა მოსალოდნელი

მომავალ წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან არალეგალი ქართველების მასობრივი დაბრუნებაა მოსალოდნელი. ექსპერტები უკვე აცხადებენ, რომ სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ამ ეტაპზე, მათ მისაღებად მზად არ არის. ამდენად, 2014 წლის სექტემბრამდე ათასობით არალეგალი ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნებამ შესაძლოა, ეკონომიკური ფონი უფრო დაამძიმოს და კრიმინოგენური შემთხვევებიც გაზარდოს.

არალეგალი ქართველების მასობრივ დაბრუნებას რეადმისიის შეთანხმება ითვალისწინებს, რომელიც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

რეადმისიის შეთანხმება უკვე ორი წელია მოქმედებს. შესაბამისად, ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე ევროკავშირიდან არალეგალები პერიოდულად სამშობლოში იგზავნებიან, რაც არალეგალურად წასულ ჩვენს მოქალაქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რადგან ისინი უცხოეთში კარგი ცხოვრების გამო არ წასულან.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ ხელშეკრულებას უნდა გადახედოს, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია და საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არავინ დაობს, ქართველები უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ, თუ ქვეყანა ცოტა არ მოღონიერდა, ეკონომიკურად წელში არ გაიმართა, ერთბაშად მათი დაბრუნება ძალიან ძნელია. ამიტომ ჯერ უნდა შესრულდეს „ქართული ოცნების“ პირველ ოთხ წელიწადზე გაწერილი სამოქმედო გეგმა.

ამასთან, ექსპერტი აცხადებს, რომ ბევრ მიგრანტს საქართველოში დაბრუნების სურვილიც არც აქვს. უნდა შევეგუოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სამუდამოდ გადავიდა საზღვარგარეთ საცხოვრებლად. ისეთებიც არიან, რომლებიც თავიანთ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ. თუნდაც 300 ათასზე მეტი რუსი, რომელიც წავიდა ისტორიულ სამშობლოში და აქ ჩამომსვლელი არ არის. მხოლოდ ძალიან მცირე მათგანი დაბრუნდა, რადგან თავიანთი ცხოვრების წესით ისე იყვნენ ქართველებთან შერწყმულნი, რომ რუსეთში ვეღარ გაძლეს. იგივე ითქმის უკრაინელებზეც, 50 ათასი უკრაინელიდან საქართველოში სულ რაღაც 3-4 ათასი თუ დარჩა, დანარჩენებმა თავიანთი ისტორიული სამშობლო არჩიეს. ექსპერტი ამას ეროვნული გრძნობის მოზღვავებას უკავშირებს, რაც ბოლო წლების თანმდევი მოვლენა იყო, თუმცა არც მძიმე ეკონომიკურ პირობებსა და კონფლიქტებს გამორიცხავს.

„მეც შევესწარი ასეთ ფაქტს, ლტოლვილი ქალბატონი სოჭში ცხოვრობდა და საქართველოში დაბრუნდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოგვიწოდა, ჩამოდით, ყველაფერში ხელს შეგიწყობთო. თუმცა მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. უბრალოდ, სიტყვის მასალისთვის, თავის გამოსაჩენად წამოროშა სააკაშვილმა რაღაც და ისინიც მის ნათქვამს წამოეგნენ“, - აცხადებს ანზორ თოთაძე და არ გამორიცხავს, ალბათ, ოთხ წელიწადში შეიქმნება იმის წინაპირობა, რომ ჩვენს ქვეყანაში დიდი რაოდენობით მიგრანტები დაბრუნდნენ.

მისივე თქმით, არავინ იცის, რამდენი არალეგალია საქართველოდან წასული. თუმცა ბევრი რომ წავიდა, ეს ჩანს მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი ფულით, რომლითაც მათი ოჯახის წევრები თავს ირჩენენ. ბოლო დროს რუსეთში ჩატარებული აღწერის მიხედვით, ირკვევა, თითქოს, რუსეთში სულ რაღაც 157 ათასი ქართველი ცხოვრობს. სინამდვილეში, არალეგალურად გაცილებით ბევრია წასული და ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთში გვყავს, ასევე, - თურქეთში, საბერძნეთში, აშშ-ში და სხვა.

„თუ ისინი ერთდროულად მოაწყდებიან თავიანთ სამშობლოს, ეს ძალზე მძიმე შედეგებს გამოიწვევს. მოგეხსენებათ, ჩვენთან უმუშევრობის მაღალი დონეა. სხვათა შორის, წინა წლებშიც პოსტსაბჭოთა სივრცეში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე საქართველოში ფიქსირდებოდა. ჩვენი ქვეყანა ჯერაც ვერ გამოვიდა იმ შოკიდან, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაყენა ჩვენს ხალხს. ისინი ბევრ ზიანს კიდევ მიაყენებენ საქართველოს. ამიტომ უცხოეთში მყოფი ჩვენი არალეგალები როცა დაბრუნდებიან, ჩვენს ქვეყანას გაუჭირდება, გაიზრდება ფასები, უმუშევრობის დონე და ეს არა მარტო ეკონომიკას დაეტყობა, არამედ - სამართალდარღვევის ფაქტების მატებასაც“, - აღნიშნა დემოგრაფმა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ადასტურებს, რომ საკუთარი მოქალაქეების უკან დაბრუნების პრობლემა აშკარად დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. მართლია, არსებობს ძალიან კარგად გათვლილი კონცეფცია ემიგრანტების დაბრუნების თაობაზე, რომელიც ეკონომიკაში მათ ჩართულობაზეა მიბმული, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა ჯერ ამ მიმართულებით არ დგამს ნაბიჯებს და ეს კონცეფცია სამოქმედოდ არ მიუღია. ამის გამო კი, შესაძლოა, ჩვენი მთავრობა სერიოზული ფაქტის წინაშე დადგეს, როცა ათი ათასობით ადამიანი დაბრუნდება და სოციალური ფონი დამძიმდება.

უფრო კონკრეტულად, დემურ გიორხელიძე განმარტავს, რომ გეგმა გულისხმობს არა მარტო ემიგრანტების დაბრუნებას, არამედ ეკონომიკაში მათი თანხების ჩადების შემთხვევაში, გარკვეული საშეღავათო პირობების მინიჭებას, მათი ინვესტიციების დაცულობას. საუბარია არა სასათბურე პირობების შექმნაზე, არამედ გარანტიებზე, როდესაც ადამიანებს საკუთარი ნაშრომი არ დაეკარგებათ და დანაზოგებს მოახმარენ არა მარტო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, არამედ- საკუთარ კეთილდღეობას.

„ჯერჯერობით ასეთი პირობები არ შექმნილა. ამიტომ ემიგრანტები არ ჩქარობენ თავიანთი ბიზნესის საქართველოში გავრცელებას და საკუთარი დანაზოგის ქართულ ეკონომიკაში ჩადებას. ბუნებრივია, საერთო გართულების ფონზე, ევროპაში დასაქმებასთან არსებული პრობლემების გამო არალეგალებს ურჩევნიათ, უცხოეთში გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნას საკუთარ სახლში მაინც იყვნენ. თუმცა ასი ათასობით ადამიანის უკან დაბრუნება ნიშნავს, რომ დღევანდელი ტოტალური უმუშევრობის პირობებში, სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება. თუ საგადასახადო ცვლილებები არ იქნა მიღებული, თუ ემიგრანტების ბიზნესში მონაწილეობის დროს მათი კაპიტალის უკან მობრუნების სტიმული არ იქნება, ადამიანები ამჯობინებენ, კვლავ გარეთ ჰქონდეთ თავიანთი დანაზოგი და ბიზნესი არ შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. ვისაც არ აქვს საკუთარი ბიზნესი, ცხადია, ის მოაწყდება თავის ქვეყანას და ბევრად უფრო გართულებულ მდგომარებას მივიღებთ“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ For.ge-სთან საუბარში.

მისთვის გაუგებარია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან რა შუაშია ჩვენი ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ხალხის დაბრუნება?! ამიტომ იგი ვერ ხედავს კავშირს ემიგრანტების დაბრუნებასა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას შორის.