გარევაჭრობის პრობლემის გადაჭრა აღარავის ევალება

გარევაჭრობის პრობლემის გადაჭრა აღარავის ევალება

გარევაჭრობა მთელი ქვეყნის თავსატეხია. პრობლემაა მისი დაშვება, პრობლემაა მისი აკრძალვაც. მის გამო დედაქალაქსა თუ რეგიონებში მუდმივად იმართება საპროტესტო აქციები. პერიოდულად პროტესტს გამოთქვამენ როგორც გარევაჭრობის მომხრეები, ისე მისი მოწინააღმდეგეები. მიუხედავად ამისა, საკითხი საბოლოოდ ჯერ არსად მოგვარებულა.

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ვაგზლის მოედანზე მოვაჭრეებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია კვლავ გამართეს. მოვაჭრეები დილიდან სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და გზის გადაკეტვა სცადეს. მათ რამდენიმე წუთით ავტომანქანების მოძრაობა შეაფერხეს.

მოვაჭრეთა თქმით, მათთან კლიენტი აღარ მიდის და დახლის ფულს ტყუილად იხდიან. გარემოვაჭრეები მხოლოდ წონაზე მუშაობენ. ისინი ითხოვენ, რომ აიკრძალოს გარევაჭრობა და ყველამ ერთად „ბორჯომი-ვაგზლის ბაზარში“ ივაჭრონ.

სამართალდამცავთა თქმით, მათ გარემოვაჭრეები არაერთხელ დააჯარიმეს, პროდუქტიც ჩამოართვეს, თუმცა გარევაჭრობას მაინც აგრძელებენ.

ასეთ მომენტში თბილისის მერია დედაქალაქში გარევაჭრობის პრობლემის გადაჭრაზე პასუხისმგებლობას იხსნის. არადა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც უგულავა მკაცრი და დისციპლინირებული მერის იმიჯის მორგებას ცდილობდა, გარემოვაჭრეებს ყველა უბანში დილიდან საღამომდე დასდევდნენ. ახლა კი ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. პრობლემა მწვავეა ცენტრალურ უბნებშიც კი, მაგალითად, ბუდაპეშტისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე. მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე, გარეუბნებზე და წერეთლის გამზირზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

თბილისის უმსხვილეს აგრარულ ბაზრობებშიც აცხადებენ, რომ გარევაჭრობა სერიოზულ პრობლემებს უქმნით. მერიაში კი განმარტავენ, რომ გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება მათი მოვალეობა არ არის და მათი ფუნქცია მხოლოდ საპატრულო სამსახურის ზედამხედველობაში დახმარებით შემოიფარგლებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ გარევაჭრობის კუთხით დედაქალაქში სურათი არ გაუარესებულა. ძალოვანი უწყების განცხადებით, პატრული კანონის ფარგლებში მოქმედებს და თუ მოვაჭრე არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, კანონით მინიჭებულ უფლებებს იყენებს.

დიდი პრობლემებია რეგიონებშიც, განსაკუთრებით, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში. იქ გარემოვაჭრეები და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს დრო და დრო უპირისპირდებიან. იმერთის მთავარ ქალაქში აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ადამიანები ადგილობრივ ხელისუფლებას გარევაჭრობის აკრძალვას სთხოვენ. როგორც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულნი აცხადებენ, წლებია გარევაჭრობა ქუთაისისთვის მოუგვარებელ პრობლემად რჩება და საფრთხე ექმნება ქალაქში ლეგალური ბიზნესის წარმოებას.

მაგალითად, ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ობიექტების ნორმალურ მუშაობას ხელს უშლის გარემოვაჭრეთა სახელდახელოდ მოწყობილი დახლები და პირდაპირ ქუჩაში გამოფენილი პროდუქტი თუ ტანსაცმელი.

ამ საკითხის მოსაგვარებლად მერიას მცირე ბიზნესის რამდენიმე ასეულმა წარმომაგენელმა მიმართა, გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ აგრარულ ბაზარსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ადამიანებიც.

თავის მხრივ, გარემოვაჭრეები მძიმე სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დახლებზე მაღალი გადასახადის გამო, ქუჩებში ვაჭრობას ამჯობინებენ. რასაკვირველია გარევაჭრობის პრობლემა ყველგან მოუგვარებელია და როგორც ჩანს, საქართველოს დიდი ქალაქების ტრადიციულ ნიშან-თვისებადაც იქცა.