მიხელ სააკაშვილი რომელიც 5 დღეში ქვეყნის პრეზიდენტი აღარ იქნება, დაჩქარებული წესით იწყალება პატიმრებს, მაგრამ სააკაშვილის შეწყალება არ შეხებიათ არასრულწლოვნებს, მანდილოსნებს, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ და მძიმე სენით დაავადებულ პატიმრებს. პირველი პირი მხოლოდ უმძიმესი დანაშაულისთვის ბრალდებულ პირებს იწყალებს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით 11 ნოემბერს კომისიის გვერდის ავლით, პრეზიდენტმა კიდევ 18 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არიან მკვლელობისთვის ბრალდებულები, ნარკორეალიზატორები და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი პირები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ კითხვაზე, რატომ იწყალებს სააკაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრო ბარნოვი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მეტიც, ამ თემაზე არც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საუბრობენ.
მიხეილ სააკაშვილის მიერ პატიმრების შეწყალება, სურპრიზი აღმოჩნდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძისთვის.
„თქვენგან გავიგე ახლა ეს ინფორმაცია, არც კი ვიცოდი. კომისია ჩემი თავმჯდომარეობით ყოველთვის იყო ძალიან სერიოზულ ჩარჩოებში და ჩვენ არასდროს ასეთი დანაშაულისთვის ბრალდებულ პირებზე პრეზიდენტს რეკომენდაციას არ ვაძლევდით“, - აცხადებს თევდორაძე.
კითხვაზე რა მიზანს ემსახურება სააკაშვილის მიერ მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული პირების და მათ შორის ნარკორეალიზატორების შეწყალება, ელენე თევდორაძე ასე პასუხობს:
„მე თუ მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი და მინდა, რომ მათ შიშის გარეშე იცხოვრონ, მე ასეთ რამეს არ გავაკეთებ. დანარჩენი, დასკვნა მკითხველმა გააკეთოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ელენე თევდორაძემ.
იურისტი კახი კახიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი ცდილობს მის ხელთ არსებული ყველა მეთოდი გამოიყენოს იმისათვის, რომ შეასუსტოს ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები. სწორედ ამიტომაც, ერთი მხრივ შეწყალების კომისიის გვერდის ავლით ისე, რომ საქმეებიც კი არაა შესწავლილი, ნაცნობ-მეგობრების თხოვნით იწყალებს უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ პირებს და მეორე მხირვ კი, საქართველოს მოქალაქეობას არიგებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
„კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება. პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალება. აქიდან გამომდინარე ფორმალურად აქვს ამის უფლება, მაგრამ მეორეა, პრეზიდენტი არის ავტორი იმ სიტყვების როგორიცაა „ნულოვანი ტოლერანტობა“, „ყველა ციხეში“ მათ შორის - ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბარლდებულები, „არ აგიკანკალდეთ ხელი, ესროლეთ, მოკალით ადგილზე“. სააკაშვილი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის მმართველობის პერიოდში საქართველო პირველ ადგილზე გავიდა ევროპაში პატიმრების რაოდენობით.
პრეზიდენტი და მისი გუნდი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა ძალიან გაუარესებულია, რომ პრობლემებია ქვეყანაში. ამ ყველაფრის ფონზე პრეზიდენტი იწყალებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს, მათ შორის - მკვლელობაში, ნარკორეალიზაციისთვის და მათ შორის - პედოფილიისთვის გასამართლებულ პირებს.
ჩემი აზრით, ის არასახელმწიფოებრივად აზროვნებს, მას არ აინტერესებს რა პრობლემები შეიძლება შეექმნას თვითონ ქვეყანას, თუნდაც იმ მოქალაქეებს, რომლის პრეზიდენტი ერქვა 9 წელი, უბრალოდ, მიზი მიზანია - რაც შეიძლება მეტად დაუმძიმოს ახალ ხელისუფლებას მდგომარეობა და დაუტოვოს ასეთი ქვეყანა. ცდილობს, რომ მის ხელთ არსებული ყველა მეთოდი გამოიყენოს იმისათვის, რომ შეასუსტოს ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტეტბი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილი.